Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ხალხს აღმშენებლობასა და ეთნიკური კონფლიქტის გამოძიებას ჰპირდებიან


ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, როზა ოტუნბაევა
ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, როზა ოტუნბაევა
სამხრეთ ყირგიზეთში, სადაც ბოლოდროინდელმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ თითქმის ორი ასეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლების ლიდერი, როზა ოტუნბაევა ჩავიდა. რეგიონში ძალადობამ, მართალია იკლო, მაგრამ თავდასხმისა და ძარცვის ცალკეული შემთხვევები კვლავაც გრძელდება.

როზა ოტუნბაევა წელს, 19 მაისს შეუდგა ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, რაც წინა პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ოპონენტების საპროტესტო გამოსვლებსა და, საბოლოოდ, ბაკიევის მმართველობის დამხობას მოჰყვა. მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გართულდა - სამხრეთში, ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის 11 ივნისს დაწყებული დაპირისპირებით.

პარასკევს ოტუნბაევა ეთნიკური ძალადობის ეპიცენტრში ჩავიდა - ოშში და ქალაქს, გავრცელებული ინფორმაციით, გადაუფრინა ეთნიკური დაპირისპირებით მიყენებული ზარალის სანახავად. ამის შემდეგ მან პირობა დადო, რომ რეგიონი ისევ აღორძინდება:
„გვინდა, ხალხს აუცილებლად მივცეთ პერსპექტივა - იმედი, რომ ფეხზე დავაყენებთ ამ ქალაქს, რომ აუცილებლად დავაბრუნებთ ყველა ლტოლვილს, საამისოდ შევქმნით ყველა პირობას. ვფიქრობ, მთელი მსოფლიო დაგვეხმარება, რადგან გვაქვს კეთილი ნება: მშვიდობიანად, მეგობრულად ვიცხოვროთ ორმა ხალხმა“.

პარასკევსვე გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც როზა ოტუნბაევა გამოთქვამს შეშფოთებას, რომ სამხრეთში ეთნიკური ძალადობის შედეგად დაღუპულების რიცხვი შესაძლოა, ათჯერ აღემატებოდეს ოფიციალურ მონაცემებს - 190-მდე დაღუპულს...

დაზარალებულების რიცხვი, რასაკვირველია, გაცილებით უფრო მეტია. გაეროს შეფასებით, სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკურმა დაპირისპირებამ 400 000-მდე ადამიანს აიძულა ქვეყნიდან, ან შინიდან - ოშისა და ჯალალაბადის რაიონებიდან - გაქცევა. მეზობელ უზბეკეთს, სულ ცოტა, 75 000 ეთნიკური უზბეკი ლტოლვილი ჰყავს მიღებული და, ანდიჟანის პროვინციაში, სახალდახელო ბანაკებში დაბინავებული.

ანდიჟანის ბანაკი პარასკევს მოინახულა შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენელმა, სამხრეთი და ცენტრალური აზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკმა და გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკურ კონფლიქტთან დაკავშირებით. მანვე ყირგიზეთის ლიდერებს მოუწოდა, ბოლო მოუღონ ძალადობას.

ვრცელდება ცნობები ყირგიზების ბანდების მიერ ეთნიკური უზბეკების ცემის, წამების, გაუპატიურების შესახებ. როგორც იუწყებიან, მთლიანობაში ძალადობამ, მართალია, იკლო, მაგრამ თავდასხმის, თუ ძარცვის ცალკეული შემთხვევები კვლავაც გრძელდება. ქალაქი ოშში ბევრი შენობა, მათ შორის მაღაზიები, დაწესებულებები, კერძო სახლები დანგრეული და გადამწვარია. კონფლიქტის მსხვერპლთა შორის, ყირგიზებიც არიან, თუმცა თავდასხმები, უწინარეს ყოვლისა, ეთნიკური უზბეკების, მათი კუთვნილი შენობების წინააღმდეგ იყო მიმართული.

და მაინც, ოშში, როგორც ჩვენი კორესპონდენტი ბრუს პანიერი იუწყება, დამაიმედებელი სცენის ნახვაც შეიძლებოდა: იმამ ალ-ბუხარის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე შეკრებილების ნახვა. მლოცველებს შორის ყირგიზებიც იყვნენ და უზბეკებიცო, აღნიშნავს ბრუს პანიერი: „ღვთისმსახურების ბოლოს იმამმა ყველას შეახსენა, რომ უზბეკები და ყირგიზები მუსულმანები არიან და იმის გამო, რომ მულსულმანები არიან - ძმები არიან და პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ. ხალხი, რომელიც დავინახე, რომ მეჩეთიდან გამოდიოდა, უზბეკებიც იყვნენ და ყირგიზებიც. ისინი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ხელს ართმევდნენ, განიხილავდნენ იმას, რაც გასულ კვირაში მოხდა, მაგრამ მათ შორის სიძულვილი არ იყო. და ეს ხდებოდა შუაგულ ბრძოლის ველზე, რადგან იქვე, მეჩეთის ორივე მხარეს არის გადამწვარი კაფეები, სახლები, სხვადასხვა შენობა. ქუჩებში, ტროტუარებზე - ყველგან ნამსხვრევები ყრია“.
XS
SM
MD
LG