Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდების ზრდა ხმაურის ფონზე


დაახლოებით 230 მილიონი ლარით გაზრდილი წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებად სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია, დევნილთა სახლების მშენებლობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალური პროექტები სახელდება. 18 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, ვიდრე 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დამტკიცდებოდა, ყველაზე მწვავე კამათი მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების გაზრდის საკითხის განხილვას მოჰყვა. რა კითხვის ნიშნებს ხედავენ საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სარეზერვო ფონდების ხარჯვის მიღმა და რა პასუხი აქვს ხელისუფლებას?

შეკითხვაზე - რატომ იზრდება პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები ოცდაათ-ოცდაათი მილიონი ლარით, ფინანსთა მინისტრს ასეთი მარტივი პასუხი აქვს: ”იმიტომ რომ ისინი ამოწურულია.” თუმცა კახა ბაინდურაშვილი ფონდებში დამატებითი მილიონების ჩარიცხვას არა ზრდას, არამედ კანონის მიხედვით დაშვებულ ნორმამდე შევსებას უწოდებს:

”საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი ადგენს ზედა ზღვარს, რომლის მიხედვითაც, ისინი შეიძლება შეადგენდნენ 2%-მდე. აღნიშნული ზღვარის ზრდა არ ხდება... საუბარია იმ თანხაზე, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ისედაც შეიძლებოდა მოეთხოვა, კანონიდან გამომდინარე... მაგრამ გავითვალისწინეთ რა ის მძიმე ეკონომიკური ვითარება, რაც იმწუთას არსებობდა ქვეყანაში და ასევე გავითვალისწინეთ, მათ შორის, წინასაარჩევნო გარემო, ჩვენ გადავწყვიტეთ ნახევარი მოგვეთხოვა კანონის მიერ დაშვებული ნორმიდან... ”

ფინანსთა მინისტრის მიერ 18 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განმარტებები სულაც არ აკმაყოფილებთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძის შეკითხვები გაზრდილი სარეზერვო ფონდებიდან დასახარჯი თანხის მიზნობრიობას უკავშირდება:

”სრულიად გაურკვეველია... სარეზერვო ფონდები იზრდება 60 მილიონით და ამ დროს ცალკე 17 მილიონი სტიქიით დაზარალებულებისთვისაა განსაზღვრული... მაშინ ეს სარეზერვო ფონდები რისთვის გვჭირდება? მარტივი კითხვაა... თუ ეს ფონდები გვჭირდება სტივ უანდერის ჩამოსაყვანად ბათუმში, გვითხარით, ბატონო, და გასაგები იქნება...”

უკმაყოფილოა ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილიც. მისი გამოანგარიშებით, არასრული 7 წლის მანძილზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ რეალურად სად წავიდა ეს ფული, დეპუტატისთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ცაგარეიშვილი ცხარობს და უკვე აღარ აპირებს მიჰყვეს ხელისუფლების წარმომადგენელთა ტრადიციულ მითითებას მონაცემების ინტერნეტში მოძებნასთან დაკავშირებით:

”... ინტერნეტში რაც კიდია, მე ვნახე, ბატონო ჩემო... იქ კიდია მარტო აქტების ნომრები, თარიღები და თანხის მოცულობა. სად წავიდა ეს თანხა, ვინ დახარჯა, მიზნობრიობა ამ თანხების - არსად არაფერი არ ჩანს...”

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2004 წელს, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 2005 წელს შეიქმნა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, სადაც ამ ფონდებიდან ფულის ხარჯვის პროცესს წლების მანძილზე აკვირდებიან, აცხადებენ, რომ წლიდან წლამდე პროცესი სულ უფრო გაუმჭვირვალე ხდება.

ამას ხელს უწყობს ცვლილებები, რომლებიც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ბოლო წლებში შევიდა. საია განმარტავს, რომ, ძველი ნორმისაგან განსხვავებით, ფონდებიდან ფულის დასახარჯად ”უკვე აღარ არის აუცილებელი სახეზე იყოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევები, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები.” აღნიშნული კრიტერიუმები საერთოდ ამოვარდნილია ნორმის ტექსტიდან.

”ეს პროცესი აფართოებს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის თავისუფლად მოქმედების მასშტაბებს”, - ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თათული თოდუა:

”ძალიან არასახარბიელოა პრაქტიკა სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვისა და მათი გამჭვირვალობისა... ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებებს მოხმარდა სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხა, არის საჯარო და აღსანიშნავია, რომ ამ ფონდების ისტორიის დასაწყისში ეს ინფორმაცია გვეწოდებოდა კიდეც... მაგრამ უკვე 2008 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღარ გვაწვდის მის მიერ მიღებულ განკარგულებებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ... ჩვენი განცხადებები რჩება აბსოლუტურად უპასუხოდ, ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრები კი - განუხილველი... ამის შემდეგ ჩვენ გვრჩება ერთი გზა, რომ მივმართოთ სასამართლოს, თუმცა სასამართლოში ეს პროცესები დროში ხანგრძლივად იწელება... ”

თუკი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ინფორმაციის მიღების სიძნელეებს, ტრადიციულად, პრეზიდენტის ფონდთან დაკავშირებით აწყდებოდა, ბოლო პერიოდში იმავე ტიპის სიძნელეებმა ორაგნიზაციის პრაქტიკაში მთავრობის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებითაც იჩინა თავი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG