Accessibility links

logo-print

„მეკობრეთა პარტიის“ ქალაქში სომალელ მეკობრეებს გაასამართლებენ


"მეკობრეების პარტიის" წევრები

"მეკობრეების პარტიის" წევრები

ჰამბურგი ზღვისპირა ქალაქი არ არის, მაგრამ იქ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია. იქ ქალაქის ჰიმნით ეგებებიან ყველა გემს, - სხვათა შორის, საქართველოდან მომავალსაც, - რომელიც ნავსადგურში, ელბის დელტაში შედის. ეს დელტა აკავშირებს გერმანიის ფედერაციული მიწისა და თავისუფალის სტატუსის მქონე ამ ქალაქს ზღვასთან. იქ, სადაც წყალი და გემები იყო, ყოველთვის იყვნენ ხოლმე მეზღვაურები და სადაც მეზღვაურები იყვნენ, იყვნენ მეკობრეები, მამაცი მძარცველები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ხომალდებს. ჰამბურგი რომ ძალიან არის დაკავშირებული მეკობრეობასთან, ამაზე ნახევრად ხუმრობით გველაპარაკება ჰამბურგის ალტონას ხელოვნებისა და კულტურის ისტორიის ბიბლიოთეკის თანამშრომელი ბრიტა ნიბური:

„მეკობრეობა იმდენად იდეალიზებული და, ალბათ, მისტიფიცირებული და რომანტიზებულია, რომ ბოლო არჩევნებში ჰამბურგში „მეკობრეების პარტია“ ჩაერთო. ვფიქრობდით, რა არის ეს - უაზრობა, თამაში თუ რა? ისინი შეეცადნენ მეკობრის ამ იმიჯით ებრძოლათ და აცხადებდნენ, ყველანაირი მბრძანებლობის წინააღმდეგნი ვართ. თუკი ხმას მოგვცემთ და გავიმარჯვებთ, დიდ ქეიფს მოვაწყობთ და ყველას უფასო ლუდს დაგალევინებთო. ალბათ, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, სამხიარულო იდეაა - მოდი, მივცემ ხმასო.“

ლეგენდარული მეკობრის, შტიორტებეკერის ძეგლი ჰამბურგში.
არჩევნებში „მეკობრეების პარტიას“ არ გაუმარჯვია და არც ნამდვილი მეკობრეები ბატონობენ ზღვაზე. ქალაქს ამ დღეებში მისი ისტორია დაუბრუნდა. იქ სომალის ნაპირებთან დაკავებული მეკობრეები ჩაიყვანეს, რომლებიც იქვე უნდა გაასამართლონ გერმანული გემის ძალით დაკავების, გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცების ბრალდებით. სასამართლო უახლოეს თვეებში გაიმართება. ეს იქნება 400 წლის შემდეგ პირველი პროცესი, რომელზეც ამ ქალაქში მეკობრეებს გაასამართლებენ.

ყველაზე ცნობილი ლეგენდა: მეკობრე აქ 600 წლის წინ, მე-15 საუკუნის პირველ წლებში, დასაჯეს სიკვდილით. კლაუს თუ კლაას შტიორტებეკერი სავაჭრო გემების რისხვა იყო. როგორც გადმოგვცემენ, ერთი სულის მოთქმით სვამდა თურმე ოთხ ლიტრ სასმელს, - ღვინოს თუ ლუდს, ვერ გეტყვით, მაგრამ სვამდა კი, - რასაც უკავშირდება მისი გვარი თუ ზედმეტი სახელი, რომელიც სამხრეთული გერმანულით „წააქციე ჭიქას“ ნიშნავს. ქალაქში მისი ძეგლი დგას, მუზეუმში მისი სავარაუდო თავის ქალა ინახება და მეკობრეობის საგანგებო განყოფილება არსებობს.

ერთ ლეგენდასაც გიამბობთ ამ უცნობილეს მეკობრეზე, რომელიც წარმოშობით, სხვადასხვა ვერსიის თანახმად, ვიზმარიდან იყო. შტიორტებეკერი, პირველ რიგში, დანიისა და ლიუბეკის სავაჭრო გემებს ძარცვავდა. თავად მას შვეციის მეფე მფარველობდა. როცა შტიორტებეკერმა და მისმა ამხანაგებმა იმდენად დამოუკიდებლად იგრძნეს თავი, რომ უმართავნი გახდნენ და როცა აშკარად გამოჩნდა, რომ მეკობრეები უცხოეთთან ჰამბურგისა და სხვა ქალაქების ვაჭრობას აფერხებდნენ, ხელისუფლება ამოქმედდა. შტიორტებეკერი დააკავეს - მოღალატეებმა გასცესო, გვიამბობს ლეგენდა. მას ჰამბურგში, მოედანზე, თავის ათეულობით თანამძარცველთან ერთად, თავი მოჰკვეთეს.

სანამ ჯალათს, მაისტერ როზენფელდს, გადასცემდნენ შტიორტებეკერს, მან ქალაქის თავს, კერსტენ მილეს, ბოლო თხოვნით მიმართა: როცა თავს მომჭრით, უთავოდ ჩემს რამდენ მეგობართანაც მოვახერხებ მიახლოებას (ისინიც იქვე იყვნენ, სასჯელს ელოდნენ), იმდენი შეიწყალეთო. ბიურგერმაისტერი დათანხმდა. ჯალათმა თავისი საქმე აღასრულა. კლაას შტიორტებეკერმა, უთავოდ, თავის თერთმეტ ამხანაგთან მისვლა შეძლო, სანამ ჯალათი მას ფეხს დაუდებდა და წააქცევდა. ქალაქის თავმა სიტყვა არ შეუსრულა - მის ყველა თანამზრახველს თავი მოჰკვეთეს. შტიორტებეკერი უდრეკი დარჩა სიკვდილის შემდეგაც.

შტიორტებეკერი ჰამბურგში ჩაჰყავთ.
ამ ქალაქში უკვე 21-ე საუკუნეში, 2010 წლის 11 ივნისს, ჰოლანდიიდან ჩაიყვანეს ათი მეკობრეობაში ეჭვმიტანილი პირი, სომალელები, რომლებიც თავს დაესხნენ გერმანიაში, ჰამბურგში რეგისტრირებული ფირმის სატვირთო გემს, „ტაიპანს“, სომალის სანაპიროდან 500 საზღვაო მილში. ეს მოხდა აპრილში, ნააღდგომევს. ნიდერლანდის იმავე არეალში მყოფმა სამხედრო გემმა „ტაიპანი“ მეკობრეებისგან გაათავისუფლა, სომალელები დააკავა და, ჰოლანდიის გავლით, გერმანიის მოთხოვნით, ისინი ჰამბურგში ჩაიყვანეს. დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში არიან. ჰამბურგის პროკურატურის პრესმდივანი ვილჰელმ მიოლერსი გვიამბობს ეჭვმიტანილებზე, რომელთა შორისაც ერთი 15 წლისაა, ანუ არასრულწლოვანია:

„დაკავების შესახებ დადგენილების გაცნობის დროს ყმაწვილმა იტირა, დანარჩენებმა ის თავშეკავებით მოისმინეს - ვერ იტყვი, გულგრილადო, მაგრამ თავშეკავებით მიიღეს ის ცნობად.“

პროკურატურის პრესმდივანმა ასევე გვითხრა, რომ მათ წინასწარი პატიმრობა ჰამბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯათ და ადვოკატები დაუნიშნეს:

„ეჭვმიტანილებს არაფერი უთქვამთ მოსამართლის წინაშე. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. ყველა ადვოკატმა მოითხოვა საქმის გაცნობა და ამის საშუალება მიეცათ.“

მიოლერსისვე თანახმად, დაახლოებით შემოდგომის დასაწყისისთვის საქმე უკვე სასამართლოს გადაეცემა. მან გვიამბო ისიც, რომ ზემოთ ნახსენები არასრულწლოვანი, როცა ის ჰოლანდიაში ჩაიყვანეს სხვებთან ერთად, აცხადებდა, 13 წლის ვარო. მაგრამ ექპერტიზამ დაადგინა, რომ ის 15-სა უნდა იყოს. მას და მის ცხრა მეგობარს ახლა გერმანიის კანონით გაასამართლებენ.
ადრე ამ არეალში, სომალის სანაპიროსთან, სადაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად ხდება გემებზე თავდასხმა, დაკავებულ მეკობრეებს კენიაში ასამართლებდნენ ხოლმე. ახლა კენიამ უარი თქვა ამ პასუხისმგებლობაზე და იმის მიხედვით, თუ ვის ეკუთვნის გემი, ესა თუ ის სახელმწიფო წყვეტს, რა იღონოს. რუსეთმა ანალოგიურ შემთხვევაში მეკობრეები ღია ზღვაში გაუშვა. თუკი ჰოლანდიელების მიერ დაკავებულ მეკობრეებს დანაშაული დაუმტკიცეს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ქალაქის პროკურატურის პრესმდივანს ვკითხეთ, რამდენად სწორია სომალელების გერმანიაში გასამართლება, იურიდიული თვალსაზრისით.

„ახლა მათზე სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმები გავრცელდება. აქამდე ისინი ამ ნორმებს არ იცნობდნენ. სწორედ ამიტომ ჰყავთ ადვოკატები, რომლებიც მათ დაიცავენ.“

მეკობრეობაში ეჭვმიტანილი სომალელი მანქანით მიჰყავთ ჰამბურგის ციხეში.
როგორ მოხდა, რომ დღევანდელი გაგებით დამნაშავეს ძეგლი დაუდგეს? - ვკითხეთ ჰამბურგის ალტონას მუზეუმის ბიბლიოთეკარს, ბრიტა ნიბურს. მისი თქმით, მეკობრეები მამაც, ძლიერ ადამიანებად, ზღვის მბრძანებლებად არიან ხოლმე წარმოდგენილნი. ამიტომაა, რომ მათი იდეალიზება ხდება. თუკი მათ დღეს მოქმედ მეკობრეებს შევადარებთ, რა თქმა უნდა, ეს სრულიად სხვადასხვა ფენომენებია. კლაუს შტიორტებეკერიც მაშინვე ალაგმეს, როცა ჰამბურგელ ვაჭრებს ხელი შეუშალა. „ჩანს, იყო ხალხი, ვისაც მის მიმართ სიმპათია ჰქონდა, ვისაც მიაჩნდა, რომ ის ხელისუფლებს და მდიდრებს ართმევდა და რადგან ძლიერი, კარგი მეზღვაური იყო, ამიტომაც ახერხებდა ხოლმე გაჰქცეოდა მდევარს.“

რა ურთიერთმიმართებაშია იდეალიზებული მეკობრის - გერმანულიდან სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, „ზღვის ყაჩაღის“ - სახე, ყაჩაღისა, რომელსაც ჰამბურგში ძეგლიც კი უდგას, და სომალელი მეკობრეებისა, მათი, ვისაც ახლა იქ გაასამართლებენ? ბრიტა ნიბური:

„ლეგენდა მას მეამბოხედ წარმოგვიდგენს. თანამედროვე ლიტერატურაში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მეკობრეებს გამოსახავენ დადებით გმირებად, რომლებიც ძალაუფლების მქონეთ უმხედრდებიან და ასე შემდეგ. მაგრამ შტიორტებეკერის შესახებ ლეგენდა არანაირად არ ესადაგება იმას, რაც დღეს ხდება მეზღვაურების თავს, როცა მათ მეკობრეები საფრთხეს უქმნიან. ერთია ლეგენდის გმირი და მეორეა პრობლემა, რომელიც მართლაც არსებობს მეკობრეობის სახით. ცხადია, ისინი დანაშავეები არიან“.

ლეგენდა ლეგენდად რჩება. ლეგენდის გმირს, როგორც გითხარით, ძეგლი უდგას ჰამბურგში, მაგრამ ძეგლი ხომ აღარ ყაჩაღობს!.. სომალელებმა კი არა მხოლოდ გემი ჩაიგდეს ხელში, მათ აღმოუჩინეს იარაღიც - ავტომატები, ორი ნაღმმტყორცნი, ასევე მეკობრეთა აუცილებელი იარაღი, ორი კაუჭიანი ჭოკი, რომლებიც ჰამბურგელი გამომძიებლებისთვის ნივთმტკიცებას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG