Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭუბერის მოსახლეობა სასმელ წყალს და პროდუქტს ითხოვს


უკვე მესამე დღეა სვანეთში, კოკისპირული წვიმების შედეგად, სტიქია მძვინვარებს. მესტიიდან 74 კილომეტრში მდებარე ჭუბერის თემის 12 სოფელი მდინარე ჭუბრულამ გარე სამყაროს მოსწყვიტა. ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზების დიდი ნაწილი და სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო. ჭუბერის მკვიდრი, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა, გვამცნობს, რომ მოვარდნილმა მდინარემ მთლიანად გაანადგურა სუფთა წყლის მილები, რის გამოც მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მისივე ცნობით, სოფლებს უკვე ორი დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება.

”პირველ რიგში რაც ახლა გვჭირდება, სასმელი წყალია. საშინელი მდგომარეობაა ყველა სოფელში. არ არსებობს გზები და ხიდები. წყალმა წაიღო სუფთა წლის მილები და კანალიზაციის სისტემები. წუხელი ბავშვები გავხიზნე ნაკლებად საშიშ ზონაში. მთელი ღამე წვიმდა და ის პატარა გზაც ჩარეცხა, რომლითაც აქამდე შეიძლებოდა სოფელში შესვლა. გამგებელი იყო მოსული და რაღაცები ჩაინიშნა, მაგრამ დახმარებას როდის გაგვიწევენ, არ ვიცით. მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძებიც წაიღო წყალმა წუხელი. პროდუქტიც გვიმთავრდება. წარმოიდგინეთ გამოზამთრებული სოფელი - რაც სურსათი გვქონდა მომარაგებული, დაილია”, - გვიხსნის ჭუბერის მკვიდრი.

როგორც ჭუბერელი რესპონდენტი იტყობინება, უკვე მეორე დღეა სვანეთში მყოფი მესაზღვრეები ეძებენ მენახირეებს, რომლებსაც საქონელი ჰყავდათ გაყვანილი საზაფხულო საძოვრებზე. ”მენახირეების არაფერი ვიცით. მესაზღვრეები წავიდნენ საძებრად და ისინიც არ ჩანან. მდინარის მეორე მხარეს იყვნენ და თუ გადმოსვლა მოინდომეს, ვერანაირად ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ პრაქტიკულად სოფლებში გზები და ხიდები არ არსებობს”, - ამბობს ჭუბერელი ქალი.

დაკარგულად მიჩნეულ მენახირეებზე ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს მესტიის გამგებელი. გოჩა ჭელიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სტიქიის შედეგად რაიონულ ცენტრს მოწყვეტილ სოფლებში შეუძლებელია რაიმე სახის სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. ”ვითარება იგივეა, რაც გუშინ იყო. მდინარის დონე კვლავ არ იკლებს. მის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა წუხელიც გავხიზნეთ. თუ საჭირო იქნება მათი ევაკუაცია, ამას პრობლემების გარეშე განვახორციელებთ”, - განაცხადა მესტიის გამგებელმა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება და გზებისა და ხიდების აღდგენა გამოდარებისთანავე დაიწყება. წუხელ კი სვანეთში გადაუღებლად წვიმდა.
XS
SM
MD
LG