Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდა ქართლში ომის შემდეგ ნარკომანთა რაოდენობა გაიზარდა


ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლში მნიშვნელოვნად გაიზარდა. გორი-სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე ანდრიას ინიციატივით, გორის ეკლესიასთან არსებულ ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრში საზოგადოებასთან, ჯანდაცვის სფეროსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ნარკომანიის პრობლემაზე მუშაობენ, შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მაღალი მოტივაციის პირობებში, ფსიქოლოგების და ეკლესიის დახმარებით, ამ სენის დამარცხება შესაძლებელია. მაგრამ დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო ადვილია, ვიდრე ავადმყოფობასთან ბრძოლა. ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა კოლოტაშვილის ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში 3000 წამალდამოკიდებულია რეგისტრირებული, აქედან 24 ქალია. კოლოტაშვილის თქმით, ეს რეალურ სურათს ვერ ქმნის, რადგან ბევრად მეტი ნარკოდამოკიდებული აღრიცხვაზე არ იმყოფება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საომარი მდგომარეობა, დაბალი სოციალური ფონი, ოჯახური და შიდაპიროვნული კონფლიქტები, ტრავმულ-სტრესული გამოცდილება აძლიერებს წამალდამოკიდებულებისკენ სწრაფვის ტენდენციას, მით უმეტეს, რომ ბევრი ნარკოტიკული საშუალება უკვე ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ბოლო პერიოდში გორელი ახალგაზრდების ნაწილმა აქტიურად დაიწყო აქტიფედისგან მიღებული ნარკოტიკის გამოყენება, არაერთი შემთხვევა ლეტალური შედეგითაც დასრულდა. ეპარქიასთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის ელზა პანკრატოვას აზრით, მედიაც აქტიურად უნდა ჩაერთოს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გორი-სამთავისის ეპისკოპოსის მეუფე ანდრიას წინადადებით, საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და სასულიერო პირებმა ნარკომანიის პრევენციისთვის კოორდინირებული მოქმედებები უნდა დაიწყონ.

მეუფე ანდრიას წინადადება კოორდინირებული მოქმედებების შესახებ დამსწრე საზოგადოებამაც გაიზიარა. გადაწყდა, რომ შემდეგი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება და თითოეული ორგანიზაცია საკუთარ სამოქმედო გეგმას წარადგენს,ხოლო შემდგომში წარდგენილი წინადადებები შეჯერდება. სექტემბრიდან კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ნარკომანიის პრევენციისთვის ერთობლივ ქმედებებს დაიწყებენ. ეს, ძირითადად, რისკჯგუფებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებით გამოიხატება.
XS
SM
MD
LG