Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის დასახმარებლად გაერო 71 მილიონ დოლარს ითხოვს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ყირგიზეთის დასახმარებლად 71 მლნ დოლარის შეგროვებაში. ჟურნალისტებთან საუბარში გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სამხრეთ ყირგიზეთში დაპირისპირების შედეგად ადგილნაცვალ პირთა რიცხვი, სავარაუდოდ, 300 000-ს აღწევს, 100 000-მდე ადამიანი კი უზბეკეთში გაიქცა. მისივე თქმით, კიდევ ათიათასობით ადამიანი ცდილობს ყირგიზეთის დატოვებას. „დაზარალებულ რაიონებში ძარცვის, არასაკმარისი მომარაგებისა და გადაადგილების აკრძალვის გამო არა აქვთ საკმარისი წყალი, სურსათი და ელექტრომომარაგება. საავადმყოფოებსა და სხვა დაწესებულებებს სამედიცინო მარაგი უთავდებათ“, განაცხადა ბან კი მუნმა. მისივე თქმით, ის დაუკავშირდა ყირგიზეთის დროებით ლიდერ როზა ოტუნბაევას, უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვსა და სხვებს ყირგიზეთში წესრიგის აღდგენისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზებზე მოსალაპარაკებლად. გაეროს უწყებამ, რომელიც ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციაზე მუშაობს, განაცხადა, რომ გეგმა ითვალისწინებს 71,15 მილიონი დოლარის მოგროვებას და მომდევნო ექვსი თვის მანძილზე დახმარების მიწოდებას 1,1 მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც ყირგიზეთში ბოლოდროინდელი ძალადობის შედეგად დაზარალდა.
XS
SM
MD
LG