Accessibility links

logo-print

კოტეჯების სამშენებლო ტენდერებში ნაციონალების დამფინანსებელი კომპანიები იმარჯვებდნენ?


ერთ-ერთი დევნილის კოტეჯი

ერთ-ერთი დევნილის კოტეჯი

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი ზაურ ზუბაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში ანგარიშის მოსასმენად თბილად ჩაცმული მივიდა. მისი თქმით, კოტეჯში ცხოვრება აუტანელია, ზამთარში სითბოს შენარჩუნებაა შეუძლებელი, ზაფხულში კი იატაკის ქვეშ ჩამდგარი წყალი ორთქლდება და ოთახი საუნას ემსგავსება. ხანში შესული ადამიანი მუდმივი ნესტის გამო ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის.

ახალგაზრდა იურისტებმა გორის საზოგადოებას და დევნილებს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში წარუდგინეს. ამ ანგარიშის მიხედვით დგინდება, რომ სახელმწიფოს თითოეული კოტეჯის აშენება 28 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ბრიუსელში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის ოთხ-ნახევარი მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი გადაწყდა. სწორედ ამ ფულის ნაწილით დაიწყო დევნილებისთვის კოტეჯების მშენებლობა. იურისტთა ანგარიშის მიხედვით, სამშენებლო ტენდერებში, ძირითადად, ორი კომპანია იმარჯვებდა, რომლებიც თავიდან ფასებს მიზანმიმართულად დაბლა სწევდნენ იმისთვის, რომ გაემარჯვათ, ხოლო შემდეგ უკვე სამუშაოების ღირებულებას აძვირებდნენ და ხელისუფლება ამას თანხმდებოდა. მაგალითად, შპს „ნიუ ენერჯიმ“ წარდგენილი წინადადებით 12 მილიონ 182 ათასის ნაცვლად ხელშეკრულების გაზრდის შემდეგ 16 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ასევე 4 მილიონი ლარით მეტი მიიღო შპს „ბლოკ ჯორჯიამ“. იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არაკეთილსინდისიერმა კომპანიებმა კონკურენტები გზიდან ხელისუფლების დახმარებით ჩამოიცილეს. იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ორი კომპანია ნაციონალური მოძრაობის მსხვილი დამფინანსებელია.

ერთ-ერთი ლტოლვილის კოტეჯის იატაკიდან ბალახი ამოვიდა.
სამშენებლო კომპანიებმა რომ სამუშაოები ხარვეზებით შეასრულეს, ამას დიდი კვლევა არც დასჭირვებია: თითქმის ყველა კოტეჯში ნესტის გამო კედლები დაობდა, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა დეფორმირდა, იატაკის ფიცრები ერთმანეთს დაშორდა და დაბლიდან ბალახი და მწერები ამოდის. ოფისში მისულმა დევნილებმა იურისტთა კვლევა დადებითად შეაფასეს და მოყვანილი ფაქტები დაადასტურეს. მათ რადიო თავისუფლებას ამჟამად კოტეჯებში არსებული მდგომარეობის შესახებ უამბეს.

კონტრაქტების მიხედვით, სამშენებლო კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზები საკუთარი ხარჯებით უნდა გაესწორებინათ, რაც არ მომხდარა. ახლა კი კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დამატებით 6 მილიონი დოლარი გამოიყო. ასე რომ, უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე პასუხი არავის უგია. ახალგაზრდა იურისტები, როგორც პროკურატურაში და კონტროლის პალატაში, ისე დონორ ორგანიზაციებში აპირებენ საკუთარი ანგარიშის გადაგზავნას.
XS
SM
MD
LG