Accessibility links

logo-print

გენერალი მაკკრისტალი საკუთარ „ტოქსიკურ კულტურას“ შეეწირა


ავღანეთში ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი გენერალი მაკკრისტალი

ავღანეთში ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი გენერალი მაკკრისტალი

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ავღანეთში მიმდინარე საომარი ტაქტიკა არ შეიცვლება, კოალიციის სარდლობაში განხორციელებული ცვლილების მიუხედავად. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლა ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალი გენერალი მაკკრისტალი და მის ნაცვლად გენერალი დევიდ პეტრეუსი დანიშნა. კონგრესისა და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ობამას ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

საქციელი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ [მაკკრისტალის] ინტერვიუში გამომჟღავნდა, არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რითაც მეთაური გენერალი უნდა ხელმძღვანელობდეს. იგი არყევს არმიაზე სამოქალაქო კონტროლს ...
ბარაკ ობამას გადაწყვეტილება დაემთხვა ჟურნალ „როლინგ სტოუნში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელშიც გენერალმა მაკკრისტალმა ბარაკ ობამა დაახასიათა როგორც „მოუმზადებელი“ სტრატეგიულ საკითხებში, „ჯამბაზი“ უწოდა პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიმს ჯონს, დასცინა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს და გააკრიტიკა შეერთებული შტატების ელჩი ავღანეთში კარლ ეიკენბერი. მართალია, 23 ივნისს მაკკრისტალმა გაიმეორა, რომ „განუხრელად უჭერს“ მხარს ბარაკ ობამას სტრატეგიას ავღანეთთან მიმართებით, მაგრამ შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ბარაკ ობამამ გაკიცხა გენერალი მაკკრისტალი დემოკრატიის სტანდარტებთან შეუთავსებელი საქციელის გამო:

„საქციელი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში გამომჟღავნდა, არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რითაც მეთაური გენერალი უნდა ხელმძღვანელობდეს. იგი არყევს არმიაზე სამოქალაქო კონტროლს, რაც ჩვენი დემოკრატიული სისტემის საფუძველია, და ლახავს ნდობას, რაც აუცილებელია ჩვენი გუნდისათვის, რათა ერთობლივად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს ავღანეთში.“

პრეზიდენტ ობამას ბრძანებით, შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების მთავარსარდლის პოსტს ავღანეთში გენერალი დევიდ პეტრეუსი დაიკავებს, ცენტრალური სარდლობის ამჟამინდელი მეთაური და კოალიციური ძალების ყოფილი სარდალი ერაყში. კონგრესში ამ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა არ მოჰყოლია. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციას ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რიგი საკითხების გამო აკრიტიკებს ხოლმე, სასწრაფოდ მოიწვია პრესკონფერენცია და მაკკრისტალის პეტრეუსით ჩანაცვლებას სწორი გადაწყვეტილება უწოდა:

„ჩვენ მივესალმებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეთხოვა გენერალ პეტრეუსისათვის, რათა ისევ ჩადგეს ჩვენი ერის დაცვის სამსახურში. ვფიქრობთ, რომ ავღანეთის კონფლიქტის წარმატებულად გადაჭრისათვის არ არსებობს გენერალ პეტრეუსზე უფრო კვალიფიციური ან უფრო გამოჩენილი ლიდერი.“

ამ გადაწყვეტილებით ობამამ თქვა, რომ ვაგრძელებთ არჩეულ კურსს, რომ ამ დანიშვნით ჩვენ არ ვაპირებთ გადავხედოთ სტრატეგიის საბაზისო კრიტერიუმებს ...
რესპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან, ლინდსი გრემმა, სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ასე დასრულდა „კარგი გენერლის“ კარიერა. თუმცა სენატორმა, რომელსაც არმიაში ყოფნის ხანგრძლივი სტაჟი აქვს, განაცხადა, რომ მაკკრისტალმა გადააბიჯა „წითელ ხაზს“, რაც დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურისათვის. იგივე აზრი სუფევს ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებებშიც. სტივენ კლემონსმა, ამერიკის სტრატეგიული პროგრამისა და ახალი ამერიკის ფონდის დირექტორმა, განაცხადა, მაკკრისტალი იმ „ტოქსიკური კულტურის“ მსხვერპლი აღმოჩნდა, რასაც საკუთარ გარემოცვაში ნერგავდაო. ამასთან, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ავღანეთში კოალიციური ჯარების სარდლის შეცვლა არ გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებას შეერთებული შტატების სტრატეგიაში:

„ამ გადაწყვეტილებით ობამამ თქვა, რომ ვაგრძელებთ არჩეულ კურსს, რომ ამ დანიშვნით ჩვენ არ ვაპირებთ გადავხედოთ სტრატეგიის საბაზისო კრიტერიუმებს, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის სტრატეგია ავღანეთში არ შესუსტდება მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მაღალი რანგის გენერალი ამ ქვეყანაში გადადგა. რასმუსენმა ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში, 23 ივნისს თქვა, რომ ამერიკელი გენერლის სტენლი მაკკრისტალის სტრატეგია სწორი იყო.
XS
SM
MD
LG