Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში ახალი პრეზიდენტის ვინაობას არჩევნების მეორე ტური გამოავლენს


ბრონისლავ კომოროვსკი (მარცხნივ) საარჩევნო მიტინგზე
ბრონისლავ კომოროვსკი (მარცხნივ) საარჩევნო მიტინგზე
პოლონეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა. ხმების უმრავლესობა, 41 პროცენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრონისლავ კომოროვსკიმ მოიპოვა. მეორე ადგილზე, მცირე სხვაობით, 37 პროცენტით, გავიდა რუსეთში საავიაციო კატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი, ყოფილი პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი.

არჩევნების პირველ ტურში რუსეთში 10 აპრილს მომხდარ საავიაციო კატასროფაში დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მემკვიდრე ვერ გამოვლინდა. თითქმის ყველა ბიულეტენი დათვლილი იყო, როცა დადგინდა, რომ საჭიროა მეორე ტური, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიმხრო ხმის უფლების მქონეთა 50 პროცენტზე მეტი. მეორე ტურის თარიღად დადგინდა 4 ივლისი. მემარჯვენე-ცენტრისტმა, თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალმა კომოროვსკიმ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, მადლობა უთხრა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და მათ მეტი მობილიზაციისკენ მოუწოდა:

„მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ხმა მომცა, ვინც დამეხმარა წინასაარჩევნო კამპანიაში. უბრალო ხელის ჩამორთმევის, გაღიმების თუ გამოხედვისთვის. მადლობა ყველას, მაგრამ მინდა მეტი გთხოვოთ.“

ბრონისლავ კომოროვსკი წევრია ევროპის კავშირის მომხრე, ზომიერი სამოქალაქო პლატფორმის პარტიისა, რომელიც ქვეყანას მართავს პრემიერ დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით. თუკი კომოროვსკი გაიმარჯვებს, ეს პარტია იბატონებს, რადგან პრეზიდენტის ოფისიცა და მთავრობაც მის ხელში აღმოჩნდება. ამით ბოლო მოეღება ლეხ კაჩინსკის პერიოდის კონფლიქტს ორ ბანაკს შორის. პოლონეთში პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ ფორმალური არაა. მას მთავრობის ყველა გადაწყვეტილებაზე აქვს ვეტოს უფლება, რაც ულტრაკონსერვატორმა კაჩინსკიმ არაერთხელ გამოიყენა. კომოროვსკიმ დადო პირობა, რომ თუკი გაიმარჯვებს, ახლოს ითანამშრომლებს მთავრობასთან. მისი პარტია საბაზრო რეფორმების, სახელმწიფო ფირმების პრივატიზების, ევროს შემოღების მომხრეა, მას ავღანეთიდან პოლონელი ჯარისკაცების შინ დაბრუნებაც სურს. „დემოს ევროპა“ კვლევითი ცენტრია პოლონეთში. მისი ხელმძღვანელი, პაველ სვიობოდა თვლის, რომ კომოროვსკის ქარიზმატულობა აკლია:

„ის სტაბილურობის, პროგნოზირებადობის, კონსოლიდაციის მომხრეა. მის კამპანიას აკლდა გარეგნული მიმზიდველობა და, ბოლოს, ეს აისახა კიდეც არჩევნების შედეგებში.“

იაროსლავ კაჩინსკი, პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი.
რაც შეეხება ასევე მეორე ტურში გასულ იაროსლავ კაჩინსკის, გაგიმეორებთ, მან კომოროვსკიზე ოთხი პროცენტით ნაკლები მოაგროვა. მას გამოკვეთილი პოლონელი ნაციონალისტის სახელი აქვს. ის არ მალავს აღფრთოვანებას კათოლიკური ეკლესიით, ეჭვის თვალით უყურებს მეზობლებს, გერმანიას და რუსეთს, ვერ არის კეთილგანწყობილი ევროპის კავშირისადმი. მისი პრემიერობის პერიოდში, 2006-2007 წლებში, ურთიერთობა აიმღვრა ბერლინთან, მოსკოვთან, ბრიუსელთან. წინასაარჩევნო კამპანიაში კაჩინსკი ამ იმიჯის დაფარვას შეეცადა, თავი ზომიერად წარმოადგინა, მაგრამ მიმომხილველებს აეჭვებთ მისი ნამდვილი ცვლილება. პაველ სვიობოდა:

„პირველ ტურში იაროსლავ კაჩინსკი სხვა სახით წარმოდგა. ის შეეცადა თავი ზომიერ პოლიტიკოსად ეჩვენებინა. მისი ნიღბის მიღმა, ჩემი აზრით, ახლა გამოჩნდება ნამდვილი სახე და მეორე ტურში უფრო დაძაბულ ბრძოლას ვიხილავთ.“

კვირას კაჩინსკიმ თავის მომხრეებს მიმართა. მან თავის და თავის მეტოქე კომოროვსკის შორის დიდ განსხვავებაზე ილაპარაკა:

„მეორე ტურში არჩევანი უნდა გაკეთდეს პოლონეთის მომავლის ორ ხედვას შორის, რადგან განსხვავება მათ შორის მართლაც დიდია. მართალია, თქვენ სხვა რამე მოისმინეთ ბატონ კომოროვსკისგან, რომელსაც მე მივულოცე საუცხოო შედეგი, მაგრამ მასა და ჩემ შორის განსხვავებაა, დიდი განსხვავება.“

პოლონეთის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, ალბათ, ის განსაზღვრავს, თუ ვის დაუჭერს მხარს ამ ორიდან ის ელექტორატი, რომელმაც ხმა მისცა მემარცხენე დემოკრატთა ალიანსის კანდიდატს, გჟეგოჟ ნაპიერალსკის. ამ კომუნისტური პარტიის სახეცვლის შედეგად წარმოქმნილ პოლიტიკურ ძალას პოლონელების 14 პროცენტი მიემხრო. ფიქრობენ, რომ ამ პარტიის მხარდამჭერებისთვის კომოროვსკია უფრო ის პოლიტიკოსი, რომლის ხილვასაც ისინი პრეზიდენტის სავარძელში ისურვებდნენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG