Accessibility links

logo-print
1969 წლის 12 ოქტომბერს დეტროიტის ერთ-ერთი რადიოსადგურის დი-ჯეის დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ “ბიტლზის” სიმღერას, “Strawberry Fields Forever”-ს უკუღმა დაატრიალებდა, გაიგონებდა ლენონის ჩურჩულს „I burried Paul“ (მე დავმარხე პოლი). ამას მასობრივი ისტერია მოჰყვა. სასწრაფოდ გაიხსენეს ალბომ “სერჟანტ პეპერსის” ყდის უკანა მხარე, სადაც პოლ მაკკარტნი ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავებით ზურგით დგას. ასეთივე ინტერპრეტაციის მსხვერპლი გახდა “ბიტლზის” უკანასკნელი ალბომის, Abbey Road-ის ყდა: მაკკარტნი, რომელიც ფოტოზე ფეხშიშველი იყო, გვამს წარმოადგენდა, ლენონი - მღვდელს, რინგო სტარი - მესაფლავეს, ხოლო ჰარისონი - მგლოვიარეს. Magical Mystery Tour-ის ყდაზე ოთხიდან მხოლოდ პოლს უჭირავს ხელში შავი ყვავილი და ფეხსაცმელზე სისხლის კვალი ატყვია. ერთ ფოტოზე მას სამკლავური უკეთია წარწერით - OPD, რაც გაიშიფრა, როგორც “ოფიციალურად გამოცხადებული სიკვდილი”; სინამდვილეში კი ეს აბრევიატურა “ონტარიოს პოლიციის დეპარტამენტს” ნიშნავდა. ამ ფარულ მინიშნებებზე ლაპარაკი უსაშველოდ შეიძლება გავაგრძელოთ, რადგან ფანებმა პოლის სიკვდილის დამადასტურებელი 130 (!) “უტყუარი” ფაქტი აღმოაჩინეს. საბოლოოდ ამ ყველაფერმა ისეთი არანორმალური მასშტაბები მიიღო, რომ მაკკარტნის ტელევიზიით მოუხდა გამოსვლა, სადაც განაცხადა: “ჭორები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულია.”

პოპულარობა ძნელია. მით უმეტეს, როცა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ოთხეულის წევრი ხარ. მით უმეტეს, როცა ამ ოთხეულიდან ორი აღარ არის ცოცხალი: ერთი გადარეულმა ფანმა მოკლა, მეორე კი სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მის სახლში შევარდნილმა მანიაკმა დაჭრა.

პოლ მაკკარტნის უამრავი ოფიციალური და არაოფიციალური ტიტული აქვს მინიჭებული. პირველ რიგში ის სერი გახდა, თუმცა, ეს მაღალი ტიტული არაფერია, მის სხვა დამსახურებებთან შედარებით: თანამედროვე მუსიკის ყველაზე დიდი კომპოზიტორი; ადამიანი, რომელმაც დასახა ახალგაზრდული კულტურის განვითარების გზები და რევოლუცია მოახდინა თაობის აზროვნებაში; მისი ნოვატორული იდეებით დღესაც ბევრი ხელოვანი საზრდოობს; არის ყველაზე მდიდარი მუსიკოსი მსოფლიოში; “ბიტლზთან” ერთად ჩაწერილი ზეწარმატებული ალბომების გარდა, დამოუკიდებლად და თავის ჯგუფთან Wings-თან ერთად გამოშვებული აქვს 30-ზე მეტი ალბომი; მისი სიმღერა “Yesterday” მსოფლიოში ყველაზე ხშირად არის შესრულებული.

მისმა არაორდინარულმა იდეებმა მხოლოდ მუსიკაში არ იჩინეს თავი. როკ-სამყაროს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომი - “ბიტლზის” “სერჟანტ პეპერსი” თითქმის მთლიანად მაკკარტნის პირმშოა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ამ ჩანაწერმა თითქმის მთლიანად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება როკ-მუსიკისადმი. ამ ალბომში ყველაფერი ახალი იყო. ადრე ალბომები უბრალოდ სიმღერების კრებულები იყო, “სერჟანტი” კი ერთმანეთთან კონცეპტუალურად დაკავშირებული ნაწარმოებების ციკლს წარმოადგენდა. იქ არ არსებობდა ტრადიციული ოთხწამიანი პაუზა სიმღერებს შორის: ყველა სიმღერა ერმანეთს ბუნებრივად ერწყმოდა. გარდა ამისა მაკკარტნი პირველი იყო მუსიკოსებს შორის, რომელმაც ცხოველებზე იზრუნა - დისკზე 15 ათასი მეგაჰერცის სიხშირით ჩაწერილია ადამიანის ყურისთვის მიუწვდომელი ბგერები, თუმცა მათზე აუცილებლად რეაგირებენ ძაღლები. ეს კიდევ არ არის ყველაფერი: “სერჟანტის” ყდა ახლი სიტყვა გახდა პოპ-არტში; ის იყო პირველი გადასაშლელი ალბომი; პირველი ალბომი რომლის გარეკანზე სიმღერების ტექსტები დაიბეჭდა და ბოლოს, ალბომში შევიდა სიმღერა, “When I’m 64” (“როცა 64 წლის გავხდები”), რომელსაც დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს - დღეს სერ პოლ მაკკარტნი უკვე 68 წლის გახდა! “ბიტლზის” უამრავი თაყვანისმცელისთვის ამ სიმღერას ზოგჯერ გაუცნობიერებელი, მისტიკური დატვირთვა აქვს: ჯგუფის ორმა წევრმა ვერ მიაღწია იმ ასაკს, რომელზეც პოლმა 43 წლის წინათ იმღერა.

დღეს მაკკარტნი მარტო წარსულის დიდებით არ ცხოვრობს. ის აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით და საკონცერტო მოღვაწეობას; ჰყავს 5 შვილი.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ოდნავ გადავუხვევ თემას და შევეხები მაკკარტნის საფეხბურთო მიდრეკილებებს, რომლის გამჟღავნებაც “ბიტლზის” პერიოდში მენეჯერისგან აკრძალული ჰქონდა. ოჯახური ტრადიციების გამო ის “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, მაგრამ მოგვიანებით “ლივერპულზე” გადაერთო. დღეს კი, მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობით აცხადებს, რომ ორივე გუნდს გულშემატკივრობს, თუმცა როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, იძულებულია “ევერტონს” უქომაგოს. სხვათა შორის, 1966, 1968 და 1986 წლებში ის ესწრებოდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალურ მატჩებს ლივერულის კლუბების მონაწილეობით.

და კიდევ ერთი ამბავი: ორიოდე წლის წინ ერთმა ელექტრონულმა გამომცემლობამ ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ იქნებოდა ყველაზე შესაფერისი პრეზიდენტი ევროპის კონტინენტისთვის. 12 ნომინანტიდან, რომელთა შორის იყვნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ტონი ბლერი, 21 პროცენტით დამაჯერებლად გაიმარჯვა დღევანდელმა იუბილარმა.

ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებთ პოლ!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG