Accessibility links

logo-print

რატომ ვერ ბრუნდებიან ფსიქიატრიულის პაციენტები შინ


ოლღა კალინა

ოლღა კალინა

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” საზოგადოებას 8 თვიანი კვლევის შედეგად მიღებული სურათი გააცნო. ორგანიზაცია იკვლევდა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მდგომარეობას სამკურნალო დაწესებულებებში, მათი შემდგომი რეაბილიტაციის შესაძლებლობას და იმას, თუ რამდენადაა დაცული ამ ადამიანების უფლებები საქართველოში.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონაცემებით, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკას ეყრდნობა, საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ფსიქიკური პრობლემის მქონეა. მათი ნაწილი მკურნალობას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადის, ასეთი კი საქართველოში სულ 6-ია.

კვლევის კოორდინატორის ოლღა კალინას განმარტებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების დიდი ნაწილი სამკურნალო დაწერებულებებში 11-15 წელი რჩება, ანუ მას შემდეგ, რაც მათ, წესით, აღარ უნდა სჭირდებოდეთ მედიკამენტოზური მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსს უნდა გადიოდნენ.

”ასეთი ტიპის დაწესებულებებში პაციენტი უნდა გადიოდეს მკურნალობის კურსს მხოლოდ მანამდე, სანამ არის მწვავე მდგომარეობაში. როდესაც ის ამ მდგომარეობიდან გამოდის, უნდა გადიოდეს რეაბილიტაციას. მაგრამ ამ თვალსაზრისით საქართველოში საკმაოდ სევდიანი მდგომარეობაა”, ამბობს ოლღა კალინა.

საქართველოში სულ 3 სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობს - თბილისში, თელავსა და ქუთაისში. იქ სულ 119 პაციენტის ადგილია, რაც რეაბილიტაციის კურსის საჭიროების მქონე პირთა რაოდენობას მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ პაციენტებს შინ დაბრუნებაში უშლის ხელს, მეურვეობის მანკიერი სისტემაა, ამბობს ოლღა კალინა.

სწორედ მეურვის საქციელის გამო ვერ ბრუნდებიან შინ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დედა-შვილი ნანა და ნადია კორტანელები. ნანას ძმამ, რომელიც დედა-შვილ კორტანელების მეურვედაა სასამართლოს წესით აღიარებული, სახლი გაყიდა.

”დედაჩემი და მე მოგვათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ჩემმა ძმამ და რძალმა ის სახლი, რომელიც დედაჩემს ეკუთვნოდა და სადაც ჩემი ძმაც იყო ჩაწერილი, გაყიდეს. მათ მიისაკუთრეს დედაჩემის პენსიაც და ამ მდგომარეობაში ვარ ახლაც”, ამბობს ნანა კორტანელი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოყო, არის ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტებისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უქონლობა. მაგალითად, ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სულ 104 პაციენტია. მათგან 55-ს პირადობის მოწმობა არა აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფოსგან ვერც პენსიას მიიღებენ და ვერც სხვა რაიმე სახის მატერიალურ შემწეობას, ამბობს ოლღა კალინა.

ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე მზრუნველობის ფორმების დახვეწაზე მუშაობს. სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი კახა ხელაძე განმარტავს, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ახალი პროგრამის პილოტირება დაიწყება, რაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მდგომარეობას შეამსუბუქებს.

აი, რას ამბობს კახა ხელაძე:

”ახლა მიდის საუბარი შინ მოვლის სერვისების სტრუქტურების შექმნაზე, რომლის პილოტირებაც ამ წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და როცა ეს სტრუქტურა ჩამოყალიბდება, შემდეგ ფინანსური უზრუნველყოფაც იქნება.“

ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი იმ რეალობას, რომელიც დღეს საქართველოში ფსიქიკური პრობლემების ადამიანებთან მიმართებაში არსებობს, საბჭოთა ფსიქიატრიის გადმონაშთს უწოდებს - საბჭოთა ფსიქიატრიისა, რომელიც ნებისმიერ ნერვულ აშლილობას ფსიქიკურ დარღვევად განიხილავდა. მისი ხედვით, დამოკიდებულება და სამკურნალო დაწესებულებების ფორმაც რადიკალურად შესაცვლელია. სხვაგვარად ამ ადამიანებს საზოგადოებაში ვერ დავიბრუნებთო, ამბობს თეა გოგოტიშვილი:

”ამ პაციენტებს უნდა ჰქონდეთ ძალიან კომფორტული გარემო, რომ ისინი თავს ადამიანებად გრძნობდნენ სტაციონარებში და როდესაც მკურნალობის კურსი სრულდება, მნიშვნელოვანია მათთან რემისიის პირობებში კვალიფიციური ფსიქოლოგების მუშაობა, რომ მათ თავიანთი პიროვნული რესურსების განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.”

უკან ვეღარ ბრუნდებიან კი იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევეში ამ ადამიანებს უკან დასაბრუნებელი გზა არა აქვთ, მათზე ნათესავები უარს ამბობენ.

სტიგმა, რომელიც საზოგადოების თვალში ამ ადამინებს აქვთ, არ აძლევს მათ საშუალებას დაბრუნდნენ საზოგადოებაში.
XS
SM
MD
LG