Accessibility links

logo-print
უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, დელფინები, ინტელექტის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზე არიან ადამიანის შემდეგ. ნათელი გახდა, რამდენად ჰგავს დელფინების კომუნიკაცია ადამიანებისას. ამას მხარს უჭერს ასევე ანატომიური გამოკვლევები.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მორალურად დაუშვებელია ასეთი გონიერი ცხოველების დატყვევება და გასართობ ბიზნესში მათი გამოყენება. ასევე დაუშვებელია საკვებისთვის ან თევზაობისას შემთხვევით მათი მოკვლა. წელიწადში 300 ათასამდე ვეშაპი და დელფინი იკვლება.

როგორც ზოოლოგიის სპეციალისტი ატლანტის ემორის უნივერსიტეტში, ლორი მარინო ამბობს, ზოგიერთი დელფინის თავის ტვინი ზომით ადამიანისასაც კი აღემატება. თუმცა, სხეულის ზომასთან შეფარდებით ის მეორე ადგილზეა ადამიანის შემდეგ.

დელფინები დიდი ხანია, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე გონიერ არსებებად მიიჩნევიან. მაგრამ მეცნიერები მათზე წინ აყენებენ შიმპანზეებს, რომლებსაც, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ინტელექტით სამი წლის ასაკის ბავშვის დონეს შეუძლიათ მიაღწიონ.

მაგრამ უკანასკნელ ხანებში ჩატარებული ბიჰევიორისტული გამოკვლევები აჩვენებს, რომ დელფინი შიმპანზეზე უფრო გონიერი შეიძლება იყოს. ეს გამოკვლევები მოწმობს, რომ დელფინებს ახასიათებთ გამოკვეთილი პიროვნება, საკუთარი თავის ძლიერი აღქმა და მათ მომავლის შესახებ ფიქრი შეუძლიათ.

ამავე დროს დელფინი „კულტურული“ ცხოველია, ანუ ერთი დელფინი მეორისგან იოლად ითვისებს ქცევის ახალ ნიმუშებს.

ერთ-ერთი გამოკვლევის ავტორმა - ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა დაიანა რაისმა - აჩვენა, რომ ბოთლისცხვირა დელფინებს შეუძლიათ სარკეში საკუთარი თავის ამოცნობა და სხეულის სხვადასხვა ნაწილის დათვალიერება. მანამდე ითვლებოდა, რომ ეს თვისება მხოლოდ ადამიანებს და დიდ მაიმუნებს ახასიათებდათ.

როგორც რაისმა კიდევ ერთ გამოკვლევაში დაადგინა, დელფინებს ტყვეობაში შეუძლიათ რუდიმენტული სიმბოლური ენის შესწავლა.

ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დელფინებს რთული პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ. ველურ პირობებში მცხოვრები ცხოველების ერთმანეთთან თანამშრომლობა კომპლექსურ სოციალურ სტრუქტურას და რთულ ემოციურ დახვეწილობას გულისხმობს.

ახლახან ავსტრალიის ერთ-ერთ დელფინარიუმში დელფინს ასწავლეს კუდზე დგომა. მას მერე, რაც ის ზღვაში გაუშვეს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გაწვრთნილი დელფინისგან სხვებმაც ისწავლეს იმავეს კეთება.

მსგავსი დაკვირვებების და დელფინების თავის ტვინის შესწავლის საფუძველზე მეცნიერთა ნაწილი მიდის დასკვნამდე, რომ დელფინები იმდენად გონიერები არიან, რომ მათ უნდა მოვექცეთ, როგორც „არა-ადამიან პიროვნებებს“.

მარინო და რაისი თავიანთი მუშაობის შედეგებს მომავალ თვეში წარმოადგენენ კონფერენციაზე კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში. მეცნიერთა აზრით, ზნეობრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, დელფინებს უდიერად მოვექცეთ.
XS
SM
MD
LG