Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიას რუსეთისთვის გაზის საფასურის გადახდის შემდეგ გაზის მიწოდება აღუდგა


რუსეთმა გამოაცხადა, რომ მინსკის მიერ საფასურის - 178 მილიონი დოლარის - გადახდის შემდეგ მან ბელორუსიას გაზის მიწოდება განუახლა. „გაზპრომმა“, თავის მხრივ, გაავრცელა ცნობა, რომ ევროპის მიმართულებით ბელორუსიის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებისთვის სატრანზიტო გადასახადი დაფარა. დასრულდა თუ არა „აირის ომი“ ორ ქვეყანას შორის?

ძნელი სათქმელია, საბოლოოდ ამოიწურა თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მას მერე, რაც „გაზპრომმა“ დაადასტურა, ბელორუსიამ სრულად გადამიხადა 187 მილიონი დოლარი ადრე მიწოდებული გაზისთვისო, დაძაბულობა თითქოს განიმუხტა. რუსეთმა სატრანზიტო გადასახადი გადარიცხა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. „გაზპრომის“ წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა, განაცხადა:

„ასევე გადახდილია გაზის ტრანზიტის საფასური. გადარიცხვა მოხდა ზუსტად ხელშეკრულების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ას კილომეტრზე ათასი კუბური მეტრის ტრანზიტისთვის ერთ დოლარსა და 45 ცენტს.“

ბელორუსიის მილსადენების ოპერატორმა, „ბელტრანსგაზმა“, დაადასტურა, რომ „გაზპრომისგან“ თანხა მიიღო, მაგრამ ის ნაკლებია, ვიდრე მინსკი მოითხოვდა. „ბელტრანსგაზმა“ მიიღო 228 მილიონი დოლარი, ბელორუსიის ანგარიშით კი, გადასახდელია 260 მილიონი დოლარი. ბელორუსიის ენერგეტიკის მინისტრმა ალიაქსანდრ ოზერეტსმა პროცენტები დააზუსტა და თქვა, მოსკოვმა მხოლოდ 87 პროცენტი დაფარა დავალიანებისაო. ოზერეტსის მიერ გაკეთებული კომენტარებიდან არ ჩანს ცხადად, აპირებს თუ არა ბელორუსია შეასრულოს მუქარა და გადაკეტოს ევროპის კავშირისკენ მიმავალი მილსადენები. „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს ადრე უთქვამს, რომ ნაწილობრივი გადახდაა მხოლოდ შესაძლებელი. მისივე თანახმად, ბელორუსიის მოთხოვნა არ შეესაბამება კონტრაქტს. ამ უთანხმოებამ გაზის საფასურის გადახდის გამო კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ორ მეზობელს შორის. პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკომ თავისი უკმაყოფილება 22 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ასე გამოხატა:

„დღეს ვისესხე ფული მეგობრებისგან და სულ მალე ამ ფულს გადაგიხდით. მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ფული უცხოებისგან უნდა მესესხა იმის გამო, რომ რუსეთს არ შეუძლია ორი კვირა მოიცადოს.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG