Accessibility links

logo-print

ათასობით მასწავლებელი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს


თბილისის 51-ე საჯარო სკოლა

თბილისის 51-ე საჯარო სკოლა

სექტემბრიდან შესაძლოა ათასობით პედაგოგი უსამსახუროდ დარჩეს. მასწავლებელთა დიდი ნაწილი – ისინი, ვისაც 18-ზე ნაკლებსაათიანი დატვირთვა აქვს – სკოლას დატოვებს, - განაცხადა 23 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ქრისტიან–დემოკრატების წევრმა ლევან ვეფხვაძემ. მასწავლებელთაგან ზოგს საათების ოდენობა გაეზრდება, ზოგსაც (მაგალითად, ვისაც 25 საათი აქვს) ჩამოაკლდება და 18 საათი გაუხდება. ეს პროცესი პედაგოგთა ნაწილს ხელფასს ავტომატურად გაუზრდის, თუმცა დიდ ნაწილს საერთოდ შემოსავლის გარეშე დატოვებს. სკოლის დირექტორების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არანაირ ცვლილებებს არ გეგმავს, მეორე კი ჯიუტად აცხადებს, რომ განათლების სამინისტროსგან მასწავლებლების დათხოვნის მითითება მიღებულია.

”გუშინ დამიკავშირდნენ ერთ-ერთი სკოლიდან და მითხრეს, რომ ერთ კონკრეტულ საგანში არის სამი პედაგოგი – ერთს აქვს 9, მეორეს 12 და მესამეს 14 საათი. სრული განაკვეთი ნიშნავს 18 საათს. როგორ უნდა შეავსოს დირექტორმა ამ პედაგოგების საათობრივი განაკვეთები სრულ განაკვეთამდე ისე, რომ ერთიც არ წავიდეს სკოლიდან?”

ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამ კითხვაზე პასუხს განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინისგან ელის. სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს საგნების საათობრივი ბადის მოწესრიგება. მოწესრიგებაში კი ის იგულისხმება, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყველა მასწავლებელს 18 საათიანი დატვირთვა უნდა ჰქონდეს. დანარჩენებმა, რამდენიმე ათასმა პედაგოგმა - ასეთია მინისტრის რეკომენდაცია – სკოლა უნდა დატოვოს:

”სამინისტრომ გადაწყვიტა პედაგოგების საათების ოპტიმიზაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ვისაც აქვს 18 საათზე მეტი საათი, მოაკლებენ საათების რაოდენობას და გაუხდიან 18 საათს, ვისაც აქვს ნაკლები, მათ ნაწილს გაეზრდება 18-მდე საათების რაოდენობა. მაგრამ იმ პედაგოგების რიცხვი, ვისაც 18–ზე მეტი საათი აქვს სკოლაში კონკრეტულ საგანზე, ძალიან მცირეა. 80% კი ჩვენი პედაგოგებისა არასრულ განაკვეთზე მუშაობს. ბუნებრივია, რომ საათების გადანაწილების შემთხვევაში დაახლოებით მესამედს ეს საათები არ ეყოფა. ანუ ვისაც 10 საათზე ნაკლები აქვს, მას გაუშვებენ, უბრალოდ.”

ლევან ვეფხვაძის გამოთვლით, დაახლოებით 20 000-მდე პედაგოგი დარჩება უსამსახუროდ. ვეფხვაძე ამბობს, რომ სკოლის დატოვება მასწავლებელთა სერტიფიცირების შემდგომ ისედაც ბევრ ადამიანს მოუწევს, ამიტომ მანამდე ამ პროცესის ხელოვნურად დაჩქარება მხოლოდ დაპირისპირებას გამოიწვევს.

მინისტრი ამბობს, რომ ამით მასწავლებლების ხელფასის გაზრდა სურს. თუ მართლაც ეს უნდა, მაშინ შესაბამისი ბრძანება მიიღოს ...
არც ერთი მასწავლებელი და, მით უმეტეს, დირექტორი ამ თემაზე მედიასთან ღიად არ ლაპარაკობს, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მინისტრისგან მართლაც მიიღეს ზეპირი მითითება ახალი სასკოლო წლის დაწყებამდე მოწესრიგდეს ე.წ. საათობრივი ბადე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად დატვირთული მასწავლებლები სკოლას დატოვებენ, ზოგსაც საათები მოემატება - როგორც დირექტორი გადაწყვეტს.

რადიო თავისუფლება ესაუბრა თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს, რომლის ვინაობასაც, მისი თხოვნით, ახლა ვერ ვასახელებთ. ის ამბობს, რომ განათლების მინისტრის ბეჭედდასმული ბრძანება - ყველა მასწავლებელი დაიტვირთოს 18 საათიანი განრიგით, არ არსებობს, მაგრამ არსებობს მისი რეკომენდაცია - სურვილი - სკოლაში დარჩნენ მხოლოდ ასეთი პედაგოგები. მინისტრის ამ სურვილს, როგორც ჩვენი რესპონდენტი ვარაუდობს, დირექტორები წინ ვერ აღუდგებიან. მისთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისათვის, ეს ნაბიჯი სახელმწიფო დივერსიის ტოლფასია და სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. მოსალოდნელი სცენარი ასეთია: რადგან უკვე ითქვა, რო ლოტოტრონმა არ გაამართლა, მასწავლებლები აუჯანყდებიან დირექტორს და შესაძლოა დირექტორი გაათავისუფლონ. ამ თუ სხვა სახით - დაპირისპირება გარდაუვალი იქნებაო, ფიქრობს ჩვენი რესპონდენტი. რაც უკვე გარკვეულია, ეჭვის ქვეშ დგას ლოგოპედის, ექიმის და ფსიქოლოგის თანამდებობები სკოლაში. ასევე ყველა ის მასწავლებელი, ვისაც 18 საათზე ნაკლები დატვირთვა აქვს, დირექტორებმა საკუთარი შეხედულების მიხედვით უნდა გაათავისუფლონ.

ის, ვინც კომენტარზე გვთანხმდება, ამბობს, რომ არავითარი ცვლილება მის სკოლაში არ იგეგმება და არც მასწავლებლების გაშვებას აპირებს. ასეთია, მაგალითად, 55-ე სკოლის დირექტორი თამარ ჭაბაშვილი:

განათლების სამინისტროს ზეპირ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირი, რომლის პრეზიდენტიც, მანანა ღურჭუმელიძე, ამბობს, რომ, განათლების მინისტრის 2005 წლის ბრძანებით, მასწავლებლებს, მცირე საათებით, სკოლაში მუშაობის უფლება ჰქონდათ. ეს ბრძანება დღესაც ძალაშია. თუმცა ათასობით სწორედ ასეთი მასწავლებლის გათავისუფლებაა დაგეგმილი: ”მინისტრი ამბობს, რომ ამით მასწავლებლების ხელფასის გაზრდა სურს. თუ მართლაც ეს უნდა, მაშინ შესაბამისი ბრძანება მიიღოს ან არსებულში შეიტანოს ცვლილება და აუნაზღაურდეთ მასწავლებლებს ჩატარებული საათები შესაბამისად.”

სკოლებიდან მასწავლებელთა მოსალოდნელი დათხოვნის ფაქტი 23 ივნისს განათლების სამინისტროსთან ”ლეიბორისტებმაც” გააპროტესტეს. პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას, განცხადებით, პარტიაში შეიქმნება პედაგოგთა დაცვის კომიტეტი, რომელშიც გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ "ლეიბორისტები" მასწავლებლებს.
XS
SM
MD
LG