Accessibility links

logo-print

მედვედევი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ”დრამატულად ცუდს” უწოდებს


პრეზიდენტი მედვედევი რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობას ”დრამატულად ცუდს” უწოდებს. სტენფორდის უნივერსიტეტში აშშ-ის საზოგადოებრივი, აკადემიური და საქმიანი წრეების წარმომადგენელთა წინაშე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც კი საქართველოს ახალი ხელისუფალი ეყოლება ურთიერთობის აღდგენის ყველა შესაძლებლობა გაჩნდება. მედვედევის თქმით, მას ძალიან სურს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ამის შანსს ვერ ხედავს. ”საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ცუდად მოიქცა, ანუ იურიდიული ენით რომ ვთქვათ, დანაშაული ჩაიდინა” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პასუხი არა რუსი, არამედ ქართველი ხალხის წინაშე უნდა აგოს. სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას მედვედევმა კვლავ გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საკუთარი მოქალაქეები და ინტერესები დაიცვა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ აღიარებულ ტერიტორიებს ზოგიერთი საქართველოს ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი საქართველოს შემადგენლობაში უნდა დაბრუნდნენ. ”მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმად, ამ ორი ტერიტორიის აღიარების შემდეგ, მათ დამოუკიდებელი სუბიექტების უფლებები გაუჩნდათ” - განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, კაცობრიობის ისტორიაში ბევრი მსგავსი მაგალითი არსებობს. ამჟამად რუსეთის პრეზიდენტი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო, რომელიც მათივე თქმით, ვაშინგტონისა და მოსკოვის ძირითადი უთანხმოების საგნად რჩება.

საქართველოს და მისი პრეზიდენტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებათა კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში არ ყოფილა ხელისუფლება, რომელიც მოსკოვს მოსწონდა. ვაშაძის თქმით, კრემლს შეუთავსებლობა ჰქონდა საქართველოს ყველა პრეზიდენტთან. საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსს, თავისულების და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და არა რომელიმე კონკრეტულ ხელისუფალს. გრიგოლ ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდება, რაც მოსკოვი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ თანასწორობის პრინციპს აღიარებს.
XS
SM
MD
LG