Accessibility links

logo-print

სომალელი ისლამისტები ფეხბურთის ქომაგებს სდევნიან


სომალელი ქომაგები საფეხბურთო ტელეტრანსლაციის მოლოდინში

სომალელი ქომაგები საფეხბურთო ტელეტრანსლაციის მოლოდინში

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობას ადევნებს თვალს, სომალის ისლამისტურ ნაწილში ფეხბურთის ქომაგებზე სასტიკი დევნა ხორციელდება. სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის „აიფსის“ თანახმად, შაბათს დედაქალაქ მოგადიშუს ჩრდილო-აღმოსავლეთში ისლამისტმა პარტიზანებმა ორი გულშემატკივარი მოკლეს, ორშაბათს კი 30-ზე მეტი დააპატიმრეს.

მძიმედ შეიარაღებული ისლამისტი სამხედროები, რომლებიც საკუთარ თავს ჰეზბალის პარტიზანულ დაჯგუფებას უწოდებენ, გასულ კვირაში თავს დაესხნენ სახლს, სადაც გულშემატკივრები მალულად უყურებდნენ არგენტინისა და ნიგერიის ეროვნული ნაკრებების თამაშს.

აღნიშნული თავდასხმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სომალის სპორტული პრესის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მოჰადინ აბოკარმა ასე აღწერა:

„სამხედროები თავს დაესხნენ სახლს, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრები მალულად უყურებდნენ მსოფლიო ჩემპიონატის თამაშს. ორი ახალგაზრდა, რომლებიც ცდილობდნენ კედელზე გადახტომით ეშველათ საკუთარი თავისათვის, სამხედროებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. დანარჩენი ათი კაცი მოგადიშუს ციხეში გადაიყვანეს.“

შემთხვევა შაბათს სომალის დედაქალაქ მოგადიშუდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ჰურუვაას დასახლებაში მოხდა. ქვეყნის ამ ნაწილს ისლამისტური დაჯგუფება აკონტროლებს, რომელმაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გააფრთხილა მოსახლეობა არ ეყურებინათ ფეხბურთისათვის. დაჯგუფების ლიდერი შეიხ მოხამედ აბუ აბდალლა ამბობს, რომ ფეხბურთის ყურება ისლამისტური სჯულის დარღვევაა და დაპატიმრებულები ისლამისტური კანონმდებლობის თანახმად გასამართლდებიან.

„ფეხბურთი ქრისტიანული კულტურიდან მოდის და ისლამური ადმინისტრაცია არასოდეს დაუშვებს, რომ უყუროთ, რასაც ისინი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს ეძახიანო“ - შეიხის ამ მოკლე და კონკრეტულ განმარტებას, როგორც ზემოთ ითქვა, მალე სადამსჯელო ღონისძიებებიც მოჰყვა. თუმცა რა კავშირშია ერთამენთთან ისლამი და ფეხბურთი? მუჰამედ კაზემიმ, რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის რეპორტიორმა, გვითხრა, რომ არსებობს აიათოლა ჰომეინის დროს შემუშავებული დეკრეტი, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, თუმცა ეს ტელეეკრანზე ფეხბურთის ყურებას არ ეხება.

"საუბარია ხომეინის მიერ შემუშავებულ დეკრეტზე, რომელიც ქალს არ აძლევს უფლებას დაესწროს სტადიონზე ფეხბურთის მატჩს, მაგრამ არ წარმოადგენს პრობლემას, თუკი ქალი სახლში ტელეეკრანზე უყურებს ფეხბურთის თამაშს. მე არასოდეს მსმენია, რომ ისლამის რომელიმე კანონი კრძალავდეს ფეხბურთის ყურებას და მას თვლიდეს რაიმე სჯულის საწინააღმდეგო ქმედებად.“

მოჰამედ კაზემის თქმით, ტელეეკრანზე ფეხბურთის თამაშის ყურებას არ კრძალავდა არც თალიბანის სასტიკი რეჟიმი, რომელმაც ავღანელ ფეხბურთელებს მოედანზე გამოსვლისას გარკვეული შეზღუდვები დაუწესა.

„ერთადერთი შემთხვევა იყო თალიბანის მმართველობის დროს, როდესაც ითხოვნენ, რომ ფეხბურთელებს დაფარული ჰქონოდათ ფეხები. მოთამაშეებს გრძელი წინდებით მთლიანად უნდა ჰქონოდათ დაფარული ფეხები, რადგან იმ დროს დაუშვებელი იყო შიშველი ფეხებით საზოგადოებაში გამოჩენა. ეს იყო ერთადერთი, რასაც სასულიერო პირები გმობდნენ ავღანეთში.“

საკუთარი უფლების დარღვევას არ ეგუება ჯუბას რეგიონის მოსახლეობა, რომელმაც საჩივრის წერილი გაუგზავნა ალ შაბაბის ადმინისტრაციას და ითხოვა ნებართვა, თვალი ადევნონ მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებას. რეპორტიორების თქმით, თემის უხუცესი წარმომადგენლები საკუთარი ფეხითაც კი მივიდნენ ადმინისტრაციის შენობაში, თუმცა ისინი უარით გაისტუმრეს და კიდევ ერთხელ გაუმეორეს, რომ დააპატიმრებდნენ, თუ კიდევ გაბედავდნენ ანალოგიურ თხოვნას.

მოგადიშუს იმ ნაწილში, რომელსაც აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალები იცავენ, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურება უსაფრთხოა, თუმცა მეამბოხეთა მხრიდან ანგარიშსწორების შიში მაინც დიდიაო, - ამბობს მაჰად მოჰამად ჰაჯი, სომალის 17 წლის ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი:

„ ჩვენ აფრიკელები ვართ და მე მინდა, რომ მსოფლიო თასი აფრიკას ერგოს. და მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ წელს. უბრალოდ, მეამბოხეები უკრძალავენ ხალხს თამაშების ყურებას. ჩვენს დასახლებაში ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ყველა თამაშს ვუყურებთ, რაც კი სამხრეთ აფრიკაში ტარდება.“

სომალელი ისლამისტები ქვეყნის სხვა რეგიონებში განაგრძობენ სადამსჯელო რეიდებს. სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის ცნობით, 14 ივნისს ქალაქ აფგოიში ისლამისტთა შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა ერთ-ერთ სახლში და დააპატიმრა 31 ფეხბურთის ქომაგი, რომლებიც მალულად უყურებდნენ გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებების თამაშს. ადგილობრივი ისლამისტური ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „დაპატიმრებულები დაისჯებიან, რადგან მათ არ შეასრულეს ბრძანება, არ ეყურებინათ ანტიისლამური საფეხბურთო ასპარეზობისათვის“.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის სასჯელი ელოდებათ ისლამისტური ჯგუფის მიერ დაპატიმრებულ ფეხბურთის გულშემატკივრებს. სომალიში ისლამისტური გასამხედროებული დაჯგუფებების მიმართ შიში იმდენად დიდია, რომ სომალის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ მურიმ 13 ივნისს მომხდარი ვანდალური აქტის კომენტარზეც კი უარი თქვა, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამოდინარე.

ისლამისტ მსაჯულთა გაერთიანებამ, რომელიც სომალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, 2006 წელს აკრძალა მსოფლიო ჩემპიონატების ყურება და ფეხბურთი „სატანურ აქტად“ გამოაცხადა. 2007 წელს ეთიოპიის ძალებმა შეძლეს ისლამისტური ჯარების გაძევება ქვეყნიდან, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ისლამისტურმა რაზმებმა კვლავ დაიბრუნეს ძალაუფლება ქვეყნის დიდ ნაწილში. ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირებების შედეგად, სომალიში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG