Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია უალიანსოდ


გაერთიანებაში ”ალიანსი საქართველოსთვის” შემავალი პოლიტიკური ძალები თავ-თავიანთ გზებს გაუყვნენ. ალიანსის ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია ამას ერთობლივ გადაწყვეტილებას არქმევს, თუმცა, მაგალითად, რესპუბლიკური პარტია ალიანსის გაუქმების მიზეზეზს ალასანიას პარტიის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას უკავშირებს. რატომ დაიშალა ”ალიანსი საქართველოსთვის” და ვისთვის რა დოზით იქნება სასარგებლო მიღებული შედეგი?

დაახლოებით წელიწადნახევრიანი არსებობის შემდეგ ”ალიანსი საქართველოსთვის” ზედმეტი საყვედურების, კამათისა და წყენის გარეშე დაიშალა. ყოველ შემთხვევაში, მასში შემავალ ოთხ პარტიას შიდა სამზარეულოში განვითარებული პროცესები საჯარო განხილვისთვის არ გამოუფენია. მეტიც, იმას, რაც ალიანსს დაემართა, ყოფილი მოკავშირეები ”დაშლად” არ თვლიან და ცდილობენ მომხდარს მუშაობის ახალ, განცალკევებულ რეჟიმზე გადასვლა უწოდონ. ისე კი, რაც უნდა უწოდოს ადამიანმა ყოველივე ამას, ფაქტია, რომ ”ალიანსი საქართველოსთვის” გაუქმდა, არსებობა შეწყვიტა და ესე იგი - დაიშალა კიდეც. ასეა თუ ისე, იმაში, რაც მოხდა, ტრაგედიას სულაც ვერ ხედავს ალიანსის ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია:

”გადავწყვიტეთ, რომ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საკუთარი პოლიტიკური მანქანისა და საკუთარი პოლიტიკური პარტიის გაძლიერება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ერთ-ერთ სისუსტედ დავინახეთ სწორედ ის, რომ არ გვქონდა კარგად ორგანიზებული პარტიული სტრუქტურები, რეგიონებში განსაკუთრებით... ამიტომ ორი მიმართულებაა ჩვენთვის პრიორიტეტული: პირველი - საკუთარი პოლიტიკური მანქანის შექმნა და მეორე - საარჩევნო გარემოს თვისებრივი შეცვლისთვის ერთობლივი ბრძოლა. ჩვენ ვრჩებით კოორდინაციის რეჟიმში...”

ირაკლი ალასანია ამიერიდან პირველ რიგში უკვე საკუთარი პარტიის, შარშან აგვისტოში შექმნილი ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” მშენებლობა-გაძლიერებაზე იფიქრებს, ხოლო ყოფილ ალიანსელებთან ურთიერთობის პერსპექტივებს დრო გამოაჩენს. მისგან განსხვავებით, ალიანსის დაშლის პროცესმა, როგორც ჩანს, მთლად კმაყოფილი ვერ დატოვა ”რესპუბლიკელები” და ”ახალი მემარჯვენეები”, რომლებსაც მუშაობის სულ სხვა რეჟიმში გაგრძელება სურდათ. ”მემარჯვენეები” ალიანსის ერთ პარტიად გარდაქმნას უჭერდნენ მხარს, ხოლო ”რესპუბლიკელები” უფრო ”მჭიდრო ალიანსური ურთიერთობის" მომხრედ გამოდიოდნენ. ირაკლი ალასანიას თუ ჰკითხავთ, ის გიპასუხებთ, რომ ალიანსის გაუქმება ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ასე სულაც არ ფიქრობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:

"ირაკლი ალასანიამ ჩათვალა, რომ პოლიტიკური წარმატებების წინაპირობაა მისი პოლიტიკური პარტიის გაძლიერება, განვითარება და გადაწყვიტა, თავისი ძალისხმევა სწორედ ამ საქმეს მოახმაროს. ჩვენ პატივს ვცემთ ირაკლის არჩევანს და ვუსურვებთ წარმატებას..."
კეთილი სურვილების თანხლებით გაერთიანებამ „ალიანსი საქართველოსთვის“ არსებობა 15 ივლისს შეწყვიტა და ამას საკმაოდ სასარგებლო გადაწყვეტილებას უწოდებს, მაგალითად, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:

”ირაკლი ალასანიასთვისაც უკეთესი იქნება საკუთარ ფეხზე დაყენება თავისი პარტიის, როგორც პარტიულ-პოლიტიკური სტრუქტურის... და, მგონი, რესპუბლიკელებისთვის და მემარჯვენეებისთვისაც უკეთესი იქნება საკუთარი გზის საკუთარი ხელით გაკაფვა. ”
მიუხედავად ამისა, რამაზ საყვარელიძე მაინც მოელის ყოფილ ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალების მისამართით ამომრჩეველთა დამოკიდებულების გარკვეულ გაციებას, რადგანაც, მისი თქმით, საქართველოში არ უყვართ ”სეპარატისტები”, მათ შორის - არც პარტიებში. ვერაფერს ვიზამთ, ”ქართველებს უყვართ, როდესაც ყველა ერთი მაგიდის გარშემო ერთიანდება.”
”ალიანსის” შემადგენელი სამი პოლიტიკური პარტია ერთ მაგიდას 2009 წლის 23 თებერვალს მიუჯდა. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კი მათ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ძალა - „საქართველოს გზა“ - შეუერთდა.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება მათ, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებისგან განდგომილმა და გაეროდან საკუთარი ნებით წამოსულმა ალასანიამ, რომელსაც ხალხი დიდი იმედებითა და ზარ-ზეიმით დახვდა, ახალ მემარჯვენეებთან და რესპუბლიკელებთან გაერთიანებით საკუთარი რესურსი გაფლანგა. კაჭკაჭიშვილი დარწმუნებულია, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ პოსტსაბჭოთა საქართველოში შექმნილი ყველაზე წარმატებული გაერთიანება იყო:

”წარმატებაში მე ვგულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევაში პარტიათა გაერთიანებას ჰქონდა არა მექანიკური და არა მხოლოდ სიტუაციური საფუძველი, რაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაში წარმატების მიღწევას გულისხმობს, არამედ ჰქონდა მსოფლმხედველობრივი საფუძველი ან, თუნდაც, ღირებულებითი საფუძველი... პოლიტიკურ ენაზე ამას დავარქმევდი ელექტორალურ საფუძველს, რადგანაც ეს პარტიები იყვნენ თავსებადი იმ თვალსაზრისითაც, რომ ერთი და იმავე ტიპის ამომრჩეველი ჰყავდათ... ”

იაგო კაჭკაჭიშვილი იხსენებს, რომ 2009 წლის ნოემბერში ”ალიანსი”, რეიტინგის თვალსაზრისით, ტოლ კონკურენციას უწევდა მმართველ პარტიას.

მაშინ რა მოხდა მას შემდეგ?

სოციოლოგის აზრით, ალიანსი ”გაკოტრებამდე” მიიყვანა ”პოლიტიკური მოქმედების არათანმიმდევრულობამ”, რამაც ამომრჩეველს ”გაუჩინა განცდა, რომ ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგებას.” იაგო კაჭკაჭიშვილი გულისხმობს „ალიანსის“ წარმომადგენელთა რამდენიმე მცდელობას საერთო კანდიდატებზე შეჯერებასთან დაკავშირებით.

წარუმატებლობის ფაქტორის მიუხედავად, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი თვლის, რომ „ალიანსის“ დაშლა არ არის მართებული გადაწყვეტილება. ის უფრო მოელოდა, რომ გაერთიანება ერთ პოლიტიკურ ძალად გარდაიქმნებოდა, საკუთარ თავზე იმუშავებდა და სამომავლოდ ”კონკურენტუნარიან ოპოზიციურ ცენტრს” შექმნიდა.

თუმცა ამგვარ აზრს საქაერთველოში არაერთი მოწინააღმდეგე მოეძებნება, მაგალითად, ისინი, ვინც თვლის, რომ საკუთარ პოლიტიკურ საყრდენზე მომძლავრებული ”თავისუფალი დემოკრატები”, ირაკლი ალასანიას თაოსნობით, ცალკე უფრო მეტი წარმატების მიღწევას შეძლებენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG