Accessibility links

logo-print
ამ კვირაში თბილისის ისტორიის მუზეუმში დაიხურება ახლა უკვე 60 წლის ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის, საიუბილეო გამოფენა, სახელწოდებით ”წამებად ქცეული წლები”, რომელიც ”ქარვასლაში” ერთი თვის წინ გაიხსნა.

საქართველოს უახლესი ისტორიის ხილვა თუ გნებავთ სურათებში, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ გამოფენას. თუმცა წინასწარ გაფრთხილებთ - იური მეჩითოვისთვის ისტორია არ არსებობს მხოლოდ ფაქტების ერთობლიობის სახით, ანუ, ზოგიერთი სხვა ფოტოდოკუმენტალისტისგან განსხვავებით, მას არა აქვს იმის ილუზია, რომ რეალობას ”ობიექტურად” აღბეჭდავს... საერთოდ, უაღრესად სუბიექტური კაცია... ანუ - უაღრესად ცოცხალი... და სურათებში აღბეჭდილი საქართველოს ისტორიაც ასეთია - უაღრესად ცოცხალი... ისეთი ცოცხალი, რომ ეს შავ-თეთრი ფოტოები ხანდახან კინოკადრებს ემსგავსება - ცოტაც და გაიხსნება სივრცე და ჩვენი სივრცე, მაყურებლის სივრცე, იური მეჩითოვის სურათის სივრცეს შეუერთდება.

გადავხედეთ ამ სერიას, რომელიც წლების მიხედვითაა დალაგებული, 70-იანი წლების მიწურულიდან დღემდე, და ვკითხეთ - საით მიდის ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი - დოკუმენტალიზმისკენ თუ პირობითობისკენ? მოულოდნელი პასუხი გაგვცა:

”მე მივდივარ სიბერისკენ. ქვეყანა კი არ ბერდება. წლები მე მემატება. ჩვენ განსხვავებულ ”რეჟიმებში” ვარსებობთ - ქვეყანა და მე.”

ეს აცდენა - როგორც თავად ამბობს, ”რეჟიმების აცდენა” - აშკარად აწუხებს - ყოველ შემთხვევაში, სურათებით ჩანს, რომ საქართველოში ერთი და იგივე ადამიანები აქტიურობენ... ანდა, ადამიანები ზოგჯერ იცვლებიან, მაგრამ გამომეტყველება -მაინცდამაინც არა.. უფრო მეტიც, 80-იანი წლების დასაწყისში შესრულებულ სურათებში - ამ პორტრეტებში - მრავალფეროვნება უფრო მეტად იგრძნობოდა... ბოლოს რაღაც ერთნაირი და, ცოტა არ იყოს, უსახო გახდა ყველაფერი.

”მე მგონი, მე უფრო მემატება წლები იმდენად, რომ რაღაცას ვგებულობ და, სამწუხაროდ, მგონია, რომ ქვეყანას არაფერი ემატება...როგორც ჩანს, 20 წელი მაინც არაფერია...” - გვითხრა გულდაწყვეტილმა.

ჰო... კრიტიკულია. ამიტომაც ვამბობთ, რომ იური მეჩითოვის ფოტოები ძალიან სუბიექტურია. მაგრამ ეს არც პუბლიცისტიკაა. ბალანსი პირობითსა და დოკუმენტურს შორის ყველგან დაცულია... არაფერს არ მიუთითებს და, მით უმეტეს, არასდროს მიმართავს თვალშისაცემ სტილიზაციას.. გადასაღები ობიექტის მიმართ ეს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება უფრო აქტიურს ხდის მაყურებელს - ვათვალიერებთ ამ სახეებს და ვცდილობთ ჩავწვდეთ საიდუმლოს, რომელიც ყოველთვის არის მეჩითოვის ფოტოების კომპოზიციაში, განათებაში... თავადაც ადასტურებს ამ წინააღმდეგობის არსებობას:

”ან უნდა სწრაფად ვისწავლოთ და დავბრძენდეთ, ან რაღაც კატასტროფა მოხდება. გლობალური კატასტროფა ისედაც არის, მაგრამ საქართველო შეიძლებოდა ერთ-ერთი შემაკავებელი ყოფილიყო... მე, საერთოდ, დიდ როლს ვანიჭებ საქართველოს. ამ ქვეყნის მესვეურები კი სულ სხვა როლს ანიჭებენ - პატარა კბილანას როლს... მე უფრო კაცობრიობის გადარჩენის ფუნქციას ვანიჭებ ჩემს სამშობლოს”, - ვერ გაიგებ, ამას სერიოზულად ამბობს თუ ხუმრობს.

”წამებად ქცეული წლები” დაარქვა გამოფენას...ესეც ირონია და თვითირონიაა - დამახასიათებელი იური მეჩითოვისთვის.. ექსპოზიციაც ასეთია: სხვადასხვა ზომის შავ-თეთრი სურათები, სათაურების გარეშე, დალაგებულია წლების მიხედვით, თითქოს შემთხვევით, ერთმანეთის თავზე... ეს ქმნის ისტორიის კოლაჟურობის განცდას... ექსპოზიციას რაიმე მკაფიოდ გამოხატული დრამატურგია არა აქვს, რაც ასევე პრინციპადაა ქცეული - აკი თავადაც გვითხრა, საქართველოს უახლეს ისტორიაში თითქმის არაფერი განვითარებულაო.

”ეს პროექტი როცა დავიწყე, ჯერ ვფიქრობდი, ყოფილიყო კრებული მართლა კარგი სურათების. მაშინ სურათები უნდა ყოფილიყო ჩარჩოებში, ანუ ”პატივნაცემი”... მაგრამ აქ ხომ უგულებელყოფილია თითოეული სურათი... გამოფენის მთავარი მოქმედი გმირი და შემსრულებელი არის დრო...” - გვითხრა იური მეჩითოვმა.

თავად ნოსტალგია არა აქვს... 2010 წლით სრულდება საიუბილეო გამოფენა, მაგრამ უამრავი გეგმა აქვს - უნდა გაიზარდოს სერგო ფარაჯანოვის ფოტოების ალბომის ტირაჟი (13 ივნისს ”ქარვასლაში” მეჩითოვი სერგო ფარაჯანოვის პრემიით დააჯილდოვეს), უნდა გამოსცეს ეროტიკული სერიის ალბომი და, რაც მთავარია, ერთ წიგნად უნდა აიკინძოს ეს საიუბილეო გამოფენა - სურათებში ასახული საქართველოს ისტორია, კრიტიკულად, მაგრამ სიყვარულით ასახული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG