Accessibility links

logo-print

უმაღლესი სასწავლებლები დღგ-სგან უწინდებურად თავისუფალი იქნება


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი

უმაღლესი სასწავლებლები დამატებული ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრებიანო, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. გადაწყვეტილება ამის შესახებ კახა ბაინდურაშვილმა განათლების მინისტრსა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შედეგად გამოაცხადა. რატომ გადაიფიქრა მთავრობამ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ამ ცვლილების შეტანა?

მთავრობა დღის წესრიგიდან ხსნის უმაღლესი სასწავლებლების დღგ-თი დაბეგვრის საკითხს ...
სანამ კახა ბაინდურაშვილი გადაწყვეტილებას გაახმაურებდა, სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მოთხოვნა იყო - არ დაუწესდეთ უმაღლეს სასწავლებლებს დამატებითი ღირებულების გადასახადი.

ამ სტუდენტებზე უფრო ადრე უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ დღგ-თი დაბეგვრა სწავლის საფასურს, სულ ცოტა, 10 პროცენტით მაინც გაზრდიდა.

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების აქტიურობამ შედეგი გამოიღო - ყოველ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვა გადაიფიქრა.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მთავრობამ იმის გამო შეცვალა, რომ განათლება პრიორიტეტულად მიაჩნია:

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი
”დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მთავრობა დღის წესრიგიდან ხსნის უმაღლესი სასწავლებლების დღგ-თი დაბეგვრის საკითხს, თუმცა, შევთანხმდით ასევე, რომ, აღნიშნული შეღავათის შედეგად, უმაღლესი სასწავლებლები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხელმისაწვდომობას. რადგან სახელმწიფო შეღავათიან პირობებს უყენებს უნივერსიტეტებს, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ განათლების მიმღებს შესთავაზონ უკეთესი განათლება და, რაც მთავარია, ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის ის საბოლოო და შეჯერებული პოზიცია, რაც გაგვაჩნია მთავრობაში.”

იმის გამო, რომ განათლების სფერო კვლავ პრიორიტეტულად რჩება და რადგან ის კლავ შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს, განათლების ხარისხი ქვეყანაში უნდა ამაღლდეს, ამ მიზნის მისაღწევად კი უნივერსიტეტებში ფულადი შემოწირულობების ფონდი, ე.წ ინდაუნმენტის ფონდი უნდა შეიქმნას, ფონდში შემოსული თანხა კი სტუდენტებისათვის უკეთესი განათლების მიღებას მოხმარდეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომლიც ფულადი შემოწირულობების ფონდის შესახებ სპეციალურ კანონპროექტს შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს.

დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
”შეიქმნება სამუშაო ჯგუფი განათლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც შეიმუშავებენ კონკრეტულად ინდაუნმენტის ფონდის შექმნის პროექტს. ეს ფონდი მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ ის ფული, რომელიც შემოდის უნივერსიტეტებში, შემოსავლის სახით იყოს გამოყენებული, მოხმარდეს იმას, რომ განათლება იყოს უფრო ხელმისაწვდომი და შეიქმნას მდგრადობის და სტაბილურობის შეგრძნება თვითონ უმაღლეს სასწავლებლებში”, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, ფონდში შემოსული თანხა ბანკში შეინახება, შემდგომში ამ თანხაზე დარიცხული პროცენტები კი სტუდენტთა განათლებას მოხმარდება.

”თავისუფალი უნივერსიტეტის” წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე ფონდის შექმნის იდეას, ერთი მხრივ, პოზიტიურს უწოდებს, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველოში ასეთ ფონდში სერიოზული თანხის შეგროვება გაჭირდება. აი, რას ამბობს კახა ბენდუქიძე ამ თემაზე:

”ეს კარგი იდეაა იმ თვალსაზრისით, რომ უნივერსიტეტებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა სახსრები მოიძიონ, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, რევოლუციას ვერ მოახდენს. ეს ფონდები ამერიკაშიც კი ათეული წლების განმავლობაში იქმნებოდა, ევროპაშიც კი უნივერსიტეტებს ძალიან პატარა ინდაუნმენტები აქვთ. ჰარვარდის უნივერსიტეტს აქვს 20 მილიარდი და ევროპულ უნივერსიტეტებს - 20 მილიონი. საქართველოში შეიძლება უნივერსიტეტს ჰქონდეს რამდენიმე მილიონი. ჩვენს უნივერსიტეტს ცოტა მეტი აქვს, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.”
XS
SM
MD
LG