Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს ახალი ბალანსი


ქალაქს ოთხი წლით ახალი საკრებულო ჰყავს. განსხვავებით წინა საკრებულოსგან, რომელშიც მხოლოდ სამი ოპოზიციური წევრი იყო, ახალ საკრებულოში ეს რიცხვი თერთმეტამდე გაიზრდება. როგორი იქნება ბალანსი ახალ, 50-კაციან საკრებულოში და როგორ ჩაიარა საკრებულოს მუშაობის პირველმა დღემ?

მეცხარამეტე საუკუნის შენობაში დიდი ჭაღების, რიკულებიანი სვეტების, კამერებისა და ბევრი ჟურნალისტის ფონზე ახალი საკრებულო პირველი სხდომისთვის ემზადება. Gგანწყობა და მოლოდინი - მსგავს სიტუაციებში ჟურნალისტების საყვარელი კითხვებია. ერიკ ფურნიეს მოვკარით თვალი, საფრანგეთის ელჩს საქართველოში.
„ბალანსი აუცილებელია, შემოქმედებითობა მრავალფეროვნებიდან მოდის - ყველას უნდა შეეძლოს ახალი იდეების გენერირება.“
ცოტა ღვინისა და ფურშეტის მერე ხალხი დარბაზისკენ დაიძრა. ჟურნალისტები მეორე სართულზე - აივანზე - განთავსდნენ. ქვევით დარბაზი კი 50-მა ახლად არჩეულმა წევრმა დაიკავა. წინა მოწვეული საკრებულოსგან განსხვავებით, თითქმის ოთხჯერ მეტი ოპოზიციური ხმაა - სულ 11. ციფრების ჩამოთვლით რომ არ შეგაწყონოთ, პირდაპირ გეტყვით: ასეთ რეჟიმში, მაგალითად, პირველი საკითხის განხილვას 20-ზე მეტი წუთი მიაქვს. Oოპოზიცია დეტალებში მიძვრება და განსაკუთრებით კომისიების თავმჯდომარეთა პოსტების გადანაწილებაზე კონტროლის გამკაცრებას ცდილობს. აქტიურობა უმრავლესობის ზოგიერთი წევრის აშკარა გაღიზიანებას იწვევს. ოპოზიცია პოზიციებს არ თმობს. ინგა გრიგოლია:
„ძალიან დიდი ხანი ისხედით ამ დარბაზში. ასე რომ, ყველანი მიჩვეული იყავით: ერთი რომ იტყოდა, ყველა კვერს გიკრავდათ. ასე რომ, ნუ გაღიზიანდებით ოპოზიციის ამა თუ იმ წევრის გამოსვლაზე, იყავით მშვიდად. დღეიდან თქვენ მოგიწევთ ძალიან სერიოზული ოპონირების რეჟიმში მუშაობა. ვიმუშაოთ ნორმალურად. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეიდან მარტოები აღარ ხართ.“

სულ ოცდარვა საკითხია განსახილველი. აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, დროებითი კომისიების თავმჯდომარეები. რამდენიმე თანამდებობა ოპოზიციასაც შეხვდა. მეორე სართულზე, აივანზე, საიდანაც მთელი პროცესი ხელის გულზე ჩანს, ერთი იმდენივე ადამიანია შეკრებილი, რაც დარბაზში. ჟურნალისტების გარდა, აქ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებიც არიან. ზოგიერთ მათგანს მსგავს რეჟიმში ბევრი სხდომა აქვს ნანახი. მაგალითად, ვახტანგ თორთლაძე - საკრებულოს აპარატის წევრი:

„წინა საკრებულოში იყო სულ სამი ოპოზიციის წარმომადგენელი, დღეს არის თერთმეტი. ამდენად, ეს სხდომები, ალბათ, უფრო საინტერესოდ წარიმართება, იმიტომ რომ ოპოზიციის რაოდენობა გაიზარდა, თან თანამდებობებს სთავაზობენ, ანუ მართვაში ჩაბმას სთავაზობენ. ალბათ, უფრო კონსტრუქციულ საკრებულოს მივიღებთ. ჩემთვისაც კარგია, თქვენთვისაც და ყველასთვის, ვინც თბილისში ცხოვრობს.“
ეს დარბაზი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საკრებულომ სამჯერ დაიკავა. პირველად - 1998 წელს. იმ მოწვევის საკრებულოს აქტივში მიწებზე ფასების რეგულირება და ქალაქის ზონებად დაყოფა იყო. მეორედ - 2002 წელს. მაშინ საკრებულომ ეგრეთ წოდებულ უკანონო მშენებლობებსა და სავაჭრო ჯიხურებს გამოუცხადა ომი. ბოლო საკრებულო, ძირითადად, თანხების განაწილებაში ჩაერთო - გაზრდილი ბიუჯეტით საკრებულომ სხვადასხვა შეღავათები დაადგინა. უკანასკნელი საკრებულოს მუშაობა დარბაზში კობა დავითაშვილმა ნოტარიუსს შეადარა, როცა საკრებულო მარტივად ქალაქის მერის სხვადასხვა ინიციატივების დამტკიცებით იყო დაკავებული. ამჯერად დავითაშვილმა უმრავლესობას განსხვავებული აზრის გათვალისწინებისკენ მოუწოდა:

„აიტანეთ განსხვავებული აზრი და ხელების გაშლა არ არის საჭირო. ჩვენ ვართ კოლეგები და საჭიროა ელემენტარული ურთიერთპატივისცემა.“
ოპოზიციამ საკითხების განხილვაზე მეტი დრო საკუთარი პოზიციების წარდგენასა და წარსულზე საუბარს დაუთმო: სად იყავითო, თაბუკაშვილზე ხალხს სახლს რომ უნგრევდნენო - ალბათ, მოგწონდათ სინქრონში მარტო საუბარიო. ამაზე ზოგი გაბრაზდა, ზოგმა კი უმრავლესობიდან სიტყვა დადო, რომ თქვენს გამოხატვის უფლებას სიცოცხლის ფასად დავიცავო. რამდენად მეტი დრო დაეთმობა საკითხების განხილვას და ნაკლები ერთმანეთისთვის პოზიციების მტკიცებას, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გამოჩნდება - სწორედ ამ დროით მიანიჭა ამ ადამიანებს ქალაქმა საკრებულოს მანდატები.
XS
SM
MD
LG