Accessibility links

logo-print

საქართველო სტრასბურგის სასამართლოს წინააღმდეგ?


ნიკოლოზ ლალიაშვილი, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი

ნიკოლოზ ლალიაშვილი, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი

საპარლამენტო ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში მაისში შეტანილი ცვლილების წინააღმდეგ გამოდის და 34-ე სეკუნდა მუხლის გაუქმებისთვის აპირებს ბრძოლას. რით ეწინააღმდეგება ხსენებული დამატება საქართველოს კონსტიტუციას, როგორ უპირისპირდება ის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და როგორ ზარალდებიან ისედაც დაზარალებული ადამიანები?

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისთვის მაისში დამატებული 34-ე სეკუნდა მუხლი აქცენტს ”ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების დაუშვებლობაზე” აკეთებს. ყურადღება აღარ ექცევა იმას, თუ რა დონეზე და ვინ შეიძლება აღმოაჩინოს ამა თუ იმ საქმეში ახალი და ხშირად საკმაოდ საყურადღებო გარემოებები. ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” მიიჩნევს, რომ 34-ე სეკუნდა მუხლის ამოქმედებით საქართველოს სახელმწიფო იგნორირებას უკეთებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ გადაწყვეტილებებს და დაზარალებული ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაამართლა, ვეღარ ახერხებენ სამართლიანობის აღდგენას საკუთარ ქვეყანაში. დაზარალებულთა ასეთ კატეგორიასთან არაერთხელ ჰქონია საქმე ქრისტიან-დემოკრატ ნიკოლოზ ლალიაშვილს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციისთვის განკუთვნილ ერთადერთ ადგილს იკავებს:

”... ეს არის ადმინისტრაციული საქმეები და მათი დიდი ნაწილი ეხება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნისა თუ სოციალური უფლებების დარღვევის საკითხებს. ეს არის იმ ადამიანების საჩივრები, რომლებიც მოყვნენ სწორედ ადმინისტრაციული აპარატის წნეხის ქვეშ... საქართველოს სახელმწიფო მზად არის ამ ადამიანებს გადაუხადოს გარკვეული კომპენსაცია, რასაც სტრასბურგის სასამართლო მას დააკისრებს (ჯერ იმ თავხედობამდე არ მივსულვართ, რომ ამაზეც უარი ვთქვათ...), მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ადამიანების გამართლება არ ხდება...”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ბოლომდე აღუსრულებლობით საქართველოს სახელმწიფო იგნორირებას უკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რადგანაც მას არ ანიჭებს უპირატეს იურიდიულ ძალას შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან მიმართებით. ამ ლოგიკით აშკარად ირღვევა კონსტიტუციის მოთხოვნებიც. მაგალითად, მოქმედი კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, ”საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.”

ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34–ე სეკუნდა მუხლი სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელების გზაზე და გამოყენებული იქნება ყველა ბერკეტი, რომ ეს მუხლი არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს. ლალიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზაზე დახმარებას ყველა დაზარალებულს ჰპირდება.

ქრისტიან-დემოკრატების მიერ წამოწეულ პრობლემას მეტად საყურადღებოდ მიიჩნევს სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით საკმაოდ დიდი პრაქტიკის მქონე ადვოკატი ლია მუხაშავრია. მისი დაკვირვებით, მართალია, ადმინისტრაციული წარმოების საქმეებით სტრასბურგის სასამართლოს დაინტერესება, ზოგადად, საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელია, რომ დაცული იყოს თუნდაც იმ მცირერიცხოვანი ადამიანების უფლებები, რომელთა საქმეებიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა და ისინი გაამართლა კიდეც. ადვოკატი თვლის, რომ ახალი, 34-ე სეკუნდა მუხლი, ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს სახელმწიფო მოხელეებს დასცინონ დაზარალებულ ადამიანებს, რომლებმაც 6-7-წლიანი ბრძოლის შემდეგ სამართალს საზღვარგარეთ მიაგნეს და, მეორე მხრივ, სახელმწიფო მოხელეები დაუსჯელობის გამო კიდევ უფრო თამამდებიან:

”ჩვენი კანონმდებლები და ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტა უფლებას აძლევს საჯარო მოხელეებს, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოებში თანამდებობის პირები არიან, გააგრძელონ თავიანთი უკანონობა და თავგასული საქმიანობა, რადგანაც მათ მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები სამუდამოდ დარჩება ძალაში და არანაირად აღარ გადაისინჯება, თუნდაც ევროსასამართლომ თქვას - ეს რა მომხდარაო... ”

საჯარო მოხელეთა ”უკანონობისა და თავგასულობის” პრევენციის ერთადერთ გზად ლია მუხაშავრია თვლის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ პროკურატურის მიერ გამოძიების ავტომატურ რეჟიმში დაწყებას და იმ კონკრეტულ საჯარო პირთა დადგენას და დასჯას, რომელთა უკანონო ქმედების გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს ამა თუ იმ დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდა უწევს. ”საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ თუ ის არღვევს კანონს და უფრო მეტიც - არღვევს ევროკონვენციას, მაშინ მას არა მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, არამედ ქონებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობაც დაეკისრება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლია მუხაშავრიამ. ადვოკატი თვლის, რომ ევროსასამართლოს წინაშე თავად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი უნდა დადგეს.
XS
SM
MD
LG