Accessibility links

logo-print

თბილისის ახალი საკრებულოს ხმაურისა და ალიანსის დაშლის კვირა


თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულოს სხდომა

30 მაისის არჩევნების შედეგად არჩეულმა დედაქალაქის საკრებულომ პირველი სხდომა ხუთშაბათს, 17 ივნისს, გამართა და იმდღესვე ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ახალი 50-კაციანი საკრებულო, სადაც ოპოზიცია 11 მანდატით არის წარმოდგენილი, ოპონირების საკმაოდ ხმაურიან სარბიელად იქცევა.

ფაქტია, რომ ამა თუ იმ საკითხის მწვავე კამათის რეჟიმში განხილვამ იმაზე მეტი დრო მოითხოვა, ვიდრე ეს იყო წინა საკრებულოს შემთხვევაში, სადაც ოპოზიცია მხოლოდ 3 მანდატს ფლობდა. არცთუ ცოტა დრო 17 ივნისს ოპონენტთა ზოგად პოზიციებს შორის განსხვავებებთან დაკავშირებულმა კამათმა წაიღო. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა ინგა გრიგოლიამ მმართველი პარტიის წარმომადგენლები გარკვევით გააფრთხილა, რომ უსიტყვო თანხმობის წლები უკვე წარსულს ჩაბარდა:

”ამა თუ იმ წარმომადგენლის გამოსვლისას იყავით მშვიდად... დღეიდან თქვენ მოგიწევთ ძალიან სერიოზული ოპონირების რეჟიმში მუშაობა... უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეიდან მარტოები აღარ ხართ...”

ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩევდნენ ზაალ სამადაშვილს, ხოლო მისი მოადგილის პოსტზე თბილისის ყოფილ ვიცე-მერს მამუკა ახვლედიანს დაამტკიცებდნენ, ახალი საკრებულოს წინაშე პირდაპირი წესით არჩეული მერი გიგი უგულავა წარდგა და ოპონენტებს აუწყა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ორი მოადგილე ეყოლება და რომ ამ ადგილებს ოპოზიციის წარმომადგენლები დაიკავებენ. თუმცა ეს საკითხი მერის გადასაწყვეტი არ არის, რადგანაც მას საკანონმდებლო ცვლილება ესაჭიროება. 17 ივნისს უგულავამ იმის პირობაც დადო, რომ ის პოლიტიკური საქმიანობისგან შორს დაიჭერს თავს:

გიგი უგულავა, თბილისის მერი
”შეიძლება ზოგიერთი შემომედავოს, რომ სწორედ პოლიტიკაა მოქალაქეთა დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე, უმწეოთა დახმარებაზე ზრუნვა... მაშინ მე გეტყვით, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ერთადერთი პოლიტიკა, რასაც ვცნობ, იქნება თბილისელთა დასაქმება, იქნება ჯანდაცვის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა, უმწეო ადამიანების დახმარება, ჩვენი ბავშვებისთვის ახალი მოედნების მშენებლობა და სხვა მრავალი, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელია... ”

ოპოზიციას უგულავამ ”პოზიტიური თანამშრომლობის პროგრამა შესთავაზა, რაც გულისხმობს ოპოზიციის მეტ ჩართულობას საკრებულოსა და მერიის მუშაობაში. ოპოზიციას საკრებულოში ორი კომისიის თავმჯდომარეობა 17 ივნისსვე დაუთმეს. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ვიქტორ დოლიძე, რომელიც ”ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს” წარმოადგენს, ხოლო ძველი თბილისის რეაბილიტაციის, მშენებლობისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ”მრეწველთა” წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ დაიკავა.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ, ხმების სიმცირის გამო, უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ზეგავლენის მოხდენა მათთვის შეუძლებელი იქნება. თუმცა, როგორც, მაგალითად, ირაკლი ალასანიას პარტიის ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, ის მაინც არის შესაძლებელი, რომ ოპოზიციამ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამიერიდან ”მოსვენების რეჟიმში” აღარ ამყოფოს და საზოგადოებას მიაწოდოს რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მერიასა თუ საკრებულოში.

ალიანსი დაიშალა

ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნება საკრებულოში და ისიც ბოლომდე გაურკვეველია, ვიხილავთ თუ არა ერთ ფრაქციაში, მაგალითად, საკრებულოში ირაკლი ალასანიას ალიანსის სახელით არჩეულ 5 დეპუტატს. შეკითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც 15 ივნისს გაერთიანებამ ”ალიანსი საქართველოსთვის” არსებობა შეწყვიტა. ბევრისთვის მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად თავად ალასანიამ გაახმაურა, რომელიც მომხდარში სულაც ვერ ხედავს ტრაგედიას:

ირაკლი ალასანია
”გადავწყვიტეთ, რომ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საკუთარი პოლიტიკური მანქანისა და საკუთარი პოლიტიკური პარტიის გაძლიერება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ერთ-ერთ სისუსტედ დავინახეთ სწორედ ის, რომ არ გვქონდა კარგად ორგანიზებული პარტიული სტრუქტურები, რეგიონებში განსაკუთრებით... ამიტომ ორი მიმართულებაა ჩვენთვის პრიორიტეტული: პირველი - საკუთარი პოლიტიკური მანქანის შექმნა და მეორე - საარჩევნო გარემოს თვისებრივი შეცვლისთვის ერთობლივი ბრძოლა. ჩვენ ვრჩებით კოორდინაციის რეჟიმში...”

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ალიანსის გაუქმება ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ასე სულაც არ ფიქრობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:

"ირაკლი ალასანიამ ჩათვალა, რომ პოლიტიკური წარმატებების წინაპირობაა მისი პოლიტიკური პარტიის გაძლიერება, განვითარება და გადაწყვიტა თავისი ძალისხმევა სწორედ ამ საქმეს მოახმაროს. ჩვენ პატივს ვცემთ ირაკლის არჩევანს და ვუსურვებთ წარმატებას..."

”რესპუბლიკელებსა” და ”ახალ მემარჯვენეებს” ალიანსის მუშაობის სულ სხვა რეჟიმში გაგრძელება სურდათ. მემარჯვენეები ალიანსის ერთ პარტიად გარდაქმნას უჭერდნენ მხარს, ხოლო რესპუბლიკელები უფრო ”მჭიდრო ალიანსური ურთიერთობის" მომხრედ გამოდიოდნენ. იმ ეტაპზე არჩევანი გაკეთებული არ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რომლის პარტიაც - „საქართველოს გზა“ - 2009 წლის 23 თებერვალს შექმნილ ალიანსს, საარჩევნო ბლოკის ფორმატში, 30 მაისის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეუერთდა.

ასეა თუ ისე, ალასანიას ალიანსი 15 ივნისს ზედმეტი ხმაურის, დაპირისპირებისა და წყენის გარეშე დაიშალა. ყოველ შემთხვევაში, მასში შემავალ ოთხ პარტიას შიდა სამზარეულოში განვითარებული პროცესები საჯარო განხილვისთვის არ გამოუფენია.

ახალი გაერთიანების კონტურები

პარალელურად, როგორც ჩანს, ერთგვარი გაერთიანების საყრდენი ხდება ალიანსიდან მის დაშლამდე წამოსული სოზარ სუბარის მიერ ამას წინათ ინიცირებული ”ქართული იდეა”. სწორედ ეს პროექტი განიხილებოდა მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე, რომლებში ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ზურაბ ნოღაიდელი და ეროსი კიწმარიშვილი მონაწილეობდნენ. კიწმარიშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ კონსულტაციებში არ ღებულობდა მონაწილეობას და მხოლოდ ”ქართულ იდეას” განიხილავდა. სამაგიეროდ, პოლიტიკურ მიზნებზე კომენტარს ნოღაიდელი აკეთებს:

ზურაბ ნოღაიდელი, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი
”იყო კონსულტაციები ირაკლი ოქრუაშვილის, ლევან გაჩეჩილაძის და ჩემი, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, თუ როგორ უნდა შევცვალოთ სააკაშვილის რეჟიმი... ჯერ მიდის კონსულტაციები იმაზე, რომ საერთოდ უნდა შედგეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება...”

ჯერჯერობით ბუნდოვანია ნოღაიდელის მიერ ნახსენები ახალი გაერთიანების კონტურები, ჩამოყალიბების ვადები თუ პერსპექტივები. ჯერჯერობით ასევე უცნობია ისიც, თუ რა ადგილს დაიკავებს მასში ”ქართული იდეის” ინიციატორი, ყოფილი ალიანსელი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

სავიზო რეჟიმის გამარტივება

ახლა, მოდით, კვირის სხვა მოვლენებს გადავხედოთ. 17 ივნისს, თბილისის დროით 13:30 საათზე, ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის სამეფოს - საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა და საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა.

გამარტივებული წესი 22 კატეგორიაში გაერთიანებულ პირებს შეეხებათ, მაგალითად: მოსწავლეებს, სტუდენტებს, მეცნიერებს, მკვლევარებს, ბიზნესმენებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სამედიცინო დახმარების მსურველებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხსენებული 22 კატეგორიიდან 12-ისთვის მთლიანად გაუქმდება სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი; ხოლო 11 კატეგორიის პირთათვის, გარკვეულ შემთხვევებში, გათვალისწინებულია ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღება. ასევე გარკვეულ შემთხვევებში და გარკვეულ პირებს უფლება ექნებათ მიიღონ 2-დან 5 წლამდე ვადის მრავალჯერადი ვიზა. დაშვებულია ასევე 5-წლამდე ვადის ვიზის გარკვეული კატეგორიის პირებზე პირდაპირი წესით გაცემაც. და კიდევ ერთი საყურადღებო ცვლილება: სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე.

სახელმწიფი მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც ხუთშაბათს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას ესწრებოდა ბრიუსელში, არ იზიარებს სკეპტიკოსთა განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება მნიშვნელოვანს არაფერს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს:

თამარ ბერუჩაშვილი, სახელმწიფი მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
”ეს არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მთელ რიგ კატეგორიებს ძალიან შეუმსუბუქებს ვიზის მიღებას. ჩემს პრაქტიკაში, მაგალითად, ყოფილა პრობლემები იმ სტუდენტებთან და მკვლევარებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩართული არიან ევროპულ პროგრამებში, ყველანაირი აღიარება აქვთ, მათი სწავლა დაფინანსებულიც კია, მაგრამ იმის გამო, რომ, მაგალითად, მათ არ შეუძლიათ წარადგინონ კონკრეტული საელჩოს მიერ დაწესებული 5 ათასი ევროს ფინანსური უზრუნველყოფის ბანკის ანგარიში, ისინი ვერ მიდიოდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში... ახლა ასეთი შეფერხებები აღარ უნდა იყოს... ”

სავიზო რჟიმის გამარტივების პროცესი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დაიწყო და ამით უკვე ისარგებლეს, მაგალითად, უკრაინამ და მოლდავეთმა. საქართველოს შემთხვევაში ეს პროცესი ევროკავშირის შედარებით ახალი პოლიტიკის - აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის - ფარგლებში დაჩქარდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ამ ნაბიჯს მნიშვნელოვან სამომავლო პერსპექტივასთან კავშირში განიხილავს:

”ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენც მივაღწიოთ ”ვიზა ლიბერალიზეიშენს”, ანუ ვიზების საერთოდ გაუქმებას... ეს პროცესი უკვე გაიარეს ბალკანეთის ქვეყნებმა, ვგულისხმობ - სერბეთს, მაკედონიას... და ამ პროცესს ახლა უერთდება, მაგალითად, ალბანეთი...”

ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების რიგშია ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებული ხუთმხრივი შეხვედრა, რომელიც 15 ივნისს ოკუპირებულ გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში გაიმართა და გარკვეული შედეგით დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა, განხილვის მთავარ თემას 6 ივნისს აფხაზი შეიარაღებული პირების მიერ სოფელ დიხაზურგაში ექვსი სახლის გადაწვის ფაქტი წარმოადგენდა.

შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
”სოხუმის დელეგაცია შეგვპირდა, რომ გამოიძიებენ ამ საქმეს. თავად ისინიც აღშფოთებულები არიან სახლების გადაწვის ფაქტით და განაცხადეს, რომ გადაუხდიან კომპენსაციას ყველა დაზარალებულ ოჯახს. ამასთან, ჩვენ ვთხოვეთ გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ გალში, თვალყური მიადევნონ ამ პროცესს, რათა დროულად იყოს გადახდილი ის კომპენსაცია, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მათ ჰპირდება”, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

ასევე მიმდინარე კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ასევე ოკუპირებულ ახალგორის რაიონს შეეხება. ადგილობრივ მკვიდრთა ინფორმაციით, სულ მალე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის ახალგორის მონაკვეთზე გადაადგილების ახალი რეჟიმი ამოქმედდება და რუსულ საგუშაგოზე მხოლოდ იმ მოქალაქეებს გაატარებენ, რომლებიც ახალგორში არიან ჩაწერილი. ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის დაცვის ღონისძიებებს ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები უკავშირებენ კანონს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, რომელიც უკვე მიიღო სამხრეთ ოსეთის ე.წ.-მა პარლამენტმა.

მევლუდ ჩაუშოღლუს ვიზიტი

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგები ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა იმ შეხვედრებზე, რომლებსაც მიმდინარე კვირაში თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩაუშოღლუ მართავდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროსაბჭოს მიერ ამ საკითხთან მიმართებით მიღებული რამდენიმე რეზოლუციის შესრულების მდგომარეობაზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ მიმართულებით ევროსაბჭოს რეზოლუციების მყისიერად შესრულება ვერ მოხერხდება, თუმცა დროულად უნდა ამუშავდეს რეზოლუციების ის ნაწილი, რომელიც ჰუმანიტარულ ასპექტებს და კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას შეეხება, - აღნიშნა მევლუდ ჩაუშოღლუმ, რომელსაც თბილისში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს.

მევლუდ ჩაუშოღლუ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
ამასთან, სტუმრის ყურადღება საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზეც გამახვილდა:

”ოპოზიციის როლი ქვეყნის განვითარებაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მმართველი გუნდის. განვიხილეთ დემოკრატიზაციის პროცესი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და ასევე ის, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მუშაობა.”

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მევლუდ ჩაუშოღლუს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად გააცნეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული არცთუ სახარბიელო შეფასებები.

მიმდინარე წლის ბიუჯეტი 230 მილიონი ლარით გაიზარდა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში პრეტენზიებსა და ეჭვებს გამოხატავდნენ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ფულის ხარჯვის პროცესთან მიმართებით. მწვავე კამათი 18 ივნისს პარლამენტის სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 230 მილიონი ლარით გაზრდის საკითხის განხილვას მოჰყვა. დღის ბოლოს დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები 30-30 მილიონი ლარით გაიზარდა. პარლამენტის ტრიბუნასთან მდგომმა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ვერ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი დეპუტატების ინტერესი ფონდებიდან დასახარჯი თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძეც:

”სრულიად გაურკვეველია... სარეზერვო ფონდები იზრდება 60 მილიონით და ამ დროს ცალკე 17 მილიონი სტიქიით დაზარალებულებისთვისაა განსაზღვრული... მაშინ ეს სარეზერვო ფონდები რისთვის გვჭირდება? მარტივი კითხვაა... თუ ეს ფონდები გვჭირდება სტივ უანდერის ჩამოსაყვანად ბათუმში, გვითხარით, ბატონო, და გასაგები იქნება...”

საქართველოს პარლამენტის სესია
აღმოჩნდა, რომ ”პრეზიდენტის ფონდიდან არასრული 7 წლის მანძილზე დახარჯული დაახლოებით 450 მილიონი ლარის” მიმართულება, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერც ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა გაარკვია.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2004 წელს, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 2005 წელს შეიქმნა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, სადაც ამ ფონდებიდან ფულის ხარჯვის პროცესს წლების მანძილზე აკვირდებიან, აცხადებენ, რომ წლიდან წლამდე პროცესი სულ უფრო გაუმჭვირვალე ხდება და ამას ხელს უწყობს ასევე ცვლილებები, რომლებიც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ბოლო წლებში შევიდა.

საიას წარმომადგენელი თათული თოდუა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ ”საკანონმდებლო ცვლილებები თანდათან სულ უფრო აფართოებს ”საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის თავისუფლად მოქმედების მასშტაბებს” და მისი ორგანიზაციისთვის თანდათან სულ უფრო ძნელი ხდება თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვება. ამ პროცესში, როგორც წესი, სასამართლოს დახმარება ხდება საჭირო.

პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის პროცესის გაკონტროლება საქართველოს კონტროლის პალატას ევალება და სწორედ ამ უწყებისთვის ურჩევენ უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციონერ კოლეგებს კონკრეტული შეკითხვების დასმას.
XS
SM
MD
LG