Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 ივნისი 2010


”ახალი თაობა” კითხვა-ძახილის ნიშნით პირველ გვერდზე ბეჭდავს სათაურს - ”ირაკლი ალასანია „ალიანსიდან“ მიდის?!”. სტატიაში წაიკითხავთ: ”ირაკლი ალასანიას პარტია, სავარაუდოდ, „ალიანსს“ დატოვებს. „ალიანსის“ დაშლის მიზეზი შესაძლოა ის გახდეს, რომ ირაკლი ალასანია თავისი პარტიის წევრებით ცალკე წავა. მართალია, „ალიანსის“ დაშლაზე „ალიანსში“ შემავალი სუბიექტები ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ბევრი დარწმუნებულია, რომ „ალიანსი“ დაშლისთვის არის განწირული”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი, რომლის ინფორმაციითაც, ”ალიანსის” დაშლის შესახებ განცხადება ერთ კვირაში ან ერთ თვეში გაკეთდება.

”ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ, რომ აფხაზეთის მთავრობის მეთაური გია ბარამია თანამდებობას დატოვებს და ამ თანამდებობაზე ვერა ქობალია დაინიშნება.

”ალიაში” ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ეკითხებიან: ”მოდით, ასე ვთქვათ - ისინი არ ”აპრავებენ” ამ არჩევნებს, არჩევნებს ”ვაპრავებთ” ჩვენ თვითონ და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც, ერთი მხრივ, ლაპარაკობს, რომ არ არის მედია, არ არის საარჩევნო გარემო, სასამართლო, პოლიცია არის პოლიტიზებული და, მეორე მხრივ, მაინც აცხადებს, რომ ეს ყოფილა წინგადადგმული ნაბიჯი”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე. ”ალიაშივე” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ პატიმარ ზაზა დავითაიასთან, რომელიც რუსთავის მეორე დაწესებულებაში შიდსის გავრცელების ფაქტებსა და ავადმყოფი პატიმრების მიმართ უყურადღებობაზე ჰყვება.

”რეზონანსი”, ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან: ”30 მაისისთვის ფუნდამენტური ცვლილებების შანსი იყო, მაგრამ ყველა თავად აგებს პასუხს იმაზე, თუ რა მოხდება. ახლა მთავარი აქცენტი გადატანილია იმაზე, შედგება თუ არა ახალი გაერთიანება და რამდენად ფართო, მძლავრი და მომზადებული იქნება ის, რათა ხელისუფლების რღვევის პროცესი დაიწყოს და დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად.”

”რეზონანსი” დღეს წერს საჯარო სკოლებში მცირე განაკვეთის მქონე მასწავლებლების შემცირების ტენდენციაზე.

”ნაცები” ბიზნესს დასაკლავად ასუქებენ!” - ამ სათაურით ”საქართველოს რესპუბლიკაში“ ქვეყნდება ინტერვიუ, როგორც ავტორი წარმოგვიდგენს, ”თბილისელ ბიზნესმენ” დავით კიწმარიშვილთან. საუბარი საგადასახადო კოდექსს ეხება. ”ვერავითარი საგადასახადო კოდექსი ვერ შეცვლის ქვეყანაში სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის მგლურ ურთიერთდამოკიდებულებას, თუ არ იქნება ხელისუფლების კეთილი ნება. ეს უკანასკნელი უნდა იყოს ბიზნესის პარტნიორი და არა მისი დამყაჩაღებელი”, - ამბობს დავით კიწმარიშვილი.

”საქართველოს რესპუბლიკა” დღევანდელ ნომერში აქვეყნებს პატიმარ ვლადიმერ ვახანიას მიმართვას, რომელიც მის მიერ დაფუძნებული ახალი პარტიისადმი მხარდაჭერისკენ მოწოდებით სრულდება.

”24 საათი” წერს, რომ შაქრო კალაშოვის ექსტრადიციის პროცედურები ჭიანურდება: ”საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა, შესაძლოა, იმანაც გააჭიანუროს, რომ რუსულ-ქართული მაფიის ლიდერს ესპანური კანონმდებლობა საშუალებას აძლევს გამოიყენოს საექსტრადიციო პატიმრობის გასაჩივრების პროცედურები”, - წერს კალაშოვზე ”24 საათის” ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG