Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ თბილისის არჩევნები შეაჯამა


15 ივნისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2010 წლის 30 მაისის თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. მერად არჩეულია გიორგი უგულავა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 55 პროცენტი მიიღო, ხოლო პროპორციული წესით თბილისის საკრებულოში 25 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, "ალიანსი საქართველოსთვის", „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ", ,,ეროვნულმა საბჭომ" და „თოფაძე - მრეწველებმა" გაინაწილეს.

კომისიაში გამართულ სხდომაზე ითქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნები პროფესიულად, გამჭვირვალედ და ყველა მხარის მონაწილეობით წარმართა, რასაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წინასწარი შეფასებაც ადასტურებს, თუმცა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ დასახვეწია საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმი.

ცესკომ 2010 წლის 30 მაისის თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. პარლამენტის შუალედური, ისევე როგორც ადგილობრივი მაჟორიტარული არჩევნები პირწმინდად მოიგეს მმართველი პარტიის წევრებმა. რაც შეეხება პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, საერთო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობას" 14 მანდატი, „ალიანსი საქართველოსათვის“ - 5, „ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას“ - 3, „ეროვნულ საბჭოს“ – 2, ხოლო „თოფაძე - მრეწველებს“ 1 მანდატი ერგო. ცესკოს წარმომადგენლის ჯული გიორგაძის თქმით, არჩევნები, მთლიანობაში, მასშტაბური დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა, მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე დაინახა ის საკითხები, რომლებიც დასახვეწია.

„დღეიდან ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ 2012-2013 წლის არჩევნები გაცილებით დემოკრატიულად ჩატარდეს და უფრო ახლოს იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან“, განაცხადა ჯული გიორგაძემ.

მსგავს სურვილს გამოთქვამენ ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც 30 მაისის არჩევნებს აკვირდებოდნენ. 15 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „ახალგაზრდა იურისტებმა“ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეაჯამეს. ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, რეგიონალური განვითარების სამინისტროებისა და უშიშროების საბჭოს მაღალი თანამდებობის პირები, არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა სირაძე-დელონეს თქმით, მესამე სექტორთან ჯგუფის თანამშრომლობა შემდეგი სქემით ხორციელდებოდა:

„ჯგუფი წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად ხვდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს მათ ანგარიშებთან დაკავშირებით, ასევე ხვდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფდა ჩვენს მიერ გაკეთებულ ანგარიშებზე რეაგირებასა და პასუხს.“

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, უწყებათაშორისმა ჯგუფმა დასახულ მიზანს მიაღწია. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაზე გამოძიება არ დაწყებულა. და კიდევ:

„ღიად დარჩა ისეთი საკითხები, რომლებიც ნამდვილად საჭიროებს გარკვეულ რეაგირებას. კერძოდ, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში გაიზარდა საშტატო ერთეულების რიცხოვნობა: თბილისში - 22 პროცენტით, გორში - 51%-ით, ლაგოდეხში - 81%-ით. ასევე გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები მუნიციპალიტეტებში. ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი, თუ რატომ მოხდა ეს.“

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჯგუფის ეფექტიანობის ასამაღლებლად ხელისუფლებას რამდენიმე რჩევას აძლევენ: პირველი რჩევა დარღვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნაა, მეორე -სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე არგუმენტირებული პასუხების მომზადება. და კიდევ: ჯგუფმა მოქალაქეებს უნდა მისცეს შესაძლებლობა აქტიურად ადევნონ თვალი უწყებათაშორისი ჯგუფის საქმიანობას და თავადვე შეაფასონ მისი ეფექტიანობა.

რაც შეეხება 30 მაისის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, შედეგები 23 ივნისამდე უნდა გამოქვეყნდეს, საკრებულოები კი პირველი სხდომის ჩასატარებლად, პრეზიდენტის ბრძანებულებით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღეში შეიკრიბებიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG