Accessibility links

სვანეთში, ორდღიანი გადაუღებელი წვიმის გამო, ჭუბერის თემის 12 სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარეებმა ჭუბრულამ და ნესკრამ დააზიანა საავტომობილო გზები და წაიღო ხიდები. დაიტბორა და მეტწილად განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ განაცხადა, რომ სტიქიის გამო სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე ვერ ხორციელდება, რადგან მდინარის კალაპოტში წყლის კლება არ შეინიშნება.

გამგებლის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. ”უმძიმესი მდგომარეობაა სოფლებში. ასეთი სტიქია არ ახსოვს არავის. ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო გზები, ხიდები და კომუნიკაციის საშუალებები. წყლის დონე არ იკლებს და ამიტომ რაიმე აღდგენითი სამუშაოების დაწყებას აზრი არა აქვს. ახლა ტექნიკის მობილიზება ხდება”, - იტყობინება მესტიის გამგებელი.

ჭუბერის მკვიდრი, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა, გვამცნობს, რომ სტიქია განსაკუთრებით რაიონის ზემო ნაწილში მძვინვარებს, სადაც ადიდებულმა მდინარე ჭუბრულამ სახლები დატბორა. ”ჩემი სავარგულებიც წაიღო წყალმა, სახლი გადარჩა. სოფლების დამაკავშირებელი ხიდები არ არსებობს. არ არის გზები. მოწყვეტილები ვართ რაიონულ ცენტრს. ზემო ჭუბერში სახლები დაიტბორა. ზარალი, ალბათ, დიდი იქნება”, - გვითხრა ჭუბერის მკვიდრმა.

მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე იტყობინება, რომ გზებისა და ხიდების აღდგენისთვის სამუშაოები დაიწყება მაშინ, როცა მდინარე კალაპოტს დაუბრუნდება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა კი ამ დრომდე გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG