Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართვის მოწმობის აღების პროცედურაში ცვლილებები იგეგმება


საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონპროექტში შესაძლოა მალე შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ფსიქოს ასაღებად სამედიცინო ტესტების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოხდება, მართვის მოწმობის აღების მსურველი პირი კი ჯანმრთელობის ცნობას, ჯანდაცვის სამინისტროს ნაცვლად, შსს-ს მომსახურების სააგენტოში აიღებს. სააგენტოში ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე მსჯელობენ, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, გაამარტივებს თუ არა ეს ცვლილება მართვის მოწმობის აღების პროცედურას და, საერთოდ, რამდენად რთულია საქართველოში გამოცდის ჩაბარება.

მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ჯანმრთელობის ცნობის, ე.წ. ფსიქოს აღება დიდ სიძნელეს რომ არ წარმოადგენს, ამას ჩვენი რესპონდენტი, 41 წლის ელენეც ადასტურებს, რომელმაც ორი თვის წინ მეოთხე მცდელობაზე აიღო მოწმობა. ”ფსიქოს” ფასი სხვადასხვა პოლიკლინიკაში 20-დან 35 ლარამდე მერყეობს. ელენემ ცნობაში 30 ლარი გადაიხადა:

”როდესაც გამოცდაზე მივედი, აღმოჩნდა, რომ ფსიქოს ვადა ჰქონდა გასული, მაგრამ იქვე აღმოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ერთ საათში მომიტანა ლეგალური ჯანმრთელობის ცნობა. 30 ლარი გადავიხადე... იქვე ყოფილა ავტოსკოლა და იქვე ყოფილა კაბინეტი, სადაც ეს ცნობა მომცეს.”

ელენე ამბობს, რომ თეორია მარტივად ჩააბარა, პირველივე მცდელობაზე. გამოცდის მეორე პრაქტიკული უფრო გაუჭირდა, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ უფრო მარტივი ეს პროცედურა არ უნდა იყოს. პირიქით:

”უფრო რთული უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში უნდა გაგატარებინონ მანქანან, იმიტომ რომ ქალაქში სულ სხვა უნარები გჭირდება, ვიდრე იმ ფიგურების გაკეთებაა, ზიგზაგის ან უკუსვლით ავტომანქანის დაყენება და ა.შ.”.

შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის აღების პროცედურის გამარტივებას გამოცდის ხარჯზე არ გეგმავს. ანუ ცვლილება, რომელზეც ახლა მსჯელობენ, გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა გაჩნდეს ფსიქოს ალტერნატიული ცნობა, რომელსაც დაინტერესებული პირები მომსახურების სააგენტოში მიიღებენ. როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ლევან სანაძე ამბობს,დეტალები ჯერ ცნობილი არ არის:

”ფსიქო არ უქმდება. შესაძლოა, გაჩნდეს ფსიქოს ალტერნატივა იმ ადამიანებისათვის, ვისაც ეს არ სჭირდება.”

სააგენტოს თანამშრომლის, თამარ წულაიას განმარტებით კი, ადამიანებს ორი უწყების ნაცვლად ერთ ადგილას მოუწევთ მისვლა და საქმის მარტივად გაკეთება.

საგამოცდო ტესტების ერთ-ერთი ავტორი და ავტოსკოლის გზაჯვარედინის თეორიის მასწავლებელი მამუკა გახოკიძე ამბობს, რომ თეორიული გამოცდა ნამდვილად გართულებულია და ცუდი არ იქნებოდა, თუ გამოცდის პრაქტიკული ნაწილის გართულებაზეც იზრუნებდა შესაბამისი სამსახური. მისი თქმით, თეორიას, როგორც წესი, 70% პირველივე მცდელობაზე აბარებს. ძირითად დაბრკოლებებს მომავალი მძღოლები მაშინ ხვდებიან, როდესაც ზიგზაგები და რვიანები იწყება. მამუკა გახოკიძე ამბობს, რომ პრაქტიკული გამოცდის წესი უნდა შეიცვალოს:

”გამოცდის პრაქტიკული ნაწილი სასურველია უფრო რთული იყოს, რასაც საპატრულო ითხოვს გამოცდაზე. ცუდი შედარებაა, შესაძლოა, მაგრამ დათვებს და მაიმუნებს ასწავლიან ცირკში და რვიანი, ზიგზაგი და უკუსვლით შეყენება არაფერს არ ნიშნავს. მთავარია, რომ ქალაქში, შედარებით ნაკლებად დატვირთულ გზაზე მოხდეს მძღოლის გამოცდა.”

ჯერჯერობით მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს ბრძანება არეგულირებს. სწორედ მასში ვკითხულობთ, რომ სხვა საჭირო საბუთებთან ერთად მოქალაქემ სამედიცინო ცნობაც უნდა წარადგინოს. როგორი იქნება ამ ცნობის ალტერნატივა და ვისთვის იქნება სავალდებულო, ჯერ ცნობილი არ არის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG