Accessibility links

logo-print

დოკუ უმაროვი ვაშინგტონმა ტერორისტთა სიაში შეიყვანა


დოკუ უმაროვი

დოკუ უმაროვი

მოსკოვის მიერ ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ჩეჩენ პარტიზანთა ლიდერი შეერთებულმა შტატებმა ტერორისტების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება, რომელიც დოკუ უმაროვის ქონების გაყინვასა და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი კომპანიებისა და კერძო პირების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს, გამოცხადდა იმ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ვაშინგტონში ჩადის.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული ნუსხა, რომელსაც ხელი 23 ივნისს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოაწერა, თან ერთვის ჩეჩნეთის იატაკქვეშა პრეზიდენტის დოკუ უმაროვის ტერორისტად გამოცხადებას და შეიცავს კონკრეტული სანქციების ჩამონათვალს. გაიყინება დოკუ უმაროვის ქონება და ანგარიშები და გატარდება სანქციები ყველა იმ კერძო თუ იურიდიული სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც საქმიან ურთიერთობაში შევლენ მასთან.

ეს გადაწყვეტილება, რაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მორიგი ნიშანია, გამოცხადდა იმ დროს, როდესაც შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი დმიტრი მედვედევი ვაშინგტონში ჩადის.

დოკუ უმაროვი თვითგამოცხადებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტად 2006 წლის ივნისში გამოცხადდა - მას შემდეგ, რაც წინამორბედი თვითგამოცხადებული პრეზიდენტი აბდულ ხაკიმ სადულაევი მოკლეს.
თუმცა მალე დოკუ უმაროვმა საკუთარი თავი „კავკასიის ემირატის“ ემირად გამოაცხადა, მოგვიანებით კი პასუხისმგებლობა აიღო რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმაზე, მათ შორის, მარტში მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებაზეც, რომლის დროსაც 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ ბრძანება უმაროვს გაურთულებს „ფინანსური და სხვა სახის დახმარების მიღებას“, რაც, ამერიკელი მოხელის თქმით, „შეასუსტებს მის შესაძლებლობას განახორციელოს ოპერატიული და პოლიტიკური ლიდერობა ემირატზე.“

ამასთან, კროულიმ აღნიშნა, რომ ფინანსური სანქციები მხოლოდ ერთ-ერთი ფაზაა შეერთებული შტატების იმ გეგმიდან, რომელიც წარმოადგენს პასუხს უმაროვის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე. სახელმწიფო დეპარტამენტში ანტიტერორისტული საქმიანობის კოორდინატორმა დენიელ ბენჟამინმა გადაწყვეტილებას „არაპირდაპირი პასუხი“ უწოდა საფრთხეზე, რომელიც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ერთობლივად ემუქრებათ.

დოკუ უმაროვის ტერორისტად გამოცხადების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ტერორიზმის საკითხებში ანატოლი საფონოვმა, რომელმაც ინტერ-ფაქსის სააგენტოს უთხრა, რომ შეერთებული შტატების აღნიშნული გადაწყვეტილება დაეხმარება რუსეთის ანტიტერორისტულ ძალისხმევას ჩრდილოეთ კავკასიაში.

საფონოვმა ისიც დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ნუსხა კარგი სიგნალი გახდება რუსეთის გარეთ მყოფი „მეორე და მესამეხარისხოვანი პირებისათვის, რომლებიც, გარკვეულწილად, დახმარებას უწევენ დოკუ უმაროვს.“

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას „მართებულ ნაბიჯს“ უწოდებს რუსი უფლებათდამცველი ოლეგ ორლოვიც, თუმცა მას არ სჯერა, რომ ეს „ხელს შეუწყობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ჩრდილოეთ კავკასიაში“.

რუსეთს ბრძოლა უხდება მზარდი ისლამისტური პარტიზანული მოძრაობის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანურ რეგიონში, სადაც მაღალი დონის კორუფცია, არასტაბილურობა, უმუშევრობა და სიღატაკე სუფევს.
XS
SM
MD
LG