Accessibility links

logo-print
“ქართული აკადემია” ინიციატივით გამოდის და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გარეშე საქართველოში შეუძლებელია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა.

„ქართული აკადემიის“ ინიციატივას ათამდე პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა, თუმცა ინიციატივა რამდენიმე პარტიის - მათ შორის, ლეიბორისტული პარტიის - ყურადღების მიღმა დარჩა. რატომ არ მოსწონთ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო გარემო და როგორ აპირებენ მის შეცვლას?

მედიის თავისუფლება, პოლიტიკური ძალების თანაბარ პირობებში ჩაყენება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება სამართლიანობისა და პარიტეტის საფუძველზე - ეს მოთხოვნათა ის ძირითადი ჩამონათვალია, რომელსაც “ქართული აკადემია” ჯერ კიდევ აქტიური საარჩევნო კამპანიის გაჩაღებამდე მიიჩნევდა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის აუცილებელ პირობად. არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თემურ ნანეიშვილის, თქმით, 30 მაისის არჩევნებმა აჩვენა, რომ გარემო უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

რა მოხდა არჩევნებზე და როგორი იყო საარჩევნო გარემო? - ეს შეკითხვები რადიო თავისუფლებამ უკანასკნელი არჩევნების აქტიურ მონაწილესა და თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს ირაკლი ალასანიას დაუსვა.

„მთავარი სირთულე, რასაც წავაწყდით, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ძალიან დიდი მასშტაბით გამოყენებასთან ერთად იყო ის, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამატა ის, რომ მათი ნების კონტროლიც იყო განხორციელებული, ანუ აკონტროლებდნენ იმას, თუ ვის აძლევდნენ ხმას. ასევე პრობლემაა ამომრჩეველთა სიები“, უთხრა ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებას.

ამომრჩეველთა სიები არსებული ფორმით მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლებსაც. ირაკლი მელაშვილის თქმით, საჭიროა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც თეორიულადაც კი გამორიცხავს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას:
„იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს ბიომეტრული ფოტოსურათის მეშვეობით. როცა მივალთ უბანში და წინასწარ რეგისტრაციას გავივლით, გადაგვიღებენ ფოტოს, რომელიც შევა კომპიუტერში. კომპიუტერი ავტომატურად „ამოაგდებს“ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ხელმეორედ შეეცდება რომელიმე უბანზე - თუნდაც სხვა სახელით და გვარით - რეგისტრაციის გავლას. იგივე მოხდება არჩევნების დღეს.“

„ეროვნულმა ფორუმმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტიც შეიმუშავა. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ამბობს, რომ ფორუმელთა ინიციატივას მხარს უჭერს და პარლამენტში მის წარდგენასაც არ გამორიცხავს, თუმცა, ამის მიუხედავად, გიორგი გუგავა მიზანშეუწონლად მიიჩნევს „ქართული აკადემიის“ ინიციატივით დანიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას, რადგანაც, მისი თქმით, „ქართული აკადემია“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარს უჭერდა პოლიტიკურ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსათვის“.
საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაზე დაწყებულ საუბარს ჯერჯერობით კომენტარის გარეშე ტოვებს მმართველი პარტია. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის პასუხი: „დაველოდები, ჯერ მოვისმენ მათ არგუმენტებს და მერე გიპასუხებთ.“

არგუმენტებს, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ქართული აკადემიის ინიციატივით შეკრებილი პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებასა და საზოგადოებას სულ მალე წარუდგენენ, თუმცა როგორც რესპუბლიკური პარტიიის წევრი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, კანონების სრულყოფაზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების პოლიტიკური ნება და სამართლისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაა:

„ვიდრე საზოგადოებაში არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მზად არის დაარღვიოს კანონები, ჩაიდინოს უკანონობა ან საფასურის გადახდის გამო ან შიშის გამო, მანამდე ძალიან ძნელი იქნება ეშველოს საქმეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ ხმალაძემ.
XS
SM
MD
LG