Accessibility links

logo-print
უნიჭო ადამიანი არ არსებობს!

ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და არა მგონია, სიცოცხლის ბოლომდე აზრი შემეცვალოს.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს უნიჭოდ გარემო და გარემოება აქცევს. როცა არა აქვს საშუალება, იცხოვროს თავისი ცხოვრებით, იმის კეთებას იწყებს, რაც არაა მისი საქმე - ცხოვრობს მშობლების, მეუღლის, მეზობლის, მეგობრის, პარტიის, ეკლესიის კარნახით. ტრადიციისა და კულტურის კარნახით. მეწაღის ნიჭი აქვს, მაგრამ ექიმი ხდება. ექიმის ნიჭი აქვს, მაგრამ ჟურნალისტის პროფესიას ირჩევს. კარგი თამადაა, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერობაზე ოცნებობს.

ცხადია, მეტ-ნაკლებად ასეა ყველგან; არ არსებობს საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანი თავისუფალია და აქვს საშუალება სრულიად გამოავლინოს თავი. მაგრამ საქართველოში, ჯერ ერთი, ”უდიპლომო სასიძოს” ფენომენია ძველი. მეორეც, კულტურა, რომელსაც წლების მანძილზე აკონტროლებდნენ (და აკონტროლებენ) ”კანონიერი ქურდები”, ”ხევისბერები”, ”თბილისელები”, ”პატრიარქები”, განუმეორებელსა და უნიკალურს ყველაზე საშიშ მტრად აღიქვამს.

ასე ჩნდება უნიჭობა - თავისუფლებას მოკლებული საზოგადოების პროდუქტი.

კი, აბსოლუტურად თავისუფალ საზოგადოებაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. მაგრამ რას ვიზამთ - ასეა მოწყობილი ზოგიერთი ჩვენგანის ტვინი - ”მარცხენა ნახევარსფერო” უფრო აქტიური გვაქვს. და, საერთოდ, მომავალს გულით უფრო ვხედავთ, ვიდრე ტვინით. ასე ვატარებთ წლებს - ბედნიერ მომავალზე ოცნებაში!

ამიტომაც წესით და რიგით ჩვენ, ”მეოცნებე ცაციებს” არაფრით არ უნდა მოგვწონებოდა წერილი ადამიანისა, რომლისთვისაც სრულიად მიუღებელია თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის იდეები. იმისთვის, ვინც გულის კარნახით ცხოვრობს, ეს კაცი - კახა ბენდუქიძე - ხომ ლამის კლასობრივი მტერია! მაგრამ იქ, სადაც ნიჭია, იდეოლოგია უკან რჩება.

ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ასეა. მე ძალიან გამამხიარულა ბატონი კახას წერილმა ”ერთი ბიჭის ისტორია”. მომეწონა არა მარტო იმიტომ, რომ სასაცილოა და მსუბუქად ცინიკური - მომეწონა, როგორაა აწყობილი, როგორ ვითარდება აზრი. თრილერია ნამდვილი!

მომეწონა და გული დამწყდა. გამახსენდა, როგორ წერენ ამ დროს ჩემი თანამოაზრეები? ისევ დამებადა კითხვა, რომელზეც არ მპასუხობენ ხოლმე - რანაირად შეიძლება კაცი თავს მემარცხენედ თვლიდეს და პრიალა ჟურნალის კორესპონდენტსაც კი ”საუნივერსიტეტო ენაზე” პასუხობდეს - ავტორიტეტების ციტირებით? საიდან მოდის ეს არაადეკვატურობა, სტილისა და ფორმის უგრძნობლობა? ყველაფერი ის, რაც ჯერ კიდევ გრამშის აწუხებდა, როცა წერდა, იტალიის ინტელიგენცია აბსტრაქტული, მეტისმეტად ინდივიდულისტური და კლანური სამყაროს ტყვედ იქცაო.

გამახსენდა ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალი და შოკი, რომელიც გამოიწვია ავსტრიელი რეჟისორის, პეტერ კერნის ფილმმა ”სისხლით გაერთიანებულნი”, ჰელმუტ ბერგერით მთავარ როლში - უმწეობითა და უნიჭობით გამოწვეული შოკი.

გამახსენდა, როგორ დავეწყვეთ ქართველები და გავეშურეთ ”პანორამის” პროგრამაში ჩართული ამ სურათის სანახავად - ვიღაც ფასბინდერის მეგობრის და მსახიობის, პეტერ კერნის გამო, ვიღაც კი ჰელმუტ ბერგერის სანახავად, იმის გასაგებად, თუ რას აკეთებს დღეს ლუკინო ვისკონტის მუზა. და რა ვნახეთ? ანტიფაშისტური ფილმი, გაკეთებული ისე, თითქოს სურათის ავტორს თავის სიცოცხლეში არათუ გადასაღები მოედანი, არამედ ერთი ფილმიც კი არ უნახავს. ვუყურებდით, როგორ განიცდის ჰელმუტ ბერგერის 80 წლის გმირი ნეოფაშისტების აბობოქრებას ავსტრიაში და გვეცინებოდა მის განცდებზე! წარმოგიდგენიათ? გვეცინებოდა კაცზე, რომელიც თითქმის მარტოდმარტო უცხადებს ბრძოლას ახალგაზრდა ნეოფაშისტებს!

ასე იცის უნიჭობამ. მას ყველაზე უფრო სათუთი თემის დისკრედიტაცია შეუძლია.

და განსაკუთრებით ასე იცის უნიჭობამ იქ, სადაც ადამიანები ტოტალურად არ აკეთებენ იმას, რაც, შესაძლებელია, ყველაზე უკეთ გამოსვლოდათ.

საქართველოს უახლესი ისტორია მდიდარზე მდიდარია ასეთი მაგალითებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ”უდიპლომო სასიძოს” სახეს ნელ-ნელა ჩაენაცვლა ახალი - ”ძალაუფლების დიპლომი”, რომლის მოსაპოვებლად გრძელზე გრძელი რიგი დადგა მეწაღის, ექიმის, თამადის, მომღერლის ნიჭით დაჯილდოებულებისა. თავისუფლებას მოკლებულ საზოგადოებაში, რომელსაც ”ხევისბერები” განაგებენ, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი განსაკუთრებით ხეირიანი საქმე აღმოჩნდა ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამან, თავის მხრივ, შექმნა კადრების პრობლემა. ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების სათავეში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც, შესაძლებელია, კეთილშობილური იდეებით გამოირჩეოდნენ - არც ცუდი მენეჯერები იყვნენ, არც ხაზინას ქურდავდნენ... მაგრამ საქმე მაინც გააფუჭეს.

ამ საქმეში სრულიად უნიჭონი აღმოჩნდნენ!

ლაშა ბაქრაძის ნათქვამს თუ გავიხენებთ, ეს ”ტრენინგებით ნასწავლი დემოკრატია” არ გახდა საკმარისი დემოკრატიის გასამარჯვებლად... ჭრელ-ჭრელად კი შეიღება ფასადები. აგერ ეროვნული დროშაც გაფერადდა! მაგრამ ნაცრისფერ სახეებს მაინც ვერაფერი ეშველა.

ის, ვინც ნიჭიერია, წავიდა და ბლოგებს წერს ახლა. თუმცა რა ვიცი, შეიძლება სწორედ ამ სფეროში ვლინდება ყველაზე უკეთ ბატონი კახა ბენდუქიძის ნიჭი?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG