Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა იზრდება


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო სტრასბურგში.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო სტრასბურგში.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. განსაკუთრებით ბევრი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შევიდა.

სტრასბურგის სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2009 წელს საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობამ 2122-ს მიაღწია. რა მიზეზებით ხსნიან ქართველი ადვოკატები და სახელმწიფო უწყებები სასამართლო დავების ასეთ მატებას?

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 1999 წლიდან აქვთ, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა. ამ დროიდან დღემდე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 4 ათასზე მეტი სარჩელი დარეგისტრირდა. ამ სარჩელებიდან სასამართლომ 35-ზე იმსჯელა და 28 მათგანში ადამიანის უფლებათა კონვენციის თითო დარღვევა მაინც აღმოაჩინა.

იმისათვის, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს, ჯერ საკუთარ ქვეყანაში ყველა სასამართლო ინსტანცია უნდა ამოიწუროს. ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელიცაა, ამბობს, რომ საქართველოდან უკვე ისეთი საქმეებიც იგზავნება სტრასბურგში, რომლის განხილვაც საქართველოში დასრულებული არ არის,. ამის მიზეზად კი ადვოკატი ორ რამეს ასახელებს - ერთი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი უნდობლობაა და მეორე კი სასამართლო პროცესთან დაკავშირებული მაღალი გადასახადები:

”სასამართლო ბაჟი არის ძალიან მაღალი და ეს არის გადაულახავი პრობლემა მოქალაქეებისათვის. სასამართლო აღარ გრძელდება ხოლმე და მოქალაქეები სტრასბურგში საქმეს მაშინაც კი აგრძელებენ, როცა ადგილზე ამოწურული არ აქვთ პროცესი.”

იმ მიზეზებზე, რომლებმაც საქართველოდან წასული საქმეების რაოდენობა გაზარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ნიკოლოზ ლეგაშვილი ლაპარაკობს:

”მზარდი ტენდენცია, რაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში შეინიშნება, დაკავშირებულია, ერთი მხრივ, 2008 წლის აგვისტოს ომთან და, მეორე მხრივ, იმასთან, რომ გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება ევროპული სასამართლოსა და ევროკონვენციის - ადამიანის უფლებების კონვენციის -მიმართ და, კიდევ ერთი, - და ეს არის გადამწყვეტი მომენტი, - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში ადამიანის უფლებები ისევ ხშირად ირღვევა.”

პირველი ქართული საქმე, რომელიც ევროპულმა სასამართლომ განიხილა, იყო პოლიტპატიმრობაში მყოფი თენგიზ ასანიძის საქმე. დავა რამდენიმეწლიან უკანონო პატიმრობაში მყოფი თენგიზ ასანიძის სასარგებლოდ გადაწყდა და საქართველოს მის გამო 100 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

ადვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მხოლოდ მორალური ზარალის ანაზღაურება ადამიანის უფლების სრულ აღდგენას ვერ უზრუნველყოფს. მისი ინფორმაციით, 4 მაისს საქართველოს საპროცესო კოდექსში ცვლილება შევიდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება და იმის საფუძველი, რომ ქვეყნის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებები გადაისინჯოს.

ეს მუხლი განსაკუთრებით უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ იქნება მნიშვნელოვანიო, ამბობს ადვოკატი. იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში სასამართლო პროცესის დაწყებას მინიმუმ 5 წელი სჭირდება, ხშირად პატიმრების ნაწილს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე სასჯელი მოხდილი აქვთ ხოლმე.

”მხოლოდ მორალური კომპენსაციის მიღება... რაც არ უნდა დიდი თანხა იყოს ეს, მას სჭირდება ქვეყნის შიგნით მისი უდანაშაულობის აღიარება. ეს ცვლილება ამით არის კარგი, რომ აღარ იქნება ის, რაც ადრე იყო, როცა ცალკე იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ცალკე ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება”, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

საქართველოდან წასული სარჩელების ზრდას ნეგატიურ ტენდენციად არ მიიჩნევს ევროსასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი მამუკა ლონგურაშვილი. მისი განმარტებით, საქართველოს სასამართლო სისტემას ეს არანაირად ნეგატიურად არ ახასიათებს. მისივე ინფორმაციით, ყველა განაცხადს სასამართლო არ განიხილავს, ნაწილი განაცხადებისა კი სახელმწიფოს მოგებით სრულდება:

”ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ გამოდინარე იქიდან, რომ, თუ ჩვენ გადავხედავთ სხვა ქვეყნების სტატისტიკას, გაცილებით მეტი რაოდენობით განაცხადებია შეტანილი ევროსასამართლოში და ამ განაცხადების ზრდა უკავშირდება, ერთი მხრივ, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ევროსასამართლოს და ევროპული კონვენციების მიმართ და, მეორე მხრივ, მოქალაქეთა რაღაც ნაწილი შეიძლება არ იყოს კმაყოფილი ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებით.”

ადვოკატი ნოკოლოზ ლეგაშვილი ამბობს, რომ ევროსასამართლოს მე-14 დამატებით ოქმზე ხელი უკვე მოაწერა ევროკომისიის 47-მა წევრმა ქვეყანამ, რაც სასამართლო პროცესის განხილვაში მიღებას დააჩქარებს, რადგან თუ აქამდე 3 მოსამართლე განიხილავდა საქმის დაშვების პროცედურას, ახლა მხოლოდ 1 განიხილავს.

რაც შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, მამუკა ლონგურაშვილის განცხადებით, განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ 6 თვის ვადაში სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება უპრობლემოდ ხდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG