Accessibility links

პეტერ სემნების თქმით, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ევროკავშირისთვის „მნიშვნელოვანი პარტნიორია“


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ რადიო თავისუფლებისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუში დიდი მნიშვნელობა არ მისცა გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ევროკავშირი ამ რეგიონში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირებას და ერთ საელჩომდე დაყვანას გეგმავს. სემნების განცხადებით, ევროკავშირი სამივე ქვეყანას „მნიშვნელოვან“ ინდივიდუალურ პარტნიორად აღიქვამს. თუმცა სემნებიმ უარი თქვა აზრის გამოთქმაზე ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის ინიციატივის ირგვლივ, რომლის თანახმადაც, ისიც და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა საგანგებო წარმომადგენელიც მალე სამსახურს დაკარგავს.

პეტერ სემნებიმ, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლად 2006 წლის თებერვლის შემდეგ მუშაობს, დიდი მნიშვნელობა არ მისცა გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ამ რეგიონში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირებას გეგმავს.

ორშაბათს ერევანში რადიო თავისუფლების სომხური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში სემნებიმ განსაკუთრებული ყურადღების ღირსად არ ჩათვალა ხმები, თითქოს ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში თავის საელჩოებს შეკვეცს და ერთ რეგიონალურ შტაბბინამდე დაიყვანს, რომელსაც თბილისში ექნება ბინა:

„ევროკავშირმა ახლახან გაუზარდა რანგი კომისიის დელეგაციებს სამხრეთ კავკასიის სამივე დედაქალაქში - ისინი ევროკავშირის სრულ წარმომადგენლებად აქცია. სამივე ქვეყანა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია - განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, რომელშიც ახალ და მნიშვნელოვან ნაბიჯზე ვსაუბრობთ, ასოცირების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებით“, - ამბობს სემნები და დასძენს: „ეს აშკარად საჭიროებს სამივე სახელმწიფოში ისეთი წარმომადგენლობის ყოლას, რომელიც ცალკეული ქვეყნის საჭიროებას და მდგომარეობას უპასუხებს.“

მაგრამ სემნებიმ უარი განაცხადა ესაუბრა სხვა წინადადებაზე, რომელიც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერ კეთრინ ეშტონს ეკუთვნის და ევროკავშირის რამდენიმე საგანგებო წარმომადგენლის - მათ შორის, სემნების - პოსტის გაუქმებას ითვალისწინებს.

წინადადება, რომელიც, როგორც იუწყებიან, კვლავაც განხილვის პროცესშია , სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ჩართულობის ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებს. გაუქმების კანდიდატია ასევე მოლდავეთში საგანგებო წარმომადგენლის პოსტიც. თუმცა, როგორც გითხარით, სემნებიმ ჩვენს კოლეგას უარი უთხრა ამ ინიციატივის შეფასებაზე. „არ მინდა კომენტარის გაკეთება მიმდინარე დისკუსიებზე იმის შესახებ, თუ მომავალში როგორი იქნება ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობაო“, - თქვა მან.

აქვე შეგახსენებთ, რომ, სემნების გარდა, ამჟამად საქართველოში ევროკავშირის ეგიდით კიდევ სამი მაღალი რანგის დიპლომატი მუშაობს - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარე პიერ მორელი და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი.
სემნების ერევანში ჩასვლამდე ორი დღით ადრე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბახის რეგიონში სროლის დროს სომხეთის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელდა ცნობები აზერბაიჯანის ერთი სამხედრო პირის სიკვდილის შესახებაც. როგორც იუწყებიან, შეტაკება „კონტაქტის ზოლის“ სიახლოვეს მოხდა - იმ მონაკვეთისა, რომელიც დანარჩენ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბახისგან აცალკევებს.

სწორედ იმ დროს, როდესაც ადგილზე ეს შეტაკება ხდებოდა, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში მთიანი ყარაბახის საკითხს განიხილავდნენ.

სემნებიმ ვითარებას „მიუღებელი“ უწოდა - მისი თქმით, იმისათვის, რომ ყველა მხარემ საკითხის გადაჭრას მოლაპარაკებით მიაღწიოს, ადგილზე დაძაბულობის შემცირება აუცილებელი პირობაა.

„ამგვარი ფაქტები დაუშვებელია. ამასთან, ამ შემთხვევაში ვითარებას სიცოცხლის ტრაგიკული დაკარგვაც ამძიმებს. შექმნილი სიტუაცია მოწმობს, რომ კონტაქტის ზოლში ვითარება დაძაბულია და ის შეიძლება ადვილად გავიდეს კონტროლიდან. აუცილებელია, რომ რაც შესაძლებელია, ყველაფერი გაკეთდეს დაძაბულობის შემცირებისა და ნდობის გაზრდისთვის“, - უთხრა პეტერ სემნებიმ რადიო თავისუფლების სომხურ რედაქციას.
XS
SM
MD
LG