Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 23 ივნისი 2010


”რეზონანსი” გერმანულ გამოცემა ”ფრანკფურტერ რუნდშაუ”-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. ავტორი წერს: ”დიდი ალბათობით, მასალების გამოქვეყნება უფრო პრევენცია და ოპოზიციის დაშინების მცდელობა უნდა იყოს, ვიდრე რეალური მოქმედების წინაპირობა, მაგრამ არც ერთისა და არც მეორე ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან სტატიაში მოხსენიებული ბევრი პირი დღეს საქართველოში არ იმყოფება. გამორიცხული არც ისაა, ამით მათ ნიშანს აძლევდნენ, რომ უკან აღარ დაბრუნდნენ. როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეების ზაფხულის გახალისებას და მოსაწყენი პოლიტიკური ყოველდღიურობიდან გამოყვანას ამჟამად გერმანული მედია და ავსტრიული პოლიცია ერთად შეეცდებიან.”
დღევანდელი პრესა ბევრს წერს ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებზე, კვლავ და კვლავ ”ალიანსი საქართველოსთვის” დაშლის მიზეზებზე. ოპოზიციის წარმომადგენელთა ურთიერთდამოკიდებულებაზე და ა.შ.

”24 საათის” სათაური - ”ყოფილების და მშენებარეთა ოპოზიციური დაპირისპირება”. ავტორი წერს: ”პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებმა გუშინ ერთმანეთს არაერთი ბრალდება წაუყენეს. ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ოპოზიციური გაერთიანების შექმნის ჩამშლელად ”ალიანსი საქართველოსთვის” დაასახელა. ნოღაიდელი აცხადებს, რომ, ”ეროვნული საბჭოსა” და ”ალიანსის” გაერთიანების შემთხვევაში, 30 მაისს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასასრული დაიწყებოდა”, - წერს ”24 საათი” პირველ გვერდზე.

”ახალი თაობა” ორ პუბლიკაციას უძღვნის ზურაბ ნოღაიდელისა და დავით გამყრელიძის მიერ ჟურნალისტების წინაშე გაკეთებულ განცხადებებს. ”საქართველოში არ არის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომელიც რაღაც პერიოდი ხელისუფლებაში არ ყოფილიყო ამა თუ იმ ფორმით, ან პარლამენტში. მათ შორის თვითონ დავით გამყრელიძე. ფულიც თავის დროზე ხელისუფლებასთან ახლობლობით აქვს გაკეთებული. ამიტომ გამყრელიძისგან შენიშვნების მიღება უხერხულია”, - უთქვამს ნოღაიდელს. იმავე გაზეთში დავით გამყრელიძის ციტატა: ”ნოღაიდელიც, ბურჯანაძეც და ოქრუაშვილიც მონაწილეობდნენ და ლეგიტიმაციას აძლევდნენ სააკაშვილს ისეთ დროს, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით მათ გადაწყვეტილებას. ამ ძალების ხელისუფლებაში მოსვლისთვის ”ახალი მემარჯვენეები” ნამდვილად ვერ იბრძოლებენ”. ”ახალ თაობაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ სოზარ სუბართან, რომელიც გოგა ხაინდრავას გამონათქვამის კომენტირებისას ამბობს: ”აჯანყება მიუღებელია, მაგრამ არ გამოვრიცხავ ძალიან რადიკალური აქციების ჩატარებას სხვადასხვა სფეროში.”
გაზეთ ”ვერსიის” ავტორი, ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, ვრცელ სტატიას აქვეყნებს ”ალიანსი საქართველოსთვის” დაშლისა და ამ მოვლენაში ირაკლი ალასანიას თანაგუნდელ ზურაბ აბაშიძის სავარაუდო როლზე. ”ვერსიის” ავტორი, აგრეთვე ”წყარო”-ზე დაყრდნობით, მკითხველს აუწყებს, რომ მიუნხენის შეხვედრის ორგანიზატორებს ალასანიასთვის ”შეუთვლიათ”, ”მძიმე ლაპარაკი გვექნებაო”. ასეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ”ვერსია” ცდილობს ოპოზიციის წარმომადგენელთა გადაჯგუფების რამდენიმე ვარიანტი განიხილოს. ”ასე რომ, ყველაფერი ახლა იმაზეა დამოკიდებული, როგორი მძიმე ლაპარაკი შედგება ოპოზიციონერებს შორის და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ალასანია. უკვე ”მარტო” დარჩენილ ელჩყოფილს, ალბათ, დაფიქრება ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევს - მიუნხენის შეხვედრის გმირები, უნდათ თუ არა, პრორუსულ ძალებად მოიაზრებიან. თუ ზურაბ აბაშიძე ამ ძალებსა და ალასანიას შორის ხიდის როლს შეასრულებს, გამოვა, რომ ისიც, ნებით თუ უნებლიეთ, რუსულ თამაშს თამაშობს”, - წერს ”ვერსიის” ავტორი.

”საქართველოს რესპუბლიკაში”, რუბრიკით ”გულის ბუხარი”, აქვეყნებს მოსაზრებას, სათაურით - ”ჩვენ ხომ ერთი გვაქვს სამშობლო! ასე რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი, ადამიანებო?!”.”რაც გინდა ის დამწამეთ. კომუნისტური პარტია, მიუხედავად თავისი ავტოკრატობისა, ამჟამინდელთან შედარებით, ეროვნულ საქმეს აკეთებდა. ეს სტალინმა ააშენა რუსთავქალაქი, თავისი სამრეწველო გიგანტებით ქვემო ქართლში, უშველებელ ტერიტორიაზე, სადაც ქართული სიტყვის ჭაჭანება არ იყო. კარგად დასახლებული რეგიონებიდან ჩამოასახლა ქართული ოჯახები გარდაბნის, მარნეულის, დმანისის თავისუფალ, უფრო სწორად, მტერთაგან პირისაგან მიწისა აღგვილ ქართველთა ნასახლარებში. ზრუნავდა ერის გამრავლებაზე...” - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG