Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატი ყირგიზეთში ძალადობის დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს


ცენტრალურ აზიაში შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკი გამოდის მოწოდებით, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს ყირგიზეთში ბოლოდროინდელ ეთნიკურ ძალადობასთან დაკავშირებით. რობერტ ბლეიკი დღეს უზბეკეთში იმყოფებოდა, ყირგიზეთის საზღვრის მახლობლად, სადაც ყირგიზეთიდან ძალადობის გამო გაქცეული ლტოლვილების ბანაკი მოინახულა. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ეთნიკური დაპირისპირება მილიონამდე ადამიანს შეეხო - ეს მაჩვენებელი მოიცავს ლტოლვილებს, ადგილნაცვალ პირებს, მათს მასპინძელ ოჯახებს და სხვებს, ვისაც შესაძლოა, დახმარება ესაჭიროებოდეს. ყირგიზეთის მთავრობის განცხადებით, დაიღუპა 200-მდე ადამიანი, თუმცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი როზა ოტუნბაევა დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ძალადობის შედეგად დაღუპულების რიცხვი შესაძლოა, ათჯერ მეტი იყოს და 2000-ს აღწევდეს. ოტუნბაევა დღეს ჩავიდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში, რომელიც ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიცენტრად ითვლება.
XS
SM
MD
LG