Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება


სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ადმინისტრაციული ჯარიმები გაიზარდა. ღვედის გამოუყენებლობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა გაორმაგდა. გარდა ამისა, გაიზრდება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების საჯარიმო თანხაც.

კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა სიმთვრალეში 150-ის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდება, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალი პირისათვის 170 ლარის ნაცვლად - 250 ლარით.

არადა, ხელისუფლებამ სოციალური ფონის შემსუბუქების მიზნით, სულ ცოტა ხნის წინათ 2009 წლის 15 ივნისამდე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისთვის დაკისრებულ გადაუხდელ ჯარიმებსა და მასზე დარიცხულ საურავებზე ამნისტია გამოაცხადა.

პარლამენტში აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება, დაახლოებით, 30 ათასამდე საქმეს შეეხება. ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაახლოებით 12 მილიონზე ამბობს უარს. სამაგიეროდ, ახალი საჯარიმო სისტემით ბიუჯეტი მოკლე ხანში უფრო მეტ თანხას მიიღებს.

ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდის შემდეგ მეწარმეებში დაიწყო პანიკა, რომ ჯარიმების გამკაცრება მათაც შეეხებათ. საგადასახადო კოდექსით დაწესებული საჯარიმო განაკვეთები ისედაც მაღალია, თანაც მეწარმეებს ამ ჯარიმების გასაჩივრების საშუალებაც კი არ აქვთ. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ თუ საჯარიმო განაკვეთები კიდევ უფრო გაიზარდა, საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ.

საქმიანობის გაგრძელება მეწარმეებს ისედაც რომ უჭირთ, აშკარა ფაქტია.

შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შეთანხმება წლის დასაწყისიდან უკვე 50-ზე მეტ კომპანიასთან გააფორმა, შეთანხმების თანხა კი 10 მილიონ ლარს აჭარბებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კომპანიების მხრიდან განაცხადების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. დავალიანების აღიარების მზადყოფნას ამ დროისთვის 500-მდე კომპანია გამოთქვამს, თუმცა ვისთან გაფორმდება შეთანხმება, ამას მთავრობა გადაწყვეტს.

2009 წლის 21 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, 10 ათას ლარს ზემოთ დავალიანების მქონე მეწარმეებს გადასახადის აღიარების სანაცვლოდ ფინანსთა სამინისტრო დავალიანების რესტრუქტურიზაციას დაჰპირდა. ამ სქემით სარგებლობის თხოვნით ფინანსთა სამინისტროს დღეში რამდენიმე კომპანია მიმართავს.
XS
SM
MD
LG