Accessibility links

logo-print
15 ივნისს ბათუმში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტის საუბარი აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოულოდნელად ქართველ მამლუქთა განსაკუთრებულ ღვაწლზე წაკითხული ლექციით გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილმა და საგანგებოდ მიწვეულმა ახალგაზრდა მეცნიერმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ აზიის მთელი რიგი ქვეყნები წლების განმავლობაში ქართველების მიერ იმართებოდა: ქართველი ხანები აშენებდნენ ქალაქებს, იპყრობდნენ ტერიტორიებს და თვით შაჰ აბასის კარზეც კი ქართული ლაპარაკი ისმოდა. რისთვის დასჭირდა პრეზიდენტს მამლუქთა ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმა და ხომ არ იხრება ხელისუფლება სამოქალაქო ნაციონალიზმიდან კვლავ ეთნიკური ნაციონალიზმისკენ?

პირადად აქვს ჩემთვის ნათქვამი კუვეიტის ერთ-ერთ მმართველს, რომ მისი ბაბუა იყო ქართველი და საუდის არაბეთის დამფუძნებელი დედოფალი იყო ქართველი ...
გასული სუკუნის 90-იანი წლებისაგან განსხვავებით, თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსები სულ უფრო იშვიათად უსვამენ ხაზს ეთნიკურ ქართველთა განსაკუთრებულობას. პოლიტიკური პარტიებიც, როგორც წესი, თავიანთ პროგრამებში ხარკს უხდიან თანასწორობასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში კვლავ არიან პოლიტიკოსები, რომელთა რეიტინგს დიდწილად ნაციონალისტური რიტორიკა განაპირობებს. ცხადია, ამგვარი პოლიტიკოსების რიცხვს არ მიეკუთვნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის ხაზგასმით ცდილობდა ეთნიკური ნაციონალიზმის სამოქალაქოთი ჩანაცვლებას, თუმცა ბათუმში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა ეთნიკურ წარმომავლობაზე მართლაც უჩვეულოდ ბევრი ილაპარაკა:

„პირადად აქვს ჩემთვის ნათქვამი კუვეიტის ერთ-ერთ მმართველს, რომ მისი ბაბუა იყო ქართველი და საუდის არაბეთის დამფუძნებელი დედოფალი იყო ქართველი. ასევე, ირანში ისპაჰანი, რომელიც ნამდვილი ვენეციაა, აშენებულია ალავერდი უნდილაძის მიერ და ისიც იცით, რომ მაშინ შაჰის კარზე ქართულად ლაპარაკობდნენ. ეს კარგად ცნობილი ფაქტია.“

ამგვარი შინაარსის ჩართვებს მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად აკეთებდა, ძირითადი მომხსენებელი კი აღმოსავლეთმცოდნე კონსტანტინე ფერაძე იყო, რომელმაც ლექცია შემდეგი დასკვნით დაასრულა:

„ისინი ამაყობენ თავიანთი წინაპრებით, წიგნებს გამოსცემენ და ეამაყებათ, რომ ქართველების შთამომავლები არიან. „გურჯი“ ძალიან მნიშვნელოვანი გვარია ბევრ ქვეყანაში დღემდე.“

პირდაპირი ეთერით გადაცემულმა ამ უცნაურმა შეხვედრამ საზოგადოების ნაწილს გაუჩინა განცდა, რომ ეროვნული მოძრაობის დროინდელი კლიშე - „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ - ჯერაც არ გახუნებულა. საქართველოში, ალბათ, ჯერ კიდევ ახსოვთ, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ ქართველთა განსაკუთრებულობისა და საქართველოს სულიერი მისიის შესახებ იწერებოდა სტატიები, კეთდებოდა რეპორტაჟები და ითხზვებოდა საეჭვო ღირებულების ლექსები თუ სიმღერები.

ქართველ მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის პირობებში კულტურული და ეთნიკური იდენტობა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დგას და მის დასაძლევად აქტიური მოქმედებაა საჭირო. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს, რომ საფრთხეს გრძნობს ქართველი ერი, რომელიც ხელისუფლებისგან ადეკვატურ მოქმედებას ელის.

„ის მოთხოვნა, რომელიც არსებობს ქართველი ხალხის მხრიდან, რისი მოლოდინის პასუხიც ხელისუფლებისგან უნდა რომ მიიღოს, იმისი გამოძახილი არის ეს. ბევრი რამ უნდა გაიგოს მცირერიცხოვანმა ერმა თავისი გამოცდილებიდან და ეს გამოცდილება არის დაფუძნებული იმაზე, თუ რანი ვიყავით, რას ვაკეთებდით. ინტერპრეტაცია რომ მოხდება წარსულისა იმით, რომ ჩვენ ამას გავუძელით, ეს გავაკეთეთ, მაშინ შინაგანად თვითიდენტობის მომენტები კონსტრუქციული იქნება“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა ჩაჩუამ.

