Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის გადატანა


ძეგლის აღების შესახებ ჟურნალისტებისგან შევიტყე.

საინფორმაციო გამოშვებებიდან არა. ჟურნალისტები მირეკავდნენ და კომენტარს მთხოვდნენ. მე ბათუმში ვარ კონფერენციაზე და ამიტომ ბევრი ვერ მომწვდა.

მაგრამ იყვნენ გამონაკლისებიც.

ერთ-ერთმა გამონაკლისმა მიკროფონი დამიმიზნა.

„ხომ იცით, რაზე უნდა ილაპარაკოთ?“ (თვითონ არ იცოდა, პროდიუსერმა შეათანხმა ჩემთან.)

„სტალინის ძეგლის აღებაზე“ - იყო ჩემი პასუხი.

„საიდან აიღეს?“ - შეკითხვა.

„გორიდან“ - ვპასუხობ ოდნავ დაბნეული.

„არ უნდა აეღოთ, ხო?“ - სინანულით მეკითხება.

ამ დიალოგზე მეგობრებთან ერთად ბევრი ვიცინე, მაგრამ გულის სიღრმეში შიში დამრჩა. ამ ჟურნალისტის შემეშინდა და კიდევ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, რომლის საფუძველზეც შემდეგ მოსახლეობამ საკუთარი აზრი უნდა შეიქმნას.
გორში სტალინის ძეგლი მოხსნეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

ძეგლის აღების ამბავი, რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა.

ჯერ ერთი, წმინდა ეგოისტურად: აღარ დამჭირდება ყოველი ახალჩამოსული უცხოელი პროფესორისა თუ უცხოელ სტუდენტთა ყოველი - ასევე ახალჩამოსული - ჯგუფის წინ უხერხულად შმუშვნა გორის მთავარ მოედანზე, საქართველოს რთული უახლესი ისტორიის შესახებ მინი-ლექციის კითხვისას.

მეორეც, ბევრ სხვა ადამიანთან ერთად მეც ვმონაწილეობდი იმ კამპანიაში, რომელიც ძეგლის გადადგმას ითხოვდა. ესეც ოდნავ ეგოისტური სიამოვნებაა - რაღაც გამოვიდა.

მაგრამ მთავარი სხვაა.

სტალინის ძეგლის აღება დე-სოვიეტიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ეს არაა პირველი ნაბიჯი და არც უკანასკნელად უნდა დარჩეს.

რა არის სტალინის მემკვიდრეობა საქართველოში?

რთული სათქმელია, ძალიან რთული.

მოდით, სხვანაირად ჩამოვაყალიბოთ კითხვა - რატომ იყო ასე პოპულარული ჩვენს ქვეყანაში დიქტატორი, რომლის სინდისზეც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა?

კომუნისტური იდეოლოგიის გამო? რასაკვირველია, არა. კომუნიზმის ნათელი იდეისა დღეს ჩვენში არავის სწამს.

აბა?

ერთი შეხედვით უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ‘ეთნიციზმის’ გამო.

„წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული!“

სწორედ აქაა საქართველოში სტალინის პოპულარობის მიზეზი საძიებელი.

ეთნიციზმი გეუბნება: შეგიძლია წარმატებას მიაღწიო იმის გარეშე, რომ გქონდეს საკუთარი სახელმწიფო. მაინც ქართული გენის ხარ. აი, რამდენს მიაღწია იოსებ ჯუღაშვილმა.

სწორედ ქართული ეთნიციზმია, რაც თანხმობაში მოდის რუსულ იმპერიულ პროექტთან. იმპერიაში ეთნიკური კუთვნილების შენარჩუნება შეიძლება. რაც არ შეიძლება, ესაა საკუთარი სახელმწიფოს განვითარება.

სახელმწიფო ისაა, რაც ეთნოსს ნაციად გარდაქმნის. ნაციისათვის განმსაზღვრელი აღარაა სისხლი. ნაციისათვის განმსაზღვრელია მოქალაქეობა.

სტალინი არის სიმბოლური ფიგურა, რომელიც საქართველოში ნაციის ჩამოყალიბებას უშლის ხელს, ჭიპლარია, რომელიც რუსულ იმპერიულ პროექტს გვაკავშირებს.

სტალინი ცდუნებაა - მოდი, ვიყოთ ეთნოსი. რუსული მრავალეთნიკური იმპერიის ფარგლებში.

ამიტომაც ქართული გენის ყველაზე დიდი მადიდებლები ღიად თუ ლატენტურად აუცილებლად პრორუსული პოლიტიკის მომხრეები იქნებიან.

მხოლოდ ძეგლის მუზეუმში გადატანით ამ კავშირს, ცხადია, ვერ გავაუქმებთ.

მაგრამ ეს სერიოზული ნაბიჯია.

რატომ?

იმიტომ, რომ ადამიანისათვის მიძღვნილი ძეგლი საზოგადოებრივ ადგილას - ეს ნიმუშია. „აი, ასეთი უნდა იყო“ - გეუბნება ის. შენი საქმეა, დაუჯერებ თუ არა, მაგრამ პრეტენზია აქვს.

მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლი სრულიად განსხვავებულ სიგნალს იძლევა - რაღაც მნიშვნელოვანია.

ამ შემთხვევაში იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაც ბოლომდე არ გადაგვილახავს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG