Accessibility links

გიორგი ტუღუში: ”საქართველოში იზრდება წამების მსხვერპლთა რიცხვი”


გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი

გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი

გაეროს ეგიდით, საქართველოში წელს მეექვსედ აღნიშნეს „წამების მსხვერპლთა დახმარების დღე“. სახალხო დამცველის ოფისი და ცენტრი ”ემპათია” ამ დღეს ერთობლივი კონფერენციით გამოეხმაურნენ. სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, 2009-2010 წლებში აშკარად შეინიშნება წამების მსხვერპლთა რიცხვის მატება.

ამასვე ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე.

თუ ბოლო რამდენიმე წელია დაკავებულებსა და პატიმრებს ფრჩხილებს აღარ აძრობენ, ფეხისგულებში ე.წ. "დუბინკებს" აღარ ურტყამენ და ციხეებსა და პოლიციაში ადამიანების საწამებლად გამოგონებულ სხვადასხვა "პროცედურებს" აღარ მიმართავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში წამების მსხვერპლმა და წამების ფაქტებმა იკლო. ამის შესახებ საუბრობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის, "ემპათიის", ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი: "არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი ციხეებში ისევ მრავლადაა. არაჰუმანური მოპყრობა არის ცემა, დამცირება, ფსიქოლოგიური ძალადობა. ასეთი ფაქტი საქართველოს საპყრობილეებში დღესდღეობით კვლავაც ბევრია და ისევ დიდ პრობლემად რჩება", - ამბობს ჯიშკარიანი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც წამებად და ადამიანთა უფლების დარღვევად განიხილება, საპყრობილეებში არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების ფაქტებია: "როდესაც არ არის დიაგნოზი სწორად დასმული, არამართებულად მიმდინარეობს მკურნალობა, ეს ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ არაჰუმანური მოპყრობაა, არამედ ის წამებასაც უთანაბრდება. ამ მიმართულებით ძალიან სავალალო მდგომარეობაა საპყრობილეებში”, - აღნიშნავს ჯიშკარიანი.

კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით, მხოლოდ სიტუაციის შესწავლა და ანგარიშების წარმოდგენა არ იქნება შედეგის მომცემი და სწორედ ამიტომ ისინი ხელისუფლებას კონკრეტული დეკლარაციით მიმართავენ, სადაც ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საკანონმდებლო კუთხით მდგომარეობა, რათა საქართველოში წამების წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სტანდარტი იყოს დაცული.

ის, რომ ბოლო ხანებში რამდენიმე დაწესებულებიდან განსაკუთრებით გახშირდა პატიმართა საჩივრები იმის გამო, რომ დასჯის მიზნით მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და სცემენ, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საუბრობს. ის გამოყოფს ქსნის, გეგუთისა და გლდანის დაწესებულებებს.

"ახლახან დაფიქსირდა კიდევ ერთი ფაქტი", - ამბობს ომბუდსმენი. - "ქსნის დაწესებულებაში აღმოვაჩინეთ პატიმარი, რომელსაც საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს სხეულზე. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ეს ადამიანი მიუთითებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ის სასტიკად სცემეს."

გიორგი ტუღუში ყურადღებას ამახვილებს დასავლეთ საქართველოზეც, საიდანაც სახალხო დამცველის ოფისში, მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იგზავნება საჩივრები. მათი უმეტესი ნაწილი პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას შეეხება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აღნიშნავს სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშის ერთ განსაკუთრებულ მახასიათებელს: "პირველად სახალხო დამცველის არსებობის ისტორიაში, ანგარიშში საუბარია წამების საწინააღმდეგო ეროვნულ პრევენციაზე", - ამბობს ლორთქიფანიძე. - "პრევენციის მექანიზმის ფორმატში განხორციელდა მთელი რიგი შემოწმებებისა, რომელთა შედეგებიც ძალიან აღმაშფოთებელია, ვინაიდან საუბარია პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანდაცვამდე ხელმიუწვდომლობის ფაქტებზე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია პენიტენციალურ სისტემაში არსებული სავალალო მდგომარეობა. საბოლოო შედეგით ეს ყველაფერი გათანაბრებულია ადამიანის წამებასთან."

ლორთქიფანიძის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის გარდა, პარლამენტმა უნდა გამოკვეთოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, პარლამენტში წარმოდგენილ ანგარიშს შესაბამისი გაგრძელება უნდა მოჰყვეს, რაც, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საპარლამენტო პოლიტიკური კონტროლის ფუნქციაა. "რამდენადაც მე მაქვს კულუარული ინფორმაცია, უმრავლესობა ემზადება გარკვეული დადგენილების მისაღებად და სახალხო დამცველის მოხსენების შედეგები არ იქნება წინა მოხსენებების შედეგად მიღებული დადგენილებების მსგავსი", - ამბობს ლორთქიფანიძე.
XS
SM
MD
LG