Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 აპრილი 2010

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც მიუნხენში ჩატარებულ შეხვედრაზე წერს, სადაც ახალი ოპოზიციური ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ”ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ეროსი კიწმარიშვილი ამ ეტაპზე მხოლოდ გაერთიანების სქემაზე შეთანხმდნენ”, - წერს ”რეზონანსი” და ამატებს, ამ შეხვედრას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშიც ესწრებოდაო. გაზეთი ნინო ბურჯანაძეზეც წერს - როგორც ბურჯანაძე ამბობს, შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ სურვილი ამ შეხვედრაში მასაც მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ვინაიდან ამ ეტაპზე არანაირ ალიანსში გაწევრებას არ გეგმავს, მიიჩნია, რომ მიუნხენში გამგზავრების აუცილებლობა არ არსებობდაო, - წერს ”რეზონანსი”.

ეს რაც შეეხებოდა ახალი გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებს. ძველის დაშლის შესახებ კი ”ახალ თაობას” რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ესაუბრა. უფრო სწორად, ის ამ დაშლასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს აკრიტიკებს. ”ჩვენი ექსპერტების დონე არის კიდევ უფრო დაბალი, ვიდრე პოლიტიკოსების, თანაც - ბევრად დაბალი. სამწუხაროდ, ეს ერთ-ერთი დიდი მინუსია. ჩვენ სერიოზულად გვაკლია მათი შეფასებები. მე ხომ ზუსტად ვიცი, რა ხდებოდა ალიანსში. ჯერჯერობით არც ერთი ექსპერტის შეფასება არ მომისმენია, რომელიც ახლოს მაინც იქნებოდა სიმართლესთან და არ იყო ძნელი დასადგენი და გასათვლელი, სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობდა შიგნით”, - უთხრა ”ახალ თაობას” დავით ზურაბიშვილმა.

დღეს გაზეთები მხოლოდ ქართულ პოლიტიკაზე არ წერენ. მივუბრუნდეთ „რეზონანსს“, რომელიც იუწყება, რუსულმა და ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა გიგანტებმა „როსნეფტმა“ და „შევრონმა“ შავი ზღვის შელფის დასავლეთ მონაკვეთზე ნავთობის საძიებო და მოპოვებით სამუშაოებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმესო. ”არის თუ არა ეს ხელშეკრულება რაიმე კავშირში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებულ ნავთობის მარაგთან, უცნობია”, - წერს გაზეთი და იქვე დასძენს: თუმცა ცნობილია, რომ ორივე კომპანია აფხაზეთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვებითაა დაინტერესებულიო.

”ვერსიაში” კი წაიკითხავთ ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია ”გზა, მძღოლი, სამართალის” პრეზიდენტ რობერტ იანტბელიძესთან. ის ამბობს, ახალი ესტაკადა გადატვირთვას თბილისის ქუჩებში ვერ განმუხტავს, რადგან მთავარ პრობლემას ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქმნის, მას კი ესტაკადაზე გადაადგილების საშუალება არ ექნებაო”.
XS
SM
MD
LG