პრეზიდენტის 15 ივნისის გამოსვლა უყურადღებოდ არც პოლიტიკურ ოპოზიციას დარჩენია, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალიზმი ზედაპირულია და არ ღირს მასზე სერიოზული მსჯელობა.

სააკაშვილის ოპონენტების ძალიან დიდი ნაწილი, უბრალოდ, ჩამოყალიბებული ეთნიკური ნაციონალისტია და ნამდვილად აჭარბებს ხელისუფლებას აღვირახსნილ ნაციონალისტურ რიტორიკაში.
„მისი ნაციონალიზმი პიარის დონეზეა, როცა ასეთი რაღაცებით ეუბნება მოსახლეობას, რომ ჩვენ მაგრები ვართ, ყოჩაღ ჩვენ და ასე შემდეგ. იდეოლოგიის დამკვიდრების მომენტი ნამდვილად არ არის, ასეთი რაღაცები არ ახასიათებს“, მიაჩნია დავით ზურაბიშვილს.

მიხეილ სააკაშვილი ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტების არასწორი დასმის გამო არც სხვა პოლიტიკურმა ოპონენტებმა გააკრიტიკეს, რის მიზეზადაც ფილოსოფოსი გიგა ზედანია შემდეგ გარემოებას ასახელებს:

„სააკაშვილის ოპონენტების ძალიან დიდი ნაწილი, უბრალოდ, ჩამოყალიბებული ეთნიკური ნაციონალისტია და ნამდვილად აჭარბებს ხელისუფლებას აღვირახსნილ ნაციონალისტურ რიტორიკაში.“

გიგა ზედანია ამბობს, რომ პრეზიდენტის ერთი გამოსვლა ნამდვილად არ იძლევა შორსმიმავალი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ, საქართველოს უახლოესი წარსულის გათვალისწინებით, მეტი სიფრთხილეა საჭირო:

„ჩვენ არც ისე შორს წავედით იმ პერიოდიდან, როცა საქართველოში ეთნიკური ნაციონალიზმი მძვინვარებდა. პრინციპში, არ მინდა პრეზიდენტს ვუსაყვედურო, იმიტომ რომ თვითონ უსვამდა მუდმივად ხაზს, რომ ქართველობა არ განისაზღვრება მხოლოდ ეთნიკურობით, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, აქცენტები ზედმეტად მძაფრად იყო დასმული. რიტორიკა კი, მიუხედავად ყველაფრისა, გავლენას ახდენს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანი მხოლოდ ლაპარაკობს და მეტი არაფერი. მით უმეტეს, პრეზიდენტის რიტორიკა ყოველთვის გავლენის მქონეა და, შესაბამისად, მეტი სიფრთხილე გვმართებს ამასთან დაკავშირებით.“

ცხადია, გაცილებით უარესი იქნებოდა პრეზიდენტს არა დაუდხანის, არამედ სტალინის ქართული წარმომავლობით რომ ეტრაბახა, თუმცა როცა სისხლი და ქართველობაა გადამწყვეტი, მნიშვნელობა არ აქვს ვისზეა ლაპარაკი. სტალინი მხოლოდ იმის გამო უყვართ საქართველოში, რომ ქართველი იყო: ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია, უამრავი ადამიანი დახოცა, მაგრამ ქართველი იყო! ასეთი მიდგომა ხიფათის შემცველია ყველა დროსა და ეპოქაში. ცნობილი და დაფასებული ქართველი პოეტის კალამს ეკუთვნის ზიზღითა და ქსენოფობიით გაჟღენთილი შემდეგი ლექსი, რომელიც სულ რაღაც ოცი წლის წინ შეიქმნა:

„საქართველოში მრავალჯერ თუმცა
სიკვდილის მოდგა ელჩი;
გუგულის კვერცხი
ესოდენ უხვად
ჯერ არ ყოფილა ჩვენში!“

გუგულის კვერცხში პოეტმა სხვა ეთნოსების წარმომადგენლები იგულისხმა -იმ ეთნოსებისა, რომლებსაც საცაა მერცხლის ბუდე დარჩებათ. მერცხლები, ცხადია, ქართველები არიან. ქართველები კი... როგორც ერთ მდარე ხარისხის სიმღერაშია, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG