Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბას ქიაროსთამის 70 წელი შეუსრულდა


აბას ქიაროსთამი
აბას ქიაროსთამი
22 ივნისს კინოს მოყვარულებმა დიდი კინოპოეტის იუბილე აღნიშნეს - ირანელ რეჟისორს, აბას ქიაროსთამის, 70 წელი შეუსრულდა. ”კინემატოგრაფისტი, რომელმაც ირანულ კინოს საზღვრები გაუხსნა” - ასე იხსენიებენ ქიაროსთამის ღვაწლს დასავლეთში. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს სამშობლოშიც, თუმცა აბას ქიაროსთამის ფილმების ჩვენება ირანში თითქმის ყოველთვის პრობლემა იყო.

1997 წლის კანის კინოფესტივალი სენსაციური შედეგით დასრულდა: ჟიურიმ ფესტივალის მთავარი პრიზით ირანული ფილმი აღნიშნა - აბას ქიაროსთამის ”ბლის გემო”, რომლითაც მსოფლიომ ირანული კინოს ”ახალი ტალღა” გაიცნო. დიახ, სწორედ მსოფლიომ გაიცნო: კანის ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ ირანული ფილმები სხვადასხვა ქვეყნის დიდ კინოდარბაზებში უჩვენეს. აქამდე ირანული კინოს ფენომენზე მხოლოდ სპეციალისტები მსჯელობდნენ - ქიაროსთამის გამარჯვების შემდეგ ”ირანული კინოიგავების” საიდუმლოს გამოცნობა ჩვეულებრივმა მაყურებელმა დაიწყო. ეს კინოიგავები იმხანად საქართველოში შემოვიდა და ქართველ მაყურებელს მაშინვე საბჭოთა ეპოქაში გადაღებული ჩვენი ფილმები გაახსენდა - ნართაულად ნაამბობი ისტორიები, მრავალმნიშვნელოვანი სახეები... მოკლედ რომ ვთქვათ, ”ეზოპეს ენა”, რომელიც ქართველ კინორეჟისორებს, ერთი მხრივ, ცენზურასთან საბრძოლველად გამოადგათ და, მეორე მხრივ, პოეტური სახეებით გასამდიდრებლად. აქაც, ირანშიც, ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა. ისლამური რევოლუციის შემდეგ კინოხელოვნება, ფაქტობრივად, აიკრძალა, კინოთეატრები დაიხურა. მოგვიანებით მაინც დაიწყეს ფილმების

გადაღება, ოღონდ ცენზურის მკაცრი კონტროლის ქვეშ. გარკვეული თვალსაზირისით, ეს კონტროლი, ასე ვთქვათ, ”მადლი” აღმოჩნდა ირანული კინოსთვის - მრავალმნიშვნელოვანი სახეები და იდუმალებით სავსე სამყარო ერთგვარი იმპულსი გახდა მაყურებლისთვის აქტიურად ჩართულიყო ფილმის სამყაროში. დაუმატეთ ამას სპარსული პოეზიის ტრადიციები, სპარსული მინიატურის ტრადიციები, რომელსაც ირანელმა რეჟისორებმა მიმართეს, და მიიღებთ განუმეორებელ კინოს - ირანულ ”ახალ ტალღას”.
აბას ქიაროსთამი ჯერ მხატვრობას და ფოტოგრაფიას სწავლობდა... ფოტოსურათების სერიას ქმნიდა ერთი და იმავე პეიზაჟით - შეუცვლელი რაკურსით და განათებით. ამტკიცებდა, ერთი და იმავე დეტალის ერთნაირად გადაღებაც კი ვერ შეუშლის ხელს მრავალფეროვნების განცდას, რადგან დეტალი, სახე განუწყვეტლივ იცვლება დროშიო. მერე კი, 90-იანი წლების დასაწყისიდან, კინოში მოვიდა - სპარსული პოეზიისა და სახვითი ხელოვნების ტრადიციებით შეიარაღებული.

პოეტი, მთარგმნელი, ირანისტი გიორგი ლობჟანიძე ირანელ პოეტს ფორუჰ ფაროხზადის იხსენებს ქიაროსთამის ფილმზე ”ქარი წაგვიღებს” საუბრისას. სწორედ

ფორუჰ ფაროხზადის ლექსია სათაურად გამოტანილი ამ ფილმში. თუმცა გიორგი ლობჟანიძე იმასაც ამბობს, რომ ეს სათაური მთლად ზუსტად ვერ ითარგმნა - საერთოდ, ირანული ფილმების სათაურების, დიალოგების თარგმნა საკმაოდ რთულია, რადგანაც, ფაქტობრივად, აქ სუფთა პოეზიასთან გვაქვს საქმეო, - ამბობს გიორგი.

”ქარი წაგვიღებს” 1999 წელს ფრანგული ფულითაა გადაღებული, ისევე როგორც ქიაროსთამის ფილმების უმრავლესობა. უფრო მეტიც, თავისი ბოლო სურათი, ”დამტკიცებული ასლები”, ქიაროსთამიმ იტალიაში გადაიღო, ჯულიეტ ბინოშით მთავარ როლში - ამ სურათში უკვე აღარ საუბრობენ სპარსულად და, საერთოდ, ირანი ნახსენებიც კი არ არის. ამ ფილმის პრემიერის შემდეგ ქიაროსთამი ანდრეი ტარკოვსკის შეადარეს - ფაქტობრივ ემიგრაციაშიაო, აღნიშნეს კანის ფესტივალზე. თუმცა თავად აბას ქიაროსთამი ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ მკვეთრ განცხადებებს კვლავაც არ აკეთებს. საერთოდ, თავის ფილმებშიც გაურბის პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს. ამის გამო ირანული კინოს ”ახალი ტალღის” ლიდერს სამშობლოში არაერთი ოპონენტი ჰყავს. დასავლეთშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, ქიაროსთამი ”საექსპორტო კინოს” აკეთებს და ამიტომაც არავინ კრძალავს მის ფილმებს ირანშიო. ლიტერატურათმცოდნე ნინო ფირცხალავა იხსენებს ფილმს ”ქარი წაგვიღებს” და ამბობს, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა ”დაკვეთამ” - ფრანგი პროდიუსერების დაკვეთამ - ქიაროსთამის საშუალება მისცა გადაეღო ”კოსმოპოლიტური ფილმი”, რომელშიც დასავლური და აღმოსავლური კულტურის სახეებს დაუკავშირებდა ერთმანეთს.

დღეს აბას ქიაროსთამი ირანული კინოს ყველაზე ტიტულოვან რეჟისორად ითვლება. კანის ფესტივალის ”ოქროს პალმის” გარდა, მან 4-ჯერ მოიპოვა ვენეციის კინოფესტივალის პრიზი და არაერთხელ გახდა ევროპის ქვეყნების კინოაკადემიების პრიზის ლაურეატი. ევროპაში ქიაროსთამი განსაკუთრებით უყვართ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი, სივრცისა და დროის ხედვა, ძალიან აღმოსავლურია - სპარსული მინიატურისა არ იყოს, ქიაროსთამისთვის არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი - პეიზაჟი თითქოს სიბრტყეშია გაშლილი, ქვევიდან ზევით მიემართება და აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კადრში ხვდება, ერთნაირი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი და ყველა თანასწორია. გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ ასეთივე ხასიათისაა ირანული პოეზიაც - მთლიანად აგებული შორი, საშუალო და ახლო პლანების მონაცვლეობაზე... პოეზია, რომელიც კინოს ჰგავს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG