Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ეთნიკური დაპირისპირების სათავეები


ოშის მცხოვრები უზბეკები ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვართან

ოშის მცხოვრები უზბეკები ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვართან

ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 1500-მდე პირი დაიჭრა სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებებში, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება. ქვეყნის უზბეკური უმცირესობის ათიათასობით წარმომადგენელი ძალადობისგან გაქცევას უზბეკეთში გადასვლით ცდილობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ყირგიზეთში მომხდარი ყველაზე მასშტაბური ძალადობაა.

მაინც, რა ფაქტორები იწვევს ამ მოვლენებს? როგორია დღევანდელი ვითარების ისტორიული კონტექსტი? რა შეიძლება გაკეთდეს ვითარების განმუხტვისთვის? ამ შეკითხვებს უპასუხებს რადიო თავისუფლების მიმომხილველი, შუა აზიის საკითხთა ექსპერტი ბრუს პანიერი.

რადიო თავისუფლება: უზბეკური უმცირესობა ყირგიზეთის ხუთმილიონიანი მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენს. თუმცა, ქვეყნის სამხრეთში მათი რაოდენობა ეთნიკური ყირგიზებისას უტოლდება. ქალაქები ოში და ჯალალ-აბადი მდებარეობს ფერგანის ველზე, რომელიც თავის დროზე ერთი ფეოდალის საკუთრება იყო, მაგრამ სტალინმა ის უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის დაჰყო. როგორია ამ ველის მცხოვრებთა ეთნიკური შემადგენლობა?

ბრუს პანიერი: ფერგანის ველი შუა აზიის ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვანს წარმოადგენს, და ბუნებრივია, მისი მოსახლეობა შერეულია. როგორც იცით, ფერგანის ველი დაყოფილია ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს შორის და, შესაბამისად, ველზე ბევრი ტაჯიკი, ყირგიზი და უზბეკი ცხოვრობს. მაგრამ ამ ველის მდიდარი ისტორიის გამო აქ შუა აზიის სხვა ხალხებიც სახლობენ, ისევე როგორც მაჰმადიანი მესხები და არაბები. საზღვრის მეორე მხარეს უკვე დიდი ხანია უიღურები ცხოვრობენ. იქვე არიან ავღანელები და სლავებიც - იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში იქ ბევრი რუსი თუ უკრაინელი გადავიდა საცხოვრებლად. ყირგიზეთს ხშირად მოაქვს თავი იმით, რომ მისი მოსახლეობა 80-ზე მეტ ეთნოსს მოიცავს - და ფერგანის ველზე ალბათ ყოველი მათგანია წარმოდგენილი.

რადიო თავისუფლება: 1990 წელს რამ გამოიწვია ძალადობა? და როგორ გადაიჭრა კრიზისი მაშინ?

ბრუს პანიერი: 1990 წელს ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა გამოიწვია წყალთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ. ერთი ჯგუფი დასახლდა მიწაზე, რომელზეც წყალი გადიოდა. უნდა ითქვას, რომ ფერგანის ველი შუა აზიის დამაპურებელიც არის - სოფლის მეურნეობა განვითარებულია და შუა აზიის თითქმის მთელი მოსახლეობა სწორედ იქ მოწეული მოსავლით იკვებება. დაიწყო შეტაკებები - ყირგიზების ნაწილის აზრით, ეს მიწა უზბეკებს უსამართლოდ გამოუყვეს. მიწის თაობაზე ეს უთანხმოება - რომელიც რეალურად ოშში კი არა, უზგენში მოხდა - გადაიზარდა უფრო დიდ კონფლიქტში, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ყირგიზები და უზბეკები. დაახლოებით დღევანდლის მსგავსად. იმ დროს ორივე ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და რეგიონში საბჭოთა ჯარის ათასობით სამხედრო შევიდა. ბევრი მათგანი იქვე განთავსებულ ბაზებში მსახურობდა. და მაინც, კონფლიქტის მოგვარებას ათასობით ჯარისკაცი დაჭირდა. ახლა კი რეგიონში ამდენი სამხედრო, ცხადია, აღარ იმყოფება.
უზბეკეთის საგანგებო დანიშნულების რაზმის მოსამსახურეს სახიფათო ზონიდან გამოჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი

რადიო თავისუფლება: რა მოხდება დღეს - რამდენად რეალურია, ვითარების განმუხტვის მიზნით საქმეში გარეშე ქვეყანა ჩაერიოს?

ბრუს პანიერი: თუ რომელიმე ქვეყანა უნდა ჩაერიოს, ეს ალბათ რუსეთი იქნება. ვფიქრობ, ამას დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სახელით გააკეთებენ, რადგან სავარაუდოდ არ ენდომებათ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ამ ნაბიჯს დამოუკიდებლად დგამენ. მაგრამ თუ რუსებს ექნებათ სხვა ქვეყნების მხარდაჭერა - მათ შორის თავად ყირგიზეთის, ისევე როგორც ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის - მაშინ ალბათ გადადგამენ ამ ნაბიჯს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამას შეიძლება ათასობით ჯარისკაცი და კვირები, შესაძლოა თვეებიც დასჭირდეს. ბიშკეკში ზის სუსტი მთავრობა, რომელმაც, ჩემი აზრით, შეიძლება წლის ბოლომდეც კი ვერ გასტანოს. შესაბამისად, ვინ უნდა დაიცვან მათ? თუ წესრიგის აღდგენას აპირებენ, მაშინ ყველაფერი ცხადი და დადებითია. მაგრამ თუ მთავრობა, რომელმაც დახმარება გთხოვა, დაემხო, მაშინ შენი სამხედროები გაუგებარ ვითარებაში აღმოჩნდებიან. შეიძლება შეიქმნას ახალი მთავრობა, რომელსაც სულაც არ მოუნდება იქ რუსეთის ჯარის ყოფნა - მათ მტრებად და ოკუპანტებად აღიქვამს. ამდენად, საქმე რთულ ვითარებასთან გვაქვს. ჩემი აზრით, არც რუსეთი და არც რომელიმე სხვა ქვეყანა იქ ჯარს მალე არ გაგზავნის. მაგრამ, როგორც ვთქვი, თუ ეს მაინც მოხდა, რუსეთი ამას ალბათ უფრო ფართო, უფრო დიდი ორგანიზაციის სახელით გააკეთებს - ისეთის, როგორიცაა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.

რადიო თავისუფლება: როგორი იქნება აშშ-ს როლი?

ბრუს პანიერი: ვფიქრობ, ყირგიზეთის ბოლო ორი ე.წ. რევოლუციის დროს - 2005 წელს და ახლა, აპრილში - აშშ-მა აჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან მიმართებით დაკვირვებისა და ლოდინის პოზიციას არჩევს. აშშ-ს მტკიცედ არ დაუჭერია მხარი დროებითი მთავრობისთვის, და არც ბაკიევისთვის, რომელიც 2005 წელს გახდა პრეზიდენტი. მათი ინტერესი ძირითადად უკავშირდება [მანასის] ლოგისტიკურ ბაზას, რომელსაც ავღანეთში ტვირთის გადაზიდვისთვის იყენებენ. და თუ რომელიმე მხარეს მიემხრობიან, და მერე ეს მხარე დამარცხდა - ასეთ შემთხვევაში ისინი ბაზასაც დაკარგავენ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეძლეს ბაზის შენარჩუნება, ის იყო, რომ ყირგიზეთის შიდა საქმეებში არ ერეოდნენ და იცდიდნენ, სანამ დალაგდებოდა ვითარება. რა მთავრობაც უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, ისინი აშშ-ს დატოვებდნენ, ვინაიდან აშშ ამ ბაზაში ქირას იხდის. ყირგიზეთს ფული ჭირდება. თუ ყირგიზეთის საშინაო პოლიტიკაში არ ჩაერევიან, გაიზრდება ამ ბაზის შენარჩუნების შანსი. როგორც კი რომელიმე მხარეს გადაიხრებიან, შექმნიან ბაზის დაკარგვის საფრთხეს, რადგან თუ მათი მხარდაჭერილი ძალა დამარცხდა, ეს მათი მარცხიც იქნება.
XS
SM
MD
LG