Accessibility links

logo-print
30 მაისი, კვირა
„პახმელიაზე“ ვარ! (სამწუხაროდ, ქართული „ნაბახუსევი“ თუ „ნამთვრალევი“ ვერ გამოხატავს იმ მდგომარეობას, რომელშიც პატიოსანი კაცი არის ხოლმე კაი ლხინის მეორე დღეს.)

ალბათ „პახმელიიდან“ გამოსვლის მიზნით დამატეხა განგებამ თავს მარინა ვაშაყმაძის ზარი - ხაშზე ფიქრს თავი დაანებე და დღიურის წერა დაიწყეო. იმდენი ვალი მაქვს გასასტუმრებელი, რომ ესღა მაკლდა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ უნდა გამოვტყდე, დიდად არ გავპრანჭულვარ. ალბათ გამახსენდა ჩემი დამოკიდებულება ამ მშვენიერი პროექტისადმი და, საერთოდ, ძველი თუ თანამედროვე წყაროების (რა ფორმისაც უნდა იყოს) მოძიება-შეგროვებისადმი და ერთ-ერთ მთავარ სათნოებას - მორჩილებას დავყევი.

თუმცა, ხაშის რიტუალს თავისი მსხვერპლშეწირვა მაინც სჭირდებოდა (მით უფრო, რომ ხვალ მარხვა იწყება) და მეც ჯერ უფლისწულს, შემდეგ კი ჩემს ბიჭს კახას გავუარე - აქ კაი აურააო და ხშირად რომ რჩება ხოლმე ბებია-ბაბუასთან. „უფლისწული“ ჩემი 27 წლის ბიძაშვილი გიგა ყატაშვილია, რომელიც, როგორც კი ყურადღება მოაკლდება, მაშინვე მირეკავს - უფლისწულს ქალაქგარეთ გასეირნება უნდა, შენ კი როგორ იქცევიო.

ქალაქგარეთის თავი არა მაქვს (ხაში და არჩევნები მაქვს მოსასტუმრებელი) და ჩვენც ჯერ პეტრე-პავლეს ეკლესიაში გავიარეთ, შემდეგ კი ვიტრაპეზეთ. ლევან თაქთაქიშვილმა გადაგვაგდო, თუმცა კალთები არ დამიხევია და ღირსეულადაც მივირთვით.

ასეთი ღვაწლის შემდეგ წესიერი კაცი 1-2 საათს წაუძინებს ხოლმე. დროზე, დროზე, არჩევნებიაო, შემომიძახეს ოჯახში. რა მეჩქარება-მეთქი და მეც, კარგად გამოძინებული, საღამოჟამს მივადექი საარჩევნო ყუთს (რატომღაც „ურნას“ რომ ეძახიან ხოლმე).

მოკეთებულმა და სამშობლოს წინაშე ვალმოხდილმა, გუშინდელი დღის გახსენებაც დავიწყე. კლასის შეკრება გვქონდა, პირველი კლასის. VIII-დან უკვე სხვა კლასში, „კომაროვში“, გადავედი და ამ პირველი კლასის მიმართ დღემდე მონატრება მომყვება. უკვე 21 წელი გასულა დამთავრებიდან. სასწაული გრძნობაა ბავშვობის მეგობრები, თან ასე, ბევრი ერთად! ბევრი რამ გავიხსენეთ, მათ შორის ისიც, ზაფხულში, კლასთან ერთად, შრომითი სემესტრით წასულ ჩემს შეყვარებულ კლასელს ვარდები რომ ჩავუტანე გორში. რა საყვარელი იყავი, გრძელი თმები გქონდაო, მოიგონა მანაც. ახლა მეუბნები-მეთქი? - ვიხალისეთ აქედან.

ბოლო პერიოდში აგერ უკვე მესამედ შევიკრიბეთ და ძალის-ძალად ვცდილობთ, ასეთი თავყრილობები ტრადიციად დავამკვიდროთ. ესენიც სულ თამადად მირჩევენ, ალბათ დიდი კაცი ვგონივართ. სვეტა მასიც გვესწრება, ჩვენი დამრიგებელი, და მეც დიდი სიყვარულით ვადღეგრძელებ საუკეთესო პედაგოგს ჩემს ცხოვრებაში.

მერე შუაღამემდე ვრჩებით და, როგორც იტყვიან, თავზე ვიმხობთ ყველაფერს, თუმცა ღირსების შენარჩუნების ფარგლებში.

ახლა ამას ვფიქრობ: ნეტავ აქამდე უფრო საინტერესო იყო ცხოვრება თუ აწი უფრო იქნება? აწიზე გამახსენდა, ენკიმ (ეკა მიმინოშვილი, ჩვენი პრესცენტრი) დამირეკა, საბოლოოდ გადაწყდა - შაბათს მიდიხართო. „იმედის“ „ჟურნალისტის დღიურთან“ ერთად ტაო-კლარჯეთში, ჩვენს მიერ ახლად გამოვლენილი ქაჯთა ქალაქის გადასაღებად მივეშურები. „მაწანწალა!“ - ბედს შეგუებული ჩემი ცოლის ჩვეული რეპლიკა.

ეგზიტპოლებმა - უგულავაო. ასეც ველოდი.

31 მაისი, ორშაბათი
მარხვა დაიწყო.

ლექცია მაქვს ადრე და მეც უთენია ავიზლაზნე ილუსტრაციების მოსამზადებლად. კარგა ხანია მხოლოდ „სლაიდშოუს“ თანხლებით ვატარებ ლექციებს. სხვაგვარად არც შემიძლია და არც ვთვლი საჭიროდ. მე ტაო-კლარჯეთში უნდა წავეთრიო, თქვენ კიდე ვაკეში უნდა დაბრძანდებოდეთ-მეთქი - დავემშვიდობე. ბოლო ლექციაა. კარგები არიან.

ხელნაწერებში გავქანდი. გრძელდება პარასკევს დაწყებული ჩვენი ტრადიციული კონფერენცია: „XIX-XX საუკუნეების საქართველო (წყაროები და კვლევები)“. ვუსმენ ტრადიციულადრეგლამენტგადაცილებულ მომხსენებლებს და პარასკევის სესია მახსენდება: ჩვენს ქუთაისელ მეგობარს მინდია ბერეკაშვილს გოჩა საითიძემ საათზე მიანიშნა. ამანაც ქუთეისურად - ნუ გეშინიათ, რეგლამენტი ჯერ არავის დაურღვევია და რაღა მე დამემართება ეგ ამბავიო.

პაატა ნაცვლიშვილთან ვსაუბრობ არგენტინულ პერსპექტივა-უპერსპექტივობაზე: ვერა და ვერ ვიშოვეთ ფული პაპავების არქივისა და ბიბლიოთეკის საქართველოში ჩამოსატანად. სამაგიეროდ, კარლო ინასარიძის არქივს ჩამოყოლილი რადიო „თავისუფლების“ აუდიოარქივის საკითხი კარგად მიდის - დათო კაკაბაძისა და მარინა ვაშაყმაძის დახმარებით ბაბინები დისკებზე გადაგვაქვს. ძალიან მაგარი წყაროა!

ჯობაძის არქივის ტრანსპორტირებაზე ცალკე ვმუშაობთ. თამუნა (ჩემი მოადგილე) და გვანცა (იურისტი) არკვევენ რაღაცებს.

ოთარ თაქთაქიშვილის ოჯახის წარმომადგენლებს შევხვდი. მე და ჩვენმა ახალმა თანამშრომელმა ირინა გოგონაიამ ჩვენი კოლექციები დავათვალიერებინეთ. დეტალურად ავუხსენი ყველაფერი. არქივის შემოწირვა უნდათ და ბევრი რამ აინტერესებთ. აღფრთოვანებულები გავუშვით.

ჩვენს ახალ, ფერეიდნელ მძღოლთან ერთად ვმოძრაობ და თან ვხალისობ მის დიალექტზე. მარჯვნივ-მარცხნივ ეშლება და სულ მეკითხება: ჩუუხუო თუ ოუხუო? „ჩუუხუო“ მარცხნივ შეხვევა ყოფილა, „ოუხუო“ კი - მარჯვნივ. ის კი აქეთ ხალისობს - რა უბედურებაა „ჩ-ა-უ-ხ-ვ-ი-ე“, მარტივად „ჩუუხუე“ არ ჯობიაო?

შეხვედრა თანამედროვე კალიგრაფებთან, სპეციალისტებთან და ჩვენს დეპარტამენტთან (განათლება-გამოფენა). კალიგრაფიის სკოლა-სახელოსნოს პროექტს ვამზადებთ და რაღაც-რაღაცებზე უნდა შევჯერებულიყავით.

ბიბლიის საქმეები მოვიკითხე. აკადემიურ გამოცემას ვამზადებთ და საქმე ვერ მიდის იმ ტემპით, ბარე რომ მინდა. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელნაწერებში ჩემი უმთავრესი მიზანი ამ საქმის ბოლომდე მიყვანაა.

ბევრს ვფიქრობ მოადგილეზე. ერთ-ერთი მოადგილის ნაცვლად ახალი მყავს შესარჩევი და დღეს დასრულდა კონკურსის ვადა. რაღაც დასკვნამდე მივდივარ და ინტუიცია ნელ-ნელა მიმყარებს აზრებს.

მამა შალვა მირეკავს - ხვალ პატრიარქთანო.

ოქროპირმა და სხვა სტუდენტებმა (თუ ნასტუდენტარებმა) გამოიარეს. დუშეთის რაიონის საკრებულოში გადეპუტატდა სოფელ ჭართლიდან და ხომ უნდა აღგვენიშნა? ასე ლაკონურად მაინც. იშვიათად კაი თაობაა!

ახალდაქორწინებულები - მაიკო და ზვიადი - პარიზში მიდიან და დასამშვიდობებლად მივედით მე და დედაჩემი. ასეა, ბატონო, ცხოვრება: მე საქორწინო „მოგზაურობით“ ლიკანში გახლდით და ბედნიერი ვიყავი, ჩემი და კი პარიზში, მამუკასთან მიემგზავრება და ეზარება, ბევრჯერ ვარ ნამყოფიო. სამაგიეროდ, ნინუცა და მარიამი (ჩვენი ძმისშვილები) გაიხარებენ.

გაზაფხულის ბოლო დღეა. ეს გაზაფხულიც, ტრადიციულად, მალე გაფრინდა.

1 ივნისი, სამშაბათი
ჩემს ნინოს ნინოობა მივულოცე.

დილიდან მაწუხებს ვახტანგ ჯობაძის არქივისა და ბიბლიოთეკის ამერიკიდან გამოგზავნის ამბავი. სერგი ნაკაიძე (ღმერთი გაახარებს!) ოთხშაბათს აგზავნის, არადა, დოკუმენტაცია თუ არ იქნა წესრიგში, ხათაბალა იქნება მერე საბაჟოდან მაგ ტვირთის გამოხსნა. ისიც ვიფიქრე, იქნებ გადავდოთ გამოგზავნის საქმე-მეთქი (ტვირთის გამოგზავნის შემდეგი შესაძლებლობა სერგის მხოლოდ ივლისში აქვს). მოვიცადოთ ივლისამდე და მანამდე დოკუმენტები მოვაწესრიგოთ? სერგის ვურეკავ, ავტომოპასუხე მხვდება. იქ უკვე ღამეა და, ალბათ, ძინავს. თამუნა მატყობინებს: ეთერ ჯობაძემ მომწერა, ნუ ავჩქარდებით, ივლისში გამოვუშვათო, მანამდე ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები გავმართოთო. ასე ჯობია.

წინასწარ ვცქმუტავ ჯობაძის მემკვიდრეობის მოლოდინში. ერთი ის მახარებს, რომ ბატონი ვახტანგის დიდი ხნის სურვილის აღსრულებაში ვიღებთ მონაწილეობას (თითქმის 20 წელია, ამაზე ფიქრობდა); მეორე, ძალიან მინდა, ოჯახის დიდი ნდობა გავამართლოთ; მესამე, ჩემი დაწესებულების „პატრიოტიზმიდან“ გამომდინარე, ის მახარებს, რომ ოჯახმა „კონკურენციის“ პირობებში არჩევანი სწორედ ჩვენზე შეარჩია; მეოთხე ის მახარებს, რომ ძალიან ძვირფასი მასალა შემოდის ჩვენს სამეცნიერო ბრუნვაში: ბიბლიოთეკა, რომელზეც ბატონი ვახტანგი განმარტავდა, ძალიანაც რომ მოინდომოთ, ასეთ წიგნებს ვეღარ შეაგროვებთო; ფოტომასალა, მაშინ და იქ რომ გადაუღია, სადაც და როცა ჩვენ ვერ მივდიოდით და ის აღუბეჭდავს, რაც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არსებობს ან ისე აღარ არსებობს (უნდა გამოვტყდეთ, რაც არსებობს, იმისთვისაც ხეირიანად ვერ ვიცლით, თან დღეს აღარავინ გვიშლის); ბატონი ვახტანგის არაჩვეულებრივი ეპისტოლარული მემკვიდრეობა, სამშობლოს მონატრებული კაცის ავტობიოგრაფიაც რომ არის და სამეცნიერო დისკუსიაც, ვრცელი მოხსენებებიცა და ანგარიშებიც, შეგონებანიცა და სურვილებიც...

