Accessibility links

რას გულისხმობს ევროკავშირის ვიზების მარტივად აღების პროცედურა


17 ივნისს, თბილისის დროით 13:30 საათზე, ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის სამეფოს - საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა და საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა. ვიზების გაცემის გამარტივების პროცედურა ოცზე მეტი კატეგორიის პირებს შეეხებათ, ხოლო სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებელი თითქმის ნახევრდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და უქმდება 10-ზე მეტი კატეგორიის პირებისთვის. კიდევ რა ცვლილებებს გულისხმობს 17 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება და კონკრეტულად ვისთვის იქნება ყოველივე ეს ხელსაყრელი?

ვიზების გაცემის გამარტივებული წესი 22 კატეგორიაში გაერთიანებულ პირებს შეეხებათ, მაგალითად: მოსწავლეებს, სტუდენტებს, მეცნიერებს, მკვლევარებს, ბიზნესმენებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სამედიცინო დახმარების მსურველებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხსენებული 22 კატეგორიიდან 12-ისთვის მთლიანად გაუქმდება სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი, ხოლო 11 კატეგორიის პირთათვის, გარკვეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღება. ასევე გარკვეულ შემთხვევებში და გარკვეულ პირებს უფლება ექნებათ მიიღონ 2-დან 5 წლამდე ვადის მრავალჯერადი ვიზა. დაშვებულია ასევე 5-წლამდე ვადის ვიზის გარკვეული კატეგორიის პირებზე პირდაპირი წესით გაცემაც. და კიდევ ერთი საყურადღებო ცვლილება: სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე.

ეს არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მთელ რიგ კატეგორიებს ძალიან შეუმსუბუქებს ვიზის მიღებას ...
მას შემდეგ, რაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ პირველად გავრცელდა ინფორმაცია ევროკავშირთან ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ, საქართველოს მოქალაქეებს საკმაო დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ ვიზების გაცემის გამარტივება სულაც არ ნიშნავს ვიზების სრულ გაუქმებას და რომ ევროპაში გასამგზავრებლად სულაც არ არის საკმარისი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში, უბრალოდ, ხელცარიელი მისვლა და ვიზის მოთხოვნა, რასაც იმ პერიოდში საქართველოს არაერთი მოქალაქე აკეთებდა. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილში იმედგაცრუებაც კი გამოიწვია იმის გაცნობიერებამ, რომ გამარტივებული პირობებით ვიზის მისაღებად, სულ მცირე, მასპინძელი მხარის მოწვევა მაინც არის საჭირო.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც ხუთშაბათს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას ესწრებოდა ბრიუსელში, არ იზიარებს სკეპტიკოსთა განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება მნიშვნელოვანს არაფერს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს:

თამარ ბერუჩაშვილი,სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
”ეს არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მთელ რიგ კატეგორიებს ძალიან შეუმსუბუქებს ვიზის მიღებას. ჩემს პრაქტიკაში, მაგალითად, ყოფილა პრობლემები იმ სტუდენტებთან და მკვლევარებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩართული არიან ევროპულ პროგრამებში, ყველანაირი აღიარება აქვთ, მათი სწავლა დაფინანსებულიც კია, მაგრამ იმის გამო, რომ, მაგალითად, მათ არ შეუძლიათ წარადგინონ კონკრეტული საელჩოს მიერ დაწესებული 5 ათასი ევროს ფინანსური უზრუნველყოფის ბანკის ანგარიში, ისინი ვერ მიდიოდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში... ახლა ასეთი შეფერხებები აღარ უნდა იყოს... ”

სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დაიწყო და ამით უკვე ისარგებლეს, მაგალითად, უკრაინამ და მოლდავეთმა. საქართველოს შემთხვევაში ეს პროცესი ევროკავშირის შედარებით ახალი პოლიტიკის - აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის - ფარგლებში დაჩქარდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ამ ნაბიჯს მნიშვნელოვან სამომავლო პერსპექტივასთან კავშირში განიხილავს:

17 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება, სავარაუდოდ, წლის ბოლოს შევა ძალაში
”ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენც მივაღწიოთ ”ვიზა ლიბერალიზეიშენს”, ანუ ვიზების საერთოდ გაუქმებას... ეს პროცესი უკვე გაიარეს ბალკანეთის ქვეყნებმა, ვგულისხმობ - სერბეთს, მაკედონიას... და ამ პროცესს ახლა უერთდება, მაგალითად, ალბანეთი...”

ვიზების სრული გაუქმების პერსპექტივას ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივად მოიხსენიებს და ამიტომ, თამარ ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებული პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე არარეალისტური და არასწორი იქნებოდა.

17 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება კი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს შევა ძალაში, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასთან ერთად, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ" შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ საქართველო და ევროკავშირის სახელმწიფოები, შემდეგი ქვეყნების გარდა: დანიის სამეფო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ირლანდიის რესპუბლიკა. თუმცა შენგენის ზონაში არშემავალმა ამ სახელმწიფოებმა, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, რეადმისიის შეთანხმებასთან მიერთება ”ბოლო წუთს” მაინც გადაწყვიტეს. ”მათ ყველა პროცედურის გასავლელად დაახლოებით 2 თვე მაინც დასჭირდებათ და ამიტომ რეადმისიასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ხელი 5 აგვისტოს მოეწერება”, - აზუსტებს ვაშაძე.

რეადმისიის შეთანხმების მიხედვით, თუკი საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, საქართველო ვალდებულია დააბრუნოს ის სამშობლოში და ხელი შეუწყოს მის რეინტეგრაციას საზოგადოებაში. ეს პასუხისმგებლობა საქართველომ საკუთარ თავზე სხვა ქვეყნების იმ მოქალაქეებთან მიმართებითაც უნდა აიღოს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად სწორედ საქართველოს გავლით მოხვდნენ.
XS
SM
MD
LG