Accessibility links

ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციას ითხოვენ


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. ასოციაციასთან არსებული ჟურნალისტთა საკონსულტაციო ცენტრი მედიის წარმომადგენლებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომლებსაც ჟურნალისტები ინფორმაციის მოპოვებისას აწყდებიან. დასახელდა ის სამსახურები, საიდანაც საჯარო ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია.

ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, დევნილთა და განსახლების სამინისტროებიდან, პროკურატურიდან და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინფორმაციის გაცემა ან საერთოდ არ ხდება, ან ვადები ირღვევა.

გაზეთ ”ქართლის ხმის” ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი გორის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას თებერვლის შემდეგ უშედეგოდ ცდილობს. ინფორმაციის მისაღებად მას რამდენიმე პროცედურის გავლა კიდევ მოუწევს და ბოლოს სასამართლოს მიმართავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საჯარო დაწესებულებებიდან ჟურნალისტებს სულ უფრო მეტად უჭირთ საჯარო ინფორმაციის გამოტანა, რაც გარკვეულწილად, საკანონმდებლო ხარვეზებთანაც არის დაკავშირებული.

გორის გამგეობის აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან სათანამშრომლოდ მზად არის და კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიღება სირთულეს არავისთვის წარმოადგენს.

ახალგაზრდა იურისტები ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას ჰპირდებიან. გარდა ამისა, ორგანიზაცია პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლასაც გეგმავს სასამართლო ბაჟთან და ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემასთან დაკავშირებით.

ამჟამად სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის გადასახადი 100 ლარია. ამის გამო ბევრი ჟურნალისტი ამ გზას უკვე აღარ მიმართავს. ჯერ ერთი, ჟურნალისტთა ხელფასი დაბალია და მეორე, გამოთხოვილმა ინფორმაციამ შესაძლოა დროთა განმავლობაში მნიშვნელობა დაკარგოს. არადა, გორში არსებობს პრეცედენტი, როცა რამდენიმე ჟურნალისტმა და თავად ასოციაციამ საჯარო ინფორმაციის მიუღებლობის გამო სასამართლოში გადატანილი დავა მოიგო.
XS
SM
MD
LG