Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაში ზურაბ ნოღაიდელის მიერ ”ეროვნული საბჭოს” დატოვებაზე წერენ. ”ვერსია” კობა დავითაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით - ”ნოღაიდელი ფულს ჩვენ კი არა, საკუთარ პარტიას არ აძლევდა”. დავითაშვილი ნოღაიდელზე ამბობს: ”ეს ადამიანი ჩვენთან მოვიდა და მისი გამინუსების უფლება აღარ გვქონდა - სიტყვა სიტყვაა. ღიად ვაცხადებ - სულაც არ მოვიხიბლეთ, რომ პრაიმერის იდეას ნოღაიდელი გამოეხმაურა და სხვა არავინ. ამით არც კმაყოფილები ვიყავით, არც ბედნიერები, მაგრამ საკუთარი სიტყვა შევინახეთ”. კობა დავითაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პროგრამა ”ეროვნულ საბჭოში” ”უმრავლესობით არ დგებოდა. ამიტომაც, ბუნებრივია, არჩევნების დასრულების შემდეგ აღარ გამიჩნდა სურვილი ნოღაიდელთან მომავალი პოლიტიკური თანამშრომლობისა.”

ამავე გაზეთში ”ეროვნული ფორუმის” ლიდერ კახა შარტავასთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ოპოზიციაში ცენტრებსა და ძირითად მიმართულებებს ჯერ არავინ წარმოადგენს, მათ შორის, არც ”ფორუმი”. პოლიტიკური ცენტრი მაშინ გაჩნდება, როცა პოლიტიკურ გუნდს ან კოალიციას საზოგადოებაზე სერიოზული გავლენა ექნება”, - აცხადებს შარტავა.

”ახალი თაობის” პირველი გვერდის მთავარი სათაური: ”ახალი საგადასახადო კოდექსი - ფულის წაგლეჯის ახალი ხერხი“. ტექსტში ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრების - გიორგი ცაგარეიშვილისა და დავით ონოფრიშვლის ერთობლივი ბრიფინგი შუქდება, რომელიც საგადასახადო კანონის პროექტს შეეხებოდა.

”ახალ თაობაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ გიორგი თევზაძესთან, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების წამების შეწყვეტის მოთხოვნით შიმშილობს ციხეში.

”ბატონო სანდრო, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ჩვენი გაზეთის საშუალებით განაცხადეთ, რომ თბილისში გეების პარადის ჩატარება იგეგმებოდა. დღეს ამის შესახებ ბევრი საუბრობს. რაიმე ახალ ინფორმაციას ხომ არ ფლობთ ამასთან დაკავშირებით?” - ეკითხება ”ახალი თაობის” კორესპონდენტი პარტია ”თავისუფლების” წევრ სანდრო ბრეგაძეს. პასუხი: ”ახლა ინფორმაციას ერთადერთს იმას ვფლობ, რომ ეს აღლუმი უნდა ჩატარებულიყო უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით და მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ უცხოეთიდან ჩამოყვანილ ამ პროფესიის ადამიანებს.”

”რეზონანსი” ყარაბახის საკითხით ინტერესდება. ”მოსკოვმა ბაქოს ომის დაწყებაზე თანხმობა მისცა?”. ავტორი 18 ივნისს მთიანი ყარაბახის საზღვართან მომხდარ ინციდენტზე წერს, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი პოლიტოლოგების მოსაზრებებს სთავაზობს ”რეზონანსი” მკითხველს იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია ომის განახლების საფრთხე. ანუშ სედრაკიანის აზრით, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდი შემთხვევით არ იყო შერჩეული 18 ივნისის ინციდენტისთვის, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების დროს საქართველოში ომის დაწყება. აზერბაიჯანელი ექსპერტი მუბარიზ ახმადოღლი კი ამბობს, რომ ომი სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად შეიძლება დაიწყოს აზერბაიჯანისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. რაც შეეხება მოსაზრებებს საქართველოში, რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ საქართველომ საკითხის მშვიდობიან მოგვარებას უნდა დაუჭიროს მხარი და არც ერთ მხარეს არ უნდა დადგეს, ”არ გავეჩხიროთ იქ, სადაც არ არის აუცილებელი”. ირაკლი სესიაშვილი ამბობს: ”არის ერთი მომენტი - აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი საგრძნობლად გაიზარდა და მეშინია მათაც ის ამბიციები არ გაუჩნდეთ, რაც სააკაშვილს - რომ ეგონა საუკეთესო ჯარი ჰყავდა. მეშინია, რომ ამ ფიქრებმა და რუსეთის ჩარევამ არ გადაადგმევინოს ნაბიჯი საომარი მოქმედებებისკენ.”

”ქართულ-ავსტრიული გამოძიება ქართველ მაფიოზთა შეთქმულებაზე” - ეს ”24 საათის” სათაურია. ავტორი წერს: ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გერმანული გაზეთის სკანდალურ სტატიაში გამოქვეყნებულ ფაქტებზე მუშაობა დაიწყო და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში დადანაშაულებულ კრიმინალებთან კავშირში მყოფი შსს-ს მაღალჩინოსნის გამოვლენას ცდილობს.”
XS
SM
MD
LG