Accessibility links

logo-print

კარგად ორგანიზებული და ცუდად ”გასაჩივრებული” არჩევნები


საჩივრების განხილვის პროცესით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის მიუკერძოებლობასა და პროფესიულ რეპუტაციას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღისა და შემდგომი პერიოდის დარღვევების გასაჩივრების პროცესის მონიტორინგის ერთ-ერთი შეფასება, რომელიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის.

ეს ორგანიზაციებია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.” აღნიშნულმა ორგანიზაციებმა, ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოებში სულ 147 საჩივარი და განცხადება წარადგინეს. მათი უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა.

პირველ რიგში, უფრო კონკრეტულად სტატისტიკის შესახებ. აღნიშნული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის 147 საჩივრიდან და განცხადებიდან სრულად დაკმაყოფილდა 26, ნაწილობრივ - 12, ადგილზევე აღმოიფხვრა 6 და არ დაკმაყოფილდა 103 საჩივარი. როგორც ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა სირაძე-დელონემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების პერიოდმა, ზოგადად, არადამაკმაყოფილებლად ჩაიარა, გამოიკვეთა ორი დადებითი ტენდენციაც: ”ყველა საარჩევნო უბანზე ხელმისაწვდომი იყო საჩივრის ფორმები, რაც ნამდვილად დადებითია და მივესალმები და მეორე ის, რომ საარჩევნო ოლქები საჩივრის განხილვის დროს იცავდნენ კანონს, კანონის მოთხოვნას და, შესაბამისად, განხილვისას იბარებდნენ საჩივრის წარმდგენ სუბიექტს.”
ეკა სირაძე-დელონე

ესაა ის გარემოებები, რომლითაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, საჩივრების განხილვის ეტაპის მონიტორინგის მიხედვით, 2008 წლის არჩევნებთან 2010 წლის არჩევნების უპირატესობა აღიარეს. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, აღინიშნა, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტია და ისინი, კრებითად, სამ ძირითად ტენდენციაში იყრის თავს.

” წარდგენილი საჩივრების განხილვისას ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისია, უბრალოდ, ეძებდა ხარვეზებს საჩივარში. ის არ იყო დაინტერესებული შინაარსობრივი განხილვით. მას სურდა, ფორმალურ ხარვეზებზე დაყრდნობით, უარი ეთქვა საჩივრების დაკმაყოფილებაზე. ეს იყო ძალიან ფორმალისტური მიდგომა. გარდა ამისა, მეორე შემთხვევაში, თუ დადგებოდა პასუხისმგებლობის საკითხი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისია თავს იკავებდა საოლქო და საუბნო კომისიის წევრების დაჯარიმებისგან, ვინაიდან ამბობდა, რომ ეს ჯარიმები იყო ძალიან მაღალი.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის მიერ ჩამოთვლილ ტენდენციებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კობალაძე კომისიის წევრების სადამკვირვებლო ორგანიზაციებისადმი გამოხატულ არაკეთილგანწყობასაც უმატებს.

”სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება იყო აგრესიული და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელიც კი. ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი თანამშრომელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აღგვიქვამდნენ როგორც მოწინააღმდეგეებს და არა როგორც მოკავშირეებს, რომელთან ერთადაც უნდა მომხდარიყო სხვადასხვა დარღვევების გამოძიება.”

ასეთი განხილვები, შენიშნავენ დამკვირვებლები, იმით სრულდებოდა, რომ მხარეები ფაქტობრივი გარემოებების გაცნობასა და შეფასებას ვერ ახერხებდნენ და საარჩევნო ადმინისტრაციას ცალმხრივი, არაადეკვატური გადაწყვეტილებები გამოჰქონდა. ვახტანგ კობალაძე კი, თავის მხრივ, დასძენს, რომ საჩივრების განხილვის პროცესმა დიდი ჩრდილი მიაყენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო ადმინისტრაციას, ზოგადად. იყო კიდევ უფრო მკაცრი და ცალსახა შეფასებებიც, რომელთა თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია აშკარად გამოხატავდა სურვილს, კანონის მოთხოვნებისა და არჩევნების სამართლიანობის ნაცვლად, კომისიების წევრები და მმართველი პარტია დაეცვა.
ჯული გიორგაძე

”არა, ნამდვილად არა. მსგავს რაღაცას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი. და რაც ყველაზე მთავარია, ყველა დაინტერესებულ მხარეს როგორც შემოსული საჩივარი, ისე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან საუბნო და საოლქო კომისიების მიერ მოკვლეული მასალა თითოეულ საჩივართან დაკავშირებით შეუძლია ნახოს ცესკოს ვებგვერდზე. ცესკომ არჩევნების შემდგომ პერიოდში მთელი თავისი დრო და ადმინისტრაციული რესურსი მიმართა იმისკენ, რომ საჩივრები რაც შეიძლება ადეკვატურად ყოფილიყო განხილული და ყველა საჩივარზე მაქსიმალურად მეტი დეტალი ყოფილიყო მოკვლეული”, - გვიპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ჯული გიორგაძემ, რომლის თქმითაც, კომისია მზადაა შეისწავლოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩევნების დარღვევების გასაჩივრების ეტაპის მიმართ მონიტორინგის ანგარიშში ჩამოთვლილი შენიშვნები და, საჭიროების შემთხვევაში, მომავალში გაითვალისწინოს კიდეც ისინი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად არ იზიარებს დამკვირვებელთა შეფასებას არჩევნების ორგანიზაციული უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის შესახებ. ჯული გიორგაძე ამბობს, რომ საჩივრებზე ადეკვატურად რეაგირება კომისიისთვის ისეთივე პრიორიტეტი იყო, როგორც არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება.
XS
SM
MD
LG