მოკლედ, მიხარია.

დღეს ჩვენმა ახალმა „პიარმა“ ღონისძიება მოაწყო: ბავშვთა დღეა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოიყვანა ხელნაწერებში. ესენი პატარა პოეტები ყოფილან და საექსკურსიო ტურის შემდეგ ძველი მოღვაწეების (ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე) მემორიალურ კაბინეტებში უნდა დასხდნენ და აწ გარდაცვლილ მეცნიერებს წერილები უნდა მისწერონ. ჩემი ძველი ნაცნობიც - თამარ მახარაშვილიც - მოვიდა. არ ვიცოდი, ახლა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააგენტოს ხელმძღვანელი ყოფილა. რთული საქმეა. ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის გზებზეც. აწი ვეცდებით, უფრო მეტად ჩავრთოთ ეს ბავშვები ჩვენს საგანმანათლებლო, საგამოფენო და სხვა პროექტებში.

გავვარდი სიონში. მალე წირვა დამთავრდება. ჩვენი თანამშრომლები უკვე იქ არიან. პატრიარქისთვის მისი კუთვნილი ხელნაწერი მიგვაქვს, რესტავრირებული და ყდაში ჩასმული. ხელნაწერი წინა პატრიარქების ნაქონი კარაბადინი ყოფილა. პატრიარქმა მამა შალვას დაავალა, მიხედეო, მამა შალვამ ჩვენ მოგვმართა. როცა დავასრულეთ, დაგვპირდა, ვინც ამ ხელნაწერზე იშრომა, პატრიარქს შევახვედრებო.

წირვის ბოლოს მივუსწარი. როგორც ყოველთვის, მოკლედ იქადაგა პატრიარქმა. ბევრი იწერს, მაგრამ ნეტავ, ვინმე თუ აგროვებს და აარქივებს მისი გამოსვლების ჩანაწერებს? ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს. როცა მას ვუსმენ ან მასთან შეხვედრაზე ვარ, სულ მინდა, რომ ყოველი წამი აღვბეჭდო გონებაში, მერე ჩიპი გამოვიღო თავიდან და სადმე გადავწერო. ასე მგონია, ყოველი დეტალი ძვირფასია და თვალსა და ხელს შუა გვიქრება ეს ყოველივე. გვიქრება, რადგან გვგონია, ყველაფერი გვემახსოვრება. ასე იყო ყოველთვის და ახლა ისტორიკოსები წარსულის ნაგლეჯებს რომ ვიპოვით, გვიხარია.

„ზოგს იმხელა გული აქვს, შიგ მთელი სამყარო ეტევა, ზოგს კი ისეთი მცირე, რომ მასში ოჯახის წევრებიც კი ვერ ეტევიან“ - ეს სიტყვები დამამახსოვრდა განსაკუთრებულად.

სიონის ეზოში თანამშრომლებმა ერთმანეთი ვიპოვნეთ. მამა შალვა საპატრიარქოსკენ გაგვიძღვა. მეუფე პეტრეც იქ ყოფილა. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი. სხვაც ბევრი ელოდა პატრიარქს დიდ მისაღებ დარბაზში. ვატყობ, მე ვიგვიანებ საქმეზე, მაგრამ ფეხს როგორ მოვიცვლი აქედან?!

ცოტა ხანიც და დარბაზში თეთრ სამოსში გამოწყობილი მითიური ბერიკაცი შემოვიდა. ჩვენი თანამშრომლები დალოცა, სხვებსაც მიესიყვარულა. მამა შალვამ რესტავრირებული ხელნაწერი წარუდგინა. „ავე მარია“ მოვასმენინოთ სტუმრებსო. ცოტა ხანი გაესაუბრა სტუმართა ერთ ნაწილს, მერე კი, წამოდით, ჩაი დავლიოთო, მოგვმართა ყველას. როგორც წესი, ასეა, პატრიარქის „ჩაი“ სტუმართათვის გაწყობილი დიდებული ტრაპეზია.

ყოველი ასეთი დღის შემდეგ მინდა, სახლში მოსულმა ყველაფერი ფურცელზე გადავიტანო, მარა... ახლაც კი, დღიურის წერისასაც, ასე ვარ. დრო, ნებისყოფა და, ალბათ, ნიჭიც არ მყოფნის პატრიარქთან შეხვედრის ემოციები და მოგონებები ფურცელზე გადმოვიტანო. ვუყურებ მას და თითქოს ვხედავ ასტონიან ტვირთს, მხრებზე რომ აწევს, ზედ ტვირთზე ამძვრალ თუ ჩამოკონწიალებულ უამრავ ადამიანს, ის კი, თითქოს უსუსური, თითქოს დიდი ბავშვი, დაღლილი, მაგრამ დგას კლდესავით მყარად, დაფიქრებული, დაკვირვებული, დაბრძენებული... სულ მცირე უხარია და ასხივებს უზარმაზარ სიყვარულს.

რაღაცაზე წყევლა ახსენეს. წყევლა როგორ შეიძლება, სულ უნდა ვილოცებოდეთო. ბოლოს ბაღი დაგვათვალიერებინა. უკვე გამოსულს, მეუფე პეტრე მირეკავს, უწმინდესი გკითხულობსო. გამიკვირდა. ავირბინე უკან და სად გაიქეციო, გამიღიმა თეთრმა პატრიარქმა. საკუთარი ოთახიდან ჩვენი თანამშრომლებისთვის საჩუქრები გამოიტანა, გადმომცა და გულში ჩამიკრა. საჩუქრებში კონვერტიც იყო. აქ ფული დევსო, მითხრა. კარგად ვერ მივხვდი და ეს ინსტიტუტს თუ თანამშრომლებს-მეთქი, ვკითხე. ინსტიტუტს რად უნდაო, გაიღიმა, თანამშრომლებს დაურიგეო.

არაფერი ისე არ მეძვირფასება, როგორც პატრიარქის საჩუქარი. თან საჩუქრის ისეთი დიდი სითბოთი გადმოცემა შეუძლია, რომ თითქოს თვითონაც თან მოსდევსო. გახარებულმა მაშინვე დავურეკე ნოდარს (ჩვენი რესტავრაციის ხელმძღვანელს) და ვთხოვე, ხვალვე თანაბრად გაეყო თანხა მთელი ლაბორატორიისათვის.

ხელნაწერებში მობრუნებული, ქართველი ემიგრანტების შთამომავლებს - რუხაძეებს - შევხვდი, პაატა ნაცვლიშვილს ჰყავდა მოყვანილი ჩვენი კოლექციების დასათვალიერებლად.

შემდეგ XVIII საუკუნის ხელნაწერის მფლობელს შევხვდი. ვთხოვე, იქნებ შემოგვწიროთ-მეთქი. კარგი ახალგაზრდა იყო, შინ დავეკითხები, საგვარეულო რელიქვიააო.

2 ივნისი, ოთხშაბათი
დილას ფოსტა გავხსენი. ეს კიდევ ახალი ჩვევაა. ბავშვობაში გაზეთები იყო აქტუალური. მე და მამუკა დასწრებაზე ვიყავით, ვინ ამოიტანდა საფოსტო ყუთიდან გაზეთებს. ვინც პირველი დაითრევდა „ლელოსა“ და „სოვეტსკი სპორტს“, ის იყო გამარჯვებული. ახლა კი, საჩქაროა თუ არა, უნდა ეცე კომპიუტერს და ფოსტა შეამოწმო.

ეთერ ჯობაძეს დოკუმენტები გამოეგზავნა. ახლა ესენი სასწრაფოდ უნდა ვთარგმნოთ და დავამოწმებინოთ. მისხალ-მისხალ აქვს აღნუსხული არქივი და ბიბლიოთეკა (ეტყობა ქართველებთან მამამისის ურთიერთობის მწარე გამოცდილებაა!). ქართული გული და გერმანული სკრუპულოზურობა - მაგარი ქალია!

ბრუნო ბაუმგარტნერის დისერტაციის თარგმნის ამბებს ვარკვევ. ტაო-კლარჯეთზე შესანიშნავი, უზარმაზარი ნაშრომი აქვს გერმანულად. სომხებმა არ დააცვევინეს ავსტრიაში. ჩვენ კი დღემდე ვერ გამოვეცით. ღმერთმა გაახაროს ჩემი მეგობარი მიშა ბეჟანიშვილი - თარგმანს მე დავაფინანსებო. მთარგმნელები გავარკვიე და ვესაუბრე. იქით კვირაში, ნატაოკლარჟეთალზე, შევიკრიბებით.

მარიკა ლორთქიფანიძემ მაგარი ამბავი მახარა: ჩვენს პროექტს (კონფერენცია ტაო-კლარჯეთის შესახებ) რუსთაველის ფონდის საკონფერენციო გრანტებში გაუმარჯვია! ძალიან მაგარია, ბავშვივით გავიხარე და სასწრაფოდ ვახარე კოლეგა-მეგობრებს!..

3 ივნისი, ხუთშაბათი
კოლოქვიუმი უნივერსიტეტში. სტუდენტები. ნეტაი ამათ, მთავარი პრობლემა კოლოქვიუმები და გამოცდები რომ ჰგონიათ. ძალიან ბევრი რამაა დასახვეწი და მოსაგვარებელი სასწავლო პროგრამაში. ბევრი რამ ფორმალური გამოდის. ასეა ჩემი 15 ლექციაში ჩატეული „საქართველოს ისტორიაც“. რაღაცა ინიციატივებით გამოხვალ და... წამოვა ათასი სისულელე. ჰოდა, ვართ ჩვენც ასე, მივყვებით ცხოვრებას და იმ საქმეებს, სადაც მეტია შედეგი და ნაკლები - სისულელე.

ანიმ, ჩემმა თანაშემწემ, მახარა: ანამ (ახალმა „საზოგადოებასთან ურთიერთობამ“) 650 ლარი იშოვა ახალი ხელნაწერების შესაძენადო. ჯერ გურული რა არი, მერე გურული ქალი და მერე აქტიური გურული ქალი! ყოჩაღ, გამიხარდა! ბოლო პერიოდში ვხუმრობ, დირექტორად კი არა, მათხოვრად ვმუშაობ-მეთქი. აწი მარტო აღარ ვიქნები მათხოვრობაში.

თანამშრომელთა შეხვედრა. მომავალი საგამოფენო პროექტების ჩავლა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღის - 30 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვა. უკვე დავამკვიდრეთ 30 ივნისის აღნიშვნა ყოველწლიურად.

ჩემი პირველი თაობის სტუდენტი, ირაკლი გელაშვილი, მივიღე დღეს სამსახურში, ფონდის მცველად. კარგა ხანია, ფოტოფირებისა და მიკროფილმების საცავში კარგი კადრი გვჭირდება. კარგი, წესიერი ბიჭია.

ბიძაჩემის, თენგო ყატაშვილის ორმოცი. მუხათგვერდი. საბანკეტო დარბაზი. ჩემი სანათესაოს კახური ფრთა (გიგა შემისწორებდა: ქიზიყური!) - განსაკუთრებულად თბილი და მახლობელი.

რამდენიმეჭიქადალეული მივბრუნდი ხელნაწერებში. თემაზე საუბარი დოქტორანტ-მოადგილესთან - თამუნა გეგიასთან. პირველი კურსიდან ასეა - მიედება, მოედება, ეჭიდავება სხვადასხვა თემებს, მერე ნერვები ეშლება და მერე მე მიშლის ნერვებს. ახლა ხელნაწერ კულტურაზე აქვს სადოქტორო და დარეჯან თვალთვაძესთან ერთად ხელმძღვანელი ვარ. იმედია, ბოლო გაჩერებაა.

ხვალ 42-ე სკოლაში ლექცია მაქვს ხელნაწერებზე, ამიტომ ადრე ვწვები.

ამ დღიურებმა კი მომინელა! ქალბატონი მარინა კი არის ახლა არხეინად.

4 ივნისი, პარასკევი
ლექცია-საუბარი 42-ე სკოლაში.

შეხვედრა ალეკო გაბუნიასთან. „გავიარეთ“ (როგორც ახლაა მოდაში თქმა) ტელეექსპედიციის მარშრუტი.

5 ივნისი, შაბათი
წავედით ტაო-კლარჯეთში. ჰური, რომელ არს ქაჯთა ქალაქი! უძველესი და უმაგრესი ნაქალაქარი.

იმედია, ერთხელაც იქნება და დაჯდები და დაწერ ამ ძალზე საინტერესო ძეგლზე. დღიურები მოწმეა, რომ ხანდახან შეგძლებია დაჯდომა!

არაფერი ისე საამო არ არის, როგორც ვალის მოხდა სამშობლოსა და „თავისუფლების“ (რადიოს!) წინაშე!

საინტერესო კვირა გამოდგა, ვერაფერს იტყვი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG