Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაისვა საქართველოს საკითხი სტრასბურგში


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
საქართველოსა და რუსეთის ომისშემდგომ ვითარებაზე მსჯელობამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გადაინაცვლა. პარალელურად, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაც მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგშიც არ არის შეტანილი საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის საკითხი. ეს რომ ასე იქნებოდა, ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას გამოჩნდა, როდესაც საქართველომ უარი თქვა ახალი რეზოლუციის მიღებაზე. კონკრეტულად რა პროცესები უძღოდა წინ ზაფხულის სესიას, მონიტორინგის კომიტეტში გამართულ მსჯელობას და რა ვითარებაა ამჟამად?

რუსეთის დელეგაცია იმედოვნებდა, რომ 23 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ის რუსეთ-საქართველოს ომის თემის საერთოდ დახურვას და, კონტროლის გაუქმების გზით, ვალდებულებების ანულირებას მოახერხებდა. საუბარია ვალდებულებებზე, რომლებიც რუსეთს საქართველოსთან მიმართებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბოლო სამი რეზოლუციით დააკისრა და რომლებსაც კრემლი აშკარად უგულებელყოფს. თუმცა კრემლმა 23 ივნისს მიზანს ვერ მიაღწია დ,ა როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთმა ამ საკითხში მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მისი განმარტებით, ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შეწყვეტის საკითხი საერთოდ არ იქნა განხილული, ხოლო რაც შეეხება მონიტორინგის ფორმატს, მართალია, სხდომაზე მსჯელობა მის შეცვლაზეც მიმდინარეობდა, მაგრამ საქართველოს დელეგაციამ მისაღები ახალი ფორმატის შემუშავებამდე ძველის შეცვლაზე უარი განაცხადა:

”ვინაიდან ეს ნაჩქარევი იყო, კარგად გააზრებული არ იყო და ჩვენ წინააღმდეგ წავედით, ამიტომ ხმები დაახლოებით თანაბრად გაიყო და გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული... ჯერჯერობით ფორმატი დარჩა იგივე, როგორიც იყო აქამდე: მონიტორინგის კომიტეტი გაუწევს მონიტორინგს რეპორტიორების მექანიზმით და ცალკე ამ საკითხებზე ანგარიშების მექანიზმით... მომავალში არის საფიქრალი, რა მექანიზმით მოხდეს ამ საკითხის მონიტორინგი. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ მონიტორინგი იყოს მუდმივი და არ შეწყდეს მანამდე, სანამ არ შესრულდება ვალდებულებები... ეს პოზიცია მთლიანად იქნა გაზიარებული.”

როგორც ვნახეთ, მონიტორინგის კომიტეტის მუშაობა ჯერჯერობით აქამდე მოქმედ ფორმატში გაგრძელდება და ეს არ არის სასიამოვნო ამბავი რუსეთისთვის, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თვითონ მონიტორინგის პროცესი მისთვის არასოდეს წარმოადგენდა დამაბრკოლებელ ფაქტორს რეზოლუციების მოთხოვნათა აშკარა იგნორირების გზაზე. ყოველ ჯერზე ხაზი ესმებოდა იმ გარემოებას, რომ საქართველო ასრულებს რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებების უდიდეს ნაწილს, ხოლო რუსეთი პრაქტიკულად არაფერს ასრულებს. გავიხსენოთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები რუსეთს ბევრ რამეს ავალდებულებდა, მაგალითად, ჯარის უკან გაყვანას საქართველოს ტერიტორიებიდან, როგორც ამას საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება ითვალისწინებს.

აქვეა სხვა მოთხოვნებიც, რომლებსაც ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუდ ჩაუშოღლუმ 16 ივნისს თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი სიტყვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული:

”ეს მოთხოვნები შეეხება: ადმინისტრაციულ საზღვრებზე მშვიდობიანი მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას, საერთაშორისო მეთვალყურეების, საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვებას და, რაც მთავარია, მათ ყოფნას რეგიონებში; დევნილებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების მინიჭებას, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტებს, ჩადენილს ნებისმიერი მხარის მიერ, საქართველოს ჩათვლით, ომთან კავშირში... ”

გარდა ამისა, მევლუდ ჩაუშოღლუმ თბილისში ყოფნისას კიდევ ერთი ასეთი მოსაზრება გამოთქვა. კერძოდ, 14 ივნისს მან თქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ მიმართულებით ევროსაბჭოს რეზოლუციების მყისიერად შესრულება ვერ მოხერხდება, თუმცა დროულად უნდა ამუშავდეს რეზოლუციების ის ნაწილი, რომელიც ჰუმანიტარულ ასპექტებს და კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო მეთვალყურეების დაშვებას შეეხება.

რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სულ 3 რეზოლუცია აქვს მიღებული. საგაზაფხულო სესიაზე საქართველომ უარი თქვა კიდევ ერთი რეზოლუციის მიღებაზე და ეს გადაწყვეტილება, ძირითადად, მონიტორინგის კომიტეტის რუსეთის მხარის თანამომხსენებელ დევიდ უილშირთან იყო დაკავშირებული. საქმე ის არის, რომ უილშირი აპრილის სესიამდე რამდენიმე დღით ადრე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელს მოსკოვში გახსნილ ეგრეთ წოდებულ საელჩოში შეხვდა და არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, მათ შორის, ევროსაბჭოს წარმომადგენელთა მხრიდანაც. მართალია, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს ინფორმაციის მოპოვების მიზნით არა საელჩოში, არამედ რაღაც ოფისში შეხვდა, მაგრამ თბილისს ემოციები ჯერ არ განელებია და ეს გოკა გაბაშვილის კომენტარიდანაც ჩანს:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანამ ეს ადამიანი იქნება მომხსენებელი, მანამდე არ ღირს საკითხის განხილვა მის მიერ მომზადებული მოხსენების საფუძველზე... ეს ადამიანი თავისით არ წერს განცხადებას და არ მიდის, მაგრამ ის აღარ არის თავის ქვეყანაში პარლამენტის წევრი, აღარ იქნა არჩეული და, შესაბამისად, მალე აღარც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იქნება. მაქსიმუმ შეიძლება კიდევ ერთი სესია ავტომატურ რეჟიმში დარჩეს...”

ერთი სიტყვით, საქართველო ბრიტანელი დიპლომატის დევიდ უილშირის წასვლას ელოდება და სწორედ ამის შემდეგ მიაჩნია შესაძლებლად დისკუსიის განახლება ახალი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით აგვისტოს ომის თემაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG