Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას განცხადებით, რუსეთი სოლიდური პარტნიორია, მაგრამ რჩება უთანხმოება საქართველოს საკითხზე


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დღეს ვაშინგტონში შეხვდა რუს კოლეგა დმიტრი მედვედევს, რის შემდეგაც ის შეაქო, როგორც „სოლიდური“ და „სანდო“ პარტნიორი. მაგრამ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ არსებობს უთანხმოების გამომწვევი საკითხებიც, მათ შორის ვითარება საქართველოში. „ჩვენს ორ ქვეყანას შორის კვლავინდებურად უთანხმოება სუფევს გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის საქართველოზე და ამ უთანხმოებებზე გულახდილად ვისაუბრეთ. მაგრამ იმ სფეროებში წინსვლით, რომლებშიც ვთანხმდებით, ჩვენ შევძელით ურთიერთობების გადატვირთვა, რასაც სარგებელი მოაქვს როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ობამას თქმით, შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ კოორდინაციას გაუწევენ ჰუმანიტარულ დახმარებას ყირგიზეთისთვის, სადაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბოლოდროინდელმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა ასევე, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი დააჩქარებენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისაკენ მიმართულ დიალოგს. ორმა პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ბიზნესის სფეროში მთელი რიგი შეთანხმებების, მათ შორის რუსეთის მიერ „ბოინგის“ თვითმფრინავების შეკვეთის შესახებ.
XS
SM
MD
LG