Accessibility links

გაეროს მონაცემებით, ყირგიზეთში ეთნიკური ძალადობის შედეგად ადგილნაცვალ პირთა რიცხვი 400 000-ს აღწევს


გაეროს განცხადებით, ყირგიზეთში ერთი კვირის წინ დაწყებულმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ, სულ ცოტა, 400 000 ადამიანს აიძულა ქვეყნიდან, ან საკუთარი სახლებიდან გაქცევა. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის უწყების პრეს-მდივან ელიზაბეტ ბაირსის განცხადებით, უზბეკეთში გაქცეულების რიცხვი 75 000-დან 100 000-მდეა. ეს მაჩვენებელი მარტო ზრდასრული ადამიანების აღრიცხვას ეფუძნება. 300 000-მდე ადამიანი კი ადგილნაცვალ პირებად მიაჩნიათ. ყირგიზეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო დღეებში ძალადობამ იკლო ოშსა და ჯალალ-აბადში - სამხრეთში მდებარე ორ ქალაქში, რომლებიც ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების ეპიცენტრად ითვლება. დაპირისპირებამ, ბოლო ინფორმაციით, სულ ცოტა, 187 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავებულია თითქმის 2 000 ადამიანი. მსხვერპლის უდიდეს ნაწილს უზბეკები შეადგენენ. უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს მოუწოდა, მალე გააგზავნოს დახმარება ადგილნაცვალი პირებისთვის.
XS
SM
MD
LG