Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში საგანგებო ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა


შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
დღეს ოკუპირებულ გალში საგანგებოდ შეიკრიბნენ აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა. ხუთმხრივი შერეული შეხვედრის მონაწილე მხარეებმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის გალის ოფისში ოკუპირებულ რეგიონში გასული ორი კვირის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებზე ისაუბრეს.

თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვადაზე ადრე გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო 6 ივნისს აფხაზი შეიარაღებული პირების მიერ სოფელ დიხაზურგაში ექვსი სახლის გადაწვის ფაქტი.

”სოხუმის დელეგაცია შეგვპირდა, რომ გამოიძიებენ ამ საქმეს. თავად ისინიც აღშფოთებულები არიან სახლების გადაწვის ფაქტით და განაცხადეს, რომ გადაუხდიან კომპენსაციას ყველა დაზარალებულ ოჯახს. ამასთან, ჩვენ ვთხოვეთ გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ გალში, თვალყური მიადევნონ ამ პროცესს, რათა დროულად იყოს გადახდილი ის კომპენსაცია, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მათ ჰპირდება”, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც შოთა უტიაშვილი აცხადებს, ხუთმხრივ საგანგებო შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ივნისის დასაწყისში მომხდარ ინციდენტებზე, რომლის დროსაც ერთი აფხაზი მებაჟე და სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსი მოკლეს. ორივე მკვლელობაზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დააკისრა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე, უტიაშვილის თქმით, მათ ვერ წარმოადგინეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

”დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ გამოძიებას აგრძელებენ, რომლის დასრულების შემდეგ მოგვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავგმეთ ის ინციდენტები, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოხდა ოკუპირებულ რეგიონში”, - განაცხადა უტიაშვილმა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფები ოკუპირებულ გალში 22 ივნისის ნაცვლად 20 ივლისს შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG