Accessibility links

logo-print

ნაციონალები საკრებულოში ოპოზიციასთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ


ლაგოდეხი

ლაგოდეხი

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი ლაგოდეხში გასული არჩევნებისგან განსხვავებული იყო. თავმჯდომარე თუ თავის დროზე დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს, ახალი თავმჯდომარის არჩევა ამჯერად ღია კენჭისყრით გადაწყდა. საკრებულოს 23–მმა დეპუტატმა, რომლებიც პირველ სხდომას ესწრებოდნენ, თავმჯდომარე ერთხმად აირჩია. არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ორმა დეპუტატმა - ჯუმბერ გოლეთიანმა და ალბერტ ნარეშელაშვილმა - ვერ მიიღო, რომლებიც სხდომაზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ გამოცხადდნენ.

ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი წვერავამ, რომელსაც უფლებამოსილება ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ მოეხსნა, სხდომაზე აღნიშნა, რომ ლაგოდეხის თვითმმართველობა მისი მუშაობის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე წარმატებული იყო. ყოფილი თავმჯდომარის მუშაობა რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კაკალშვილმაც დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ლაგოდეხის თვითმმართველობამ გასულ წლებში საქმის კეთება შეძლო:

”ის შემადგენლობა, რომელიც დღეს გვაქვს საკრებულოში, მთლიანად გამოხატავს ჩვენი მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა განწყობას. დიდი პატივია, რომ უმრავლესობით მოვიდა ნაციონალური მოძრაობა საკრებულოში, რაც ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა _ არ გვაქვს უფლება ვუღალატოთ იმ ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამოგვიცხადა. არ შეიძლება ითქვას, რომ ახალი საკრებულო მუშაობას ნულიდან იწყებს. ეს ასე არ არის. ძალიან ბევრი გაკეთდა გასულ წლებში. მაგალითად, სხვა პრობლემები იდგა 2006 წელს და დღეს სხვა პრობლემებია. ეს სწორედ ამ საკრებულოს დამსახურებაა. დიდ მადლობას ვუხდი გიორგი წვერავას და აქვე აღვნიშნავ, რომ ის ჩვენს გუნდში რჩება, აგრძელებს მუშაობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არანაკლებ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე” - განაცხადა კაკალაშვილმა, შემდეგ კი მმართველი პარტიის სლოგანი გაიმეორა, აღნიშნა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოზალიშვილს და ახალ საკრებულოს წარმატებები უსურვა.

ახალი საკრებულო კი მუშაობას ოპოზიციასთან აქტიური თანამშრომლობით გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოზალიშვილი პირობას დებს, რომ საკრებულო ყველა იმ დაპირების შესრულებას ეცდება, რომელიც ლაგოდეხის მოსახლეობამ მმართველი პარტიისგან წინასაარჩევნოდ მიიღო. გოზალიშვილის განცხადებითვე, საკრებულო წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში საკრებულოში ორი მანდატით შესული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც დაეხმარება:

”ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ოპოზიციასთან და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება მათი აზრი. ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ვეცდებით ის დაპირებები, რომლებიც მიიღო მოსახლეობამ, _ მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო მმართველი პარტიიდან თუ ოპოზიციიდან, _ თუ ეს არის რელობასთან ახლოს და შეესაბამება ჩვენს უფლებამოსილებას, აუცილებლად განვახორციელებთ” - აცხადებს გოზალიშვილი.

თავის მხრივ, წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად საკრებულოში ბრძოლას თავად ოპოზიციონერი დეპუტატებიც გეგმავენ.

”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი დაპირებების შესრულება შევძლოთ. ვიბრძოლებთ საკრებულოში და დაგვეხმარება ასევე ჩვენი ფრაქციაც პარლამენტში. ამომრჩევლებს იმედებს არ გავუცრუებთ”, - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, გიორგი დარბაიძე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლად დიმიტრი ლოლაძე დაინიშნა. ლოლაძის კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოზალიშვილმა წარადგინა, გამგებელიც საკრებულოში ერთხმად დაამტკიცეს. დიმიტრი ლოლაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო, გიორგი გოზალიშვილს კი გამგებლის პოსტი ეკავა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი წვერავა კი, სავარაუდოდ, გამგებლის მოადგილედ დაინიშნება. რამდენი კომისია იქნება ახალ საკრებულოში და რამდენი ფრაქცია შეიქმნება, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. სწორედ ამ დროისთვის იგეგმება საკრებულოს მორიგი სხდომის გამართვა ლაგოდეხში.
XS
SM
MD
